სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება არ გაუმჯობესებულა და ის პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა.
საქართველოს პარლამენტის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნინო ლომჯარიამ 30 სექტემბერს, დეპუტატებს 2021 წლის ანგარიში გააცნო, მან საუბარი დაიწყო, გასულ წელს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ მიღებული „ნეგატიური გადაწყვეტილებებით“ და ახსენა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების საკითხი. მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 4 დღეში მიიღო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და თან ისე, რომ ამ პროცესში არც თავად ინსპექტორი ყოფილა ჩართული და არც საზოგადოება.
სახალხო დამცველი ასევე დაჩქარებულს უწოდებს ცვლილებას, რომლითაც, მისი განცხადებით, საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. „უკიდურესად გაიოლდა საქმის განხილვისგან მოსამართლეთა ჩამოცილება და გაჩნდა სივრცე მანიპულაციისათვის“, - აცხადებს ნინო ლომჯარია, რომლის შეფასებით, ხელისუფლებამ გასულ წელს უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე.
სახალხო დამცველისთვის ისევ პრობლემაა პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის ჩამოყალიბება და, მისი შეფასებით, ეს პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოჩნდა.
ნინო ლომჯარია ამის საილუსტრაციოდ ასახელებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, მათ შორის, ე.წ. კარტოგრაფების საქმეს, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების გამოძიებას, ნინოწმინდის პანსიონის საქმეს და ა.შ.
სახალხო დამცველის ამ ახალ ანგარიშშიც უცვლელად გადმოვა გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროების რეკომენდაცია.
„გაუარესდა“ - ასე აფასებს ნინო ლომჯარია ქვეყანაში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების მდგომარეობას და უფრო კონკრეტულად, გულისხმობს:
- გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვას;
- შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევებს.
შეკრების თავისუფლებაზე საუბრისას, ნინო ლომჯარიამ „გაცილებით ლმობიერი“ უწოდა სახელმწიფოს ქმედებებს და რეაგირებას ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფების შეკრებების დროს და ამის დასტურად მოიყვანა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, როდესაც, ომბუდსმენის შეფასებით, ხელისუფლებამ არათუ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტვისტების მიმართ ძალადობა, არამედ, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმა ეს პროცესი წაახალისა კიდეც.
ომბუდსმენი შემაშფოთებელს უწოდებს იმ საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოს, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა.
„გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“.
საგანგაშოა, ნინო ლომჯარიას შეფასებით, თვალთვალის და მიყურების ფაქტების არსებობაც და, მისი განცხადებით, შარშან, სავარაუდოდ, სუს-დან ინფორმაციის ყველაზე მასიური გაჟონვა, დიდი ალბათობით, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადამიანებს უკანონოდ უსმენენ.
„ეს კი ტოტალური კონტროლის საფრთხეს აჩენს“.
სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ოპოზიციის კანდიდატებზე პოლიტიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი. პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, კერძოდ, არაფორმალური მმართველობა ციხეებში, პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმების პრაქტიკა და შემცირებული საჩივრები, მოჩვენებითი წესრიგი.
სახალხოც დამცველი ცალკე შეეხო ფემიციდის გაზრდილ შემთხვევებს - მისი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში მოკლეს 22 ქალი და 31 ქალის მკვლელობა სცადეს.
ისევ მაღალია დასაქმების ადგილზე შრომითი პირობების დარღვევის გამო გარდაცვალების შემთხვევები - 2021 წელს, სამუშაო ადგილზე 34 ადამიანი დაიღუპა და 253 დაშავდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სახალხო დამცველს „უფრო მეტი ანალიზი“ და „მეტი კონკრეტიკა“ მოსთხოვეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა, მაგალითად, მას სთხოვა, წარმოედგინა პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებული დადასტურებული ფაქტები.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან კომენტარში კი ღუდუშაურმა სახალხო დამცველის ანგარიშს „ორღობის ჭორაობა“ უწოდა, ხოლო ნინო ლომჯარიას - „მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი“.
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილისთვის სახალხო დამცველის ანგარიში საკმარისად კონკრეტული იყო იმის დასანახად, თუ რატომ არის ქვეყანა დღეს იქ, სადაც არის, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი და რატომ „არ გველოდება არაფერი სასიკეთო“.
სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ე.წ. კრებსების გავრცელების შემდეგ, რამდენ ადამიანს მიენიჭა საქართველოში დაზარალებულის სტატუსი ამ მოსმენების გამო - ამის პასუხად ლომჯარიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით სახალხო დამცველს ეს ინფორმაცია არ გააჩნია.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი დაინტერესდა, სასამართლოს ნაწილში, ნინო ლომჯარიას აზრით, რომელი რეფორმა იყო გასატარებელი, მოითხოვა ციხეების გადატვირთულობის დინამიკა. დაინტერესდა, დადასტურდა თუ არა მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
სახალხო დამცველმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს მარტში გაუგზავნა, თუმცა ის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, როგორც ეს პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, არ განუხილავთ. მომდევნო კვირაში ნინო ლომჯარია თავისი ყოველწლიური მოხსენებით უკვე პლენარულ სხდომაზე წარდგება.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. პარლამენტმა კი ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.