Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოკუსი - უკრაინა: ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში ჩატარდება


ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს საქართველოში, ბათუმში ჩატარდება და 5-8 ოქტომბერს ათობით უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერალს უმასპინძლებს.

ფესტივალის ჩატარების ადგილად ბათუმი შემთხვევით არ შერჩეულა - ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ერთი ის, რომ ბათუმმა ომს გამოქცეული არაერთი უკრაინელი შეიფარა, რომელთანაც უკრაინას კავშირის შენარჩუნება სურს და მეორე, საქართველოსა და უკრაინას აწუხებთ და აერთიანებთ საერთო პრობლემა - რუსეთის აგრესია.

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის კოორდინატორი მაქსიმ მელნიკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსიც უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ფესტივალის წლევანდელი სლოგანია „ლიტერატურა აერთიანებს“.

ერთ-ერთი ღონისძიება ოდესის ლიტერატურული ფესტივალიდან
ერთ-ერთი ღონისძიება ოდესის ლიტერატურული ფესტივალიდან

„ვიფიქრეთ, რომ რადგან საქართველოში ამდენი იძულებით გადაადგილებული უკრაინელია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ გზითაც მათთან კავშირის შენარჩუნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი სწორედ ბათუმში, შავი ზღვის მეორე მხარეს ჩაგვეტარებინა. ეს ჩვენი პირველი მცდელობაა, ლიტერატურის გზითაც დავაკავშიროთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყანა“, - ამბობს მაქსიმ მელნიკი. მისი სიტყვებით, ფესტივალზე უკრაინაში მიმდინარე ომს არაერთი დისკუსია მიეძღვნება, რადგან „ლიტერატურა არ არსებობს პოლიტიკის კონტექსტის გარეშე და ვერ დისტანცირდება იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება“.

მაქსიმ მელნიკი
მაქსიმ მელნიკი

ოდესის ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა. ეს უკრაინაში რევოლუციის და „მაიდნის“ ცნობილი მოვლენების წელია. 2014 წლის ომიდან კი ერთი წელია გასული. მაშინ ფესტივალის დაარსების იდეა ისიც იყო, რომ ლიტერატურის გზით ოდესასა და შავი ზღვის სხვა და ასევე, ევროპის ქალაქებს შორის, ახალი კულტურული კავშირები გაჩენილიყო.

მაქსიმ მელნიკი იხსენებს, რომ განსაკუთრებით წარმატებული იყო 2019 წლის ფესტივალი. შემდეგ პანდემია დაიწყო და ფესტივალმაც ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

სწორედ იმ პერიოდში, პირველად, ოდესის ლიტერატული ფესტივალი ეცადა ერთგვარი ლიტერატურული ხიდის გადებას საქართველოსთანაც და, როგორც მაქსიმი მოგვითხრობს, პოეტ შოთა იათაშვილის დახმარებით, დისტანციურად ჩატარდა კიდეც პოეზიის საღამო, რომელმაც, მაქსიმის სიტყვებით, წარმატებით, ძალიან მხიარულადაც კი ჩაიარა.

თუმცა წელს, ომის გამო, უკრაინელებს არ ემხიარულებათ. პირიქით, ოდესის ლიტერატურული ფესტივალი იძულებული გახდა, რომ დროებით ადგილი შეეცვალა და ომის გამო სხვაგან ჩატარებულიყო. უსაფრთხოების გამო ოდესაში ავტორებს ვერ ჩაიყვანდნენ და დაიწყეს ფიქრი, სად შეიძლებოდა ფესტივალის ჩატარება. ასე შეირჩა ბათუმი.

საქართველოს მხრიდან ფესტივალის პარტნიორია ორგანიზაცია ქართული ლიტერატურული ინიციატივა, რომლის დამფუძნებელი დეა მეტრეველი გვეუბნება, რომ ოდესის ლიტერატურული ფესტივალის (რომელიც ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის შვილობილ ფესტივალადაც შეიძლება მივიჩნიოთ) ჩატარება საქართველოში, სოლიდარობის გამოხატვის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ბათუმი კი, დეას თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ერთგვარი სიმბოლოც კია.

დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

„ჩემი აზრით, ქართულმა ლიტერატურამ სოლიდარობის ძალიან დიდი ხიდი გადო. ხოლო ქართველმა მწერლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველო დგას უკრაინის, უკრაინელი ხალხის მხარეს, მათ გვერდით. ცხადია, ცალკე გაკეთებული, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ფესტივალის მასპინძლობა, ფოკუსით - უკრაინაზე, ეს სულ სხვა მასშტაბის მხარდაჭერაა“, - უთხრა დეა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მხრიდან ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორის, გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელმა მარი კორინთელმა კი გვითხრა, რომ ამ ფესტივალს ბათუმის კულტურული ცხოვრებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება. თუ აქამდე ოდესას და ბათუმს, როგორც დამეგობრებულ ქალაქებს, კავშირი ჰქონდათ კინო- თუ ფოტოფესტივალების გზით, ამ კავშირებს ახლა ლიტერატურაც გაამყარებს.

ფესტივალის პროგრამა და მონაწილეთა სია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებებს შორის იქნება ქართულ-უკრაინული პოეზიის კითხვის საღამო (უკრაინელები წაიკითხავენ ქართველ ავტორებს და პირიქით), ასევე ღონისძიება „ქალის ხმები ომის დროს“ - ქალი ავტორები წაიკითხავენ ომზე დაწერილ ლექსებს, მთარგმნელობითი სემინარები, დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, საბავშვო ლიტერატურული პროგრამა და ა.შ.

წინასწარი ინფორმაციით, ფესტივალში დაახლოებით 10-მდე ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. სულ კი ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ბათუმში დაახლოებით 25-მდე ავტორი ესტუმრება. ჯერჯერობით ფესტივალის სტუმრების სია საიდუმლოდ რჩება, თუმცა მათ შორის არაერთი ცნობილი მწერალი იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ფესტივალს მხარს უჭერენ კონრად ადენაუერის ფონდი, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი, აჭარის ადგილობრივი მთავრობა, ბათუმის უნივერსიტეტი და სხვა ორგანიზაციები.

ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ფესტივალის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზეც განთავსდება.

ფესტივალზე დასწრება უფასო იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG