Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი: არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით


ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მზარდი რაოდენობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი აზრით, საქართველოს საზღვრის კვეთის თვალსაზრისით, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის.

მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.

„ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნაკადები, შემოსვლები, როგორც სატვირთო მიმართულება, ასევე, ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ მიმართულებით სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. გაზრდილია როგორც შემომსვლელების რაოდენობა, ქვეყანაში გაზრდილია, ასევე, გამსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, მკაცრად ხდება აღნიშნული საკითხების მონიტორინგი“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბუნებრივია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლდება დადგენილი წესების მიხედვით.

„რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართულებით. ამ მიმართულებით, თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მუშაობს ძალიან აქტიურად. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. როგორც აქამდე მოგახსენეთ, გაზრდილი არის არა მხოლოდ შემოსვლა ქვეყანაში, არამედ გასვლის მაჩვენებელიც. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ცვლილება არის ის, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელი არის უსაფრთხოებაზე, ფისკალურ წესრიგზე და ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, - თქვა მან.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგებია. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობები გაჩნდა ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG