რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის 4 რეგიონის მიღების ე.წ. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებას. ერთი დღით ადრე, 3 ოქტომბერს, იგივე გააკეთა რუსეთის დუმამ.
პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და ამ რეგიონების პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ხელი მოაწერა "შეთანხმებებს", რომელთა ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შედიან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა "ფარგლები განისაზღვრება მათი შექმნის და რუსეთის შემადგენლობაში მიღების დღეს არსებული საზღვრებით".
კრემლში ვერ აკონკრეტებენ, რომელ საზღვრებში მოხდა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირება. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გააგრძელებენ "რჩევების მიღებას" ოლქში მცხოვრები ადამიანებისგან. ჟურნალისტების შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ ამას, კრემლის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ამას ახლა ვერ იტყვის, თუმცა, „ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კონფიგურაცია დამოკიდებული იქნება მხოლოდ ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნებაზე“. რაც შეეხება დონეცკს და ლუგანსკს, პესკოვის პასუხის მიხედვით, უკრაინის ამ რეგიონების ანექსია მოხდა 2014 წლის საზღვრებში. კრემლის პრესმდივანმა არ უპასუხა შეკითხვას, ვის ეკუთვნის რუსეთის მიერ შეერთებული ოლქების ის ტერიტორიები, რომლებიც დღესაც უკრაინის არმიის კონტროლქვეშაა.
დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.
დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც.
რუსეთის მიერ უკრაინის 4 ოლქის ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძულიც.