Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის ქვეითად გადმოკვეთის ნებაც დართეს


 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი"
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი"

ჩრდილოოსური ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ გამშვებ პუნქტ "ზემო ლარზე" რუსეთმა ქვეითებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. ფეხით მოსიარულეებს საპასპორტო კონტროლის გავლის და რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ნება დართეს. აქამდე საზღვარზე გადმოსვლა მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი. ცნობა დაადასტურა ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის „ეფესბე-ს" სასაზღვრო კონტროლის პრესსამსახურმა. როგორც უწყებაში განმარტეს, ასეთი გადაწყვეტილება პროცესის დაჩქარებისთვის მიიღეს.

იმის შესახებ, რომ საზღვრის გადმოკვეთა ახლა ფეხით მოსიარულეებსაც შეუძლიათ, წერენ „ჩათ“ «Верхний Ларс»-ის მონაწილეები და „ტელეგრამ"-არხზე Tbilisi_life.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

მისი სიტყვებით, ეს 23.3%-ით მეტია წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით. ინფორმაცია კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ტასს-მა" გაავრცელა.

დღეს რუსეთის "ეფესბემ" განაცხადა, რომ ჯავშანტრანსპორტიორს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ რიგში მდგომები რუსეთის მხრიდან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გარღვევას შეეცდებიან.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მზარდი რაოდენობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი აზრით, საქართველოს საზღვრის კვეთის თვალსაზრისით, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის.

XS
SM
MD
LG