ბათუმში მიმდინარე ოდესის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა არაერთი ცნობილი წიგნის, მათ შორის, “გულაგის“, „რკინის ფარდა. აღმოსავლეთ ევროპის განადგურება, 1944-1956 წლების“ ავტორის, პულიცემის პრემიის მფლობელი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის, ენ ეპლბაუმის მიმართვით და მასთან დისკუსიით. ფოკუსი უკრაინა და იქ მიმდინარე ომი იყო.
ენ ეპლბაუმმა საუბარი შორიდან, 1932-33 წლების შემზარავი ზამთრიდან დაიწყო, როცა მოსკოვიდან, კიევიდან, ხარკოვიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, კომუნისტური პარტიის აქტივისტთა ბრიგადები უკრაინის სოფლებში კარდაკარ დადიოდნენ და საჭმელს დაეძებდნენ. გადამალული ხორბლის ძებნაში ბრიგადები ბოსტნებს თხრიდნენ, კედლებს ანგრევდნენ, საკვამურ მილებს გრძელი ჯოხებით ჩხრეკდნენ, პირუტყვს მიერეკებოდნენ და პომიდვრის ნერგებიც კი მიჰქონდათ.
მათი რეიდების შემდეგ კი უკრაინელები ვირთხებით, ბაყაყებით, ბალახის სალაფავით იოკებდნენ შიმშილს, ხის ქერქსა და ტყავს ღრღნიდნენ. მაშინ, დაახლოებით, ოთხი მილიონი ადამიანი დაიხოცა შიმშილით და მიუხედავად ამისა, კომუნისტური პარტიის აქტივისტების უმრავლესობა თავს დამნაშავედ არ თვლიდა.
ისტორიკოსი შენიშნავს, საბჭოთა პროპაგანდა იმ აზრს ნერგავდა, რომ ის გლეხები, ვინც შეძლებულად მიაჩნდათ და ვისაც „კულაკებს“ უწოდებდნენ, მავნებლები, მტრები, საბოტაჟის მომწყობები იყვნენ, რომ ეს მდიდარი მიწათმფლობელები პროლეტარიატს იმ უტოპიური მიზნის მიღწევაში აფერხებდნენ, რასაც მათ ლიდერები დაჰპირდნენ.
ენ ეპლბაუმმა საბჭოთა კავშირიდან გაქცეული, ერთი ასეთი აქტივისტის, წარმოშობით უკრაინელი ვიქტორ კრავჩენკოს მონათხრობიც გაიხსენა, რომელიც მოგვიანებით, თურმე, ჰყვებოდა, როგორი განცდა იყო კომუნისტური ბრიგადების წევრობა:
„სულიერი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად გიწევდა, მოვლენებისთვის სანახევროდ თვალებმოხუჭულს გეცქირა. გონებასაც სანახევროდ ვიხშობდით. პანიკურად ვიმართლებდით თავს და მწარე ცოდნას ვისხლეტდით, როგორც „გაზვიადებასა“ და „ისტერიას“.
ამ ამბებიდან ოთხმოცდაათი წელი გავიდა.
პუტინის რუსეთში დაპატიმრებებს ისეთი მასშტაბური ხასიათი არ აქვს, როგორც სტალინის პერიოდში, - წერს ენ ეპლბაუმი, - მაგრამ ისინი, შესაძლოა, არცაა საჭირო, რადგან, ავტორის სიტყვებით, პროპაგანდის თანამედროვე საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია.
„თუ სტალინის საბჭოეთი, ისევე, როგორც, გარკვეულწილად, ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის საბჭოეთი, მოსახლეობას მომავლის ლამაზ, უტოპიურ სურათს უხატავდა და ადამიანებს სწამდათ, რომ იმაზე უკეთეს სამყაროს აშენებდნენ, ვიდრე ის იყო, რაშიც ცხოვრობდნენ, დღევანდელი რუსული პროპაგანდა ამგვარ აქტიურ, ფსევდოოპტიმისტურ თვალთმაქცობას აღარ მიმართავს. სახელმწიფოს აღარ სჭირდება აქტიური მოქალაქენი, მას აპათიური, ცინიკური, უგრძნობი ადამიანები სჭირდება. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ისე ცხოვრობდა და ისე ასრულებდა თავის მოვალეობებს, რეჟიმს ყურადღებას არ აქცევდა. იცოდნენ, რომ, თუკი პოლიტიკას არ შეეხებოდნენ და სოციალური ცხოვრებისაგან განზე გადგებოდნენ, მაშინ არ გაიზიარებდნენ ანა პოლიტკოვსკაიას ბედს, რომელიც საკუთარ სადარბაზოში მოკლეს“.
ეპლბაუმი წერს, რომ დღეს რუსეთში ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სხვა თამაშს თამაშობენ. ისინი გამუდმებით ტყუიან და ამის მაგალითად, ავტორს მოჰყავს 2017 წელს, უკრაინის თავზე მალაიზიური ავიალაინერის, MH17-ის აფეთქების ამბავი, როცა, მისი თქმით, რუსულმა მედიამ ამას დუმილით კი არ უპასუხა, არამედ რამდენიმე მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ვერსია გაახმოვანა და ყველა, დაწყებული უკრაინით და დამთავრებული ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო უწყებით, შეთქმულებაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა და რომლის მიზანიც, ვითომდა, რუსეთის დისკრედიტაცია და ცილისწამება იყო - ანუ, ისტორიკოსის აზრით, რუსეთი დღეს უტოპიას კი არ ქმნის, არამედ ყურადღებას მტრებზე ამახვილებს.
„ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მანქანა (დაწყებული რუხკოსტიუმიანი „აპარატჩიკებითა“ და ჯარის პოლკოვნიკებით და დამთავრებული მოხდენილად ჩაცმული და დავარცხნილი ტელეწამყვანი ქალებით) იდეალურად ასრულებს მასობრივი მკვლელობებისა და რუსი ხალხისაგან მათი დამალვის ამოცანას“.
ჟურნალისტისა და ისტორიკოსის აზრით, რუსეთის მოქალაქეები და რუსი სამხედროები ომს იმიტომ დაეთანხმნენ, რომ საკუთარი ისტორიის გაკვეთილებმა მათთვის უკვალოდ ჩაიარა, რადგან უკრაინის შიმშილის, გულაგისა და 1937-38 წლების ტერორის გააზრება და მონანიება არ მომხდარა. არ ყოფილა ისეთი წამი, რომ დამნაშავეებს სინანული გამოეთქვათ და, მისი აზრით, უკრაინაში გამართული ომიც სწორედ ამის შედეგია.
ენ ეპლბაუმთან შეხვედრის წამყვანმა, დიპლომატმა, მთარგმნელმა მაია ფანჯიკიძემ ისტორიკოსს, რომელიც ამერიკის გარდა, პოლონეთის მოქალაქეცაა და ნათქვამი აქვს, რომ ვითარებას უკრაინაში აკვირდება როგორც ამერიკელის, ისე ევროპელის პერსპექტივიდანაც, ჰკითხა, გარდა გეოგრაფიული სიახლოვისა, რა განსხვავებაა ამ ორ ხედვას შორის?
ენ ეპლბაუმმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა და შემდგომ დიალოგი ასე გაგრძელდა:
„ისტორიკოსები ამ ომს ერთნაირად უყურებენ, თუმცა პოლონეთში, შესაძლოა, ეს უფრო მძაფრად იგრძნობა. როცა აქ დაინახეს უკრაინის მინდვრებში მიმავალი რუსული ტანკები, მათაც მაშინვე გაახსენდათ საკუთარი ომი რუსეთთან და პირველივე წუთებიდან ამიტომაც გამოიჩინეს დახმარების ინიციატივა. ეს მათთვის ნაცნობი ისტორია იყო. ამერიკელებისთვის ეს ამბავი მაინც უფრო შორს ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, ვაშინგტონში ესმით საზღვრების მნიშვნელობაც და ევროპაში სტაბილურობის იდეის დაცვის მნიშვნელობაც. ისიც, თუ რატომ არის ეს საშინელი პრეცედენტი - შეიჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“.
- რატომ არ სჯეროდა დასავლეთს, განსაკუთრებით, ევროპელ ლიდერებს, რომ პუტინი უკრაინაში ომს დაიწყებდა? და აქვე გკითხავთ: დასავლეთს დიდხანს ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთი თანდათანობით გახდებოდა დასავლური ტიპის სახელმწიფო და მოხდებოდა მისი სრული ინტეგრირება საერთაშორისო თანამეგობრობაში. საბოლოოდ დაიმსხვრა ეს ილუზია?
- ხალხს მოსწონს სამყარო ისეთი, როგორიც ის არის და როცა რაღაც იცვლება, ამაზე აქვს რეაქცია. ის ურთიერთობა, რაც ჰქონდა ევროპას რუსეთთან, მათთვის კომფორტული იყო. და აქ არ იგულისხმება მხოლოდ მშვიდობა. აქ იგულისხმება სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. არავის ჰქონდა ამ ეკონომიკური ურთიერთობების დარღვევის სურვილი... ძალიან ხშირად დასავლეთი თავს იმართლებდა, რომ საქართველო ძალიან შორს იყო, ყირიმზე ამბობდნენ, რატომ იყო ის გამონაკლისი შემთხვევა და ა.შ. მაგრამ თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიცვალა აზრი გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბრიტანეთში. სხვა ქვეყნებშიც.
- ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვლენები უსწრაფესად ვითარდება. რუსეთმა დააკანონა უკრაინის ტერიტორიების ანექსია, რასაც, ცხადია, მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს, ამასობაში, ბრძოლა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად წარმატებით გრძელდება. უკრაინამ განაცხადი გააკეთა ნატოში გაწევრიანების შესახებ. პუტინმა გაიმეორა ბირთვული იარაღის მუქარა. გარდატეხის მოწმეები ვართ ამ დღეებში? ახალ ფაზაში შევიდა ომი?
- დიახ, მე ვფიქრობ, რომ ახლა ომი ახალ ფაზაშია, რაც გამოწვეულია რამდენიმე კვირის წინ უკრაინის წინსვლით და ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებით და ეს იყო მოსკოვისთვის დიდი შოკი. პუტინმა პირველად დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ომს აგებდა. ის მიხვდა, რომ უკრაინელები უკეთ არიან აღჭურვილები, მათ აქვთ მეტი მოტივაცია და ამან გამოიწვია მისი პანიკური რეაქცია - ჯერ მობილიზაციის გამოცხადება და შემდეგ ანექსიის დაკანონება. ყველამ დაინახა, როგორი ყალბი იყო ის შოუ, რუსებიც კი ხედავდნენ ამას. პუტინი ახლა ცდილობს, ასე შეაშინოს დასავლეთი, უკრაინა და წინ წაიწიოს, თუმცა ამ დრომდე წარუმატებლად. ახლა ომის დინამიკა ასეთია - უკრაინელები წინ მიიწევენ, ხოლო რუსები ცდილობენ ამის ახსნას და ამ პროცესში ძალიან ირევიან. ეს არის გარდამტეხი მომენტი ომისთვის.
- უკრაინელმა ხალხმა, მისმა ხელმძღვანელობამ მსოფლიოს დაანახვეს, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ღირებულებაა. მათ საპირისპირო მხარეს დგას რუსეთის დემორალიზებული ჯარი, რომელიც გარბის, მაგრამ სწორედ ამიტომ, როგორ ფიქრობთ, უფრო საშიში ხომ არ გახდა პუტინი და ხომ არ გაიზარდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე?
- პუტინი ამ ომს აგებს, თუმცა, არც ის მინდა წარმოვიდგინოთ, რომ ის საფრთხე, რაც მისგან მოდის, შემცირებულია. ამ ომის წაგებით, ის კარგავს ლეგიტიმურობას და ამიტომ ძალიან დიდ ფსონს დებს ამ ომზე. ამიტომაც ეშინია ბევრ ადამიანს, რომ ის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ან რაიმე სხვა ტიპის, საშიშ იარაღს. მე, ცხადია, ვერ წავიკითხავ მის აზრებს, თუმცა რა ხანია ის იმუქრება ამ იარაღის გამოყენებით და ცდიდა კიდეც მას, რომ ხალხი კიდევ უფრო დაეშინებინა, თუმცა, ხალხის დაშინება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ასეთი იარაღის გამოყენება. მაგრამ აქ საინტერესოა, რა იქნება ამ იარაღის გამოყენების ფასი? ცხადია, ნატოსგან ამას მყისიერი სამხედრო პასუხი მოჰყვება. რას მოიგებს ამით? მხოლოდ იმიტომ გამოიყენებს ამ იარაღს, რომ უკრაინაში ომი მოიგოს? არა მგონია. ამას დიდი ნგრევა მოჰყვება. ამიტომ მას ურჩევნია დაემუქროს ხალხს, ვიდრე გამოიყენოს ის.
- შესავალ სიტყვაში თქვენ აღწერეთ რუსეთის საზოგადოება და მას უემოციო, აპათიური, გულგრილი უწოდეთ. ისაუბრეთ პროპაგანდასა და მის გავლენაზე. ისტორიის არცოდნასა და არგაგებაზე. დასავლეთისგან ისევ მტრის ხატის შექმნაზე. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაზე რას იტყოდით? თქვენი აზრით, ნუთუ მართლა ვერავინ ბედავს რუსეთის მაღალ ეშელონებში საღი აზრის გამოთქმას?
- უფრო საინტერესოა პასუხი კითხვაზე, არის კი ვინმე პუტინის გარემოცვაში, ვისაც შეუძლია მისი გაჩერება? ვინმეს შეუძლია ჩამოაშოროს ის რუსეთის მართვას? ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორ შეიძლება ის ჩანაცვლდეს, რადგან იქ პოლიტიკა არ არსებობს. დღეს რუსეთში ყველა ინსტიტუტი განადგურებულია. თუმცა, შესაძლოა, ჩვენ გავხდეთ ძალიან სწრაფი ცვლილებიც მოწმეც.
- თქვენი აზრით, როდის დაამთავრებს პუტინი ამ ომს?
- ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი, ან ის, ვინც მას ჩაანაცვლებს, მიხვდება, რომ ეს ომი იყო შეცდომა. მშვიდობა დღეს უკრაინელებზე მეტად არავის სურს, მაგრამ ახლა მოლაპარაკებებისკენ მოწოდება შეცდომა იქნებოდა, რადგან ეს გაყინავს კონფლიქტს, რუსეთს კი ექნება დრო მოსამზადებლად შემდგომი დაპირისპირებისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები მისაღები, თუ უკრაინა გახდება ის ქვეყანა, სადაც ადამიანები მშვიდად იცხოვრებენ და ეს მოხდება მაშინ, როცა ყველა რუსული შენაერთი დატოვებს უკრაინას. ომი შეწყდება მაშინ, როცა რუსეთი (და პუტინი) გაიაზრებს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს და კიდევ მაშინ, როცა გაიაზრებს, რომ საბჭოთა კავშირის ხელახლა აგება, პირველ რიგში, რუსეთისათვის იქნება კატასტროფა.
ენ ეპლბაუმმა ასევე თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. უფრო ადრე - ნატოს წევრი და მეტიც, შესაძლოა, უკრაინული არმია გახდეს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია, რადგან, როგორც ისტორიკოსი შენიშნავს, ამ ომში ყველამ ნახა უკრაინული ჯარის ბრძოლა, სიმამაცე და გამძლეობა.
ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, სადაც ქართველ და უკრაინელ ავტორებთან ერთად ასევე მონაწილეობენ ავტორები პოლონეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და სამხრეთ აფრიკიდან, 8 ოქტომბერს დაიხურება.