შეიძლება დედა შვილს ვეღარ ეფერებოდეს? შეიძლება. ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა წლებია მუშაობს ყოფილ მძევლებთან.
“დაახლოებით 30%-ს უმწვავდება ან უჩნდება ფსიქიკური აშლილობები. ყველაზე ხშირად: მწვავე სტრესული მდგომარეობა, ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა”, - განმარტავს ფსიქოლოგი და ჩამოთვლის: ხშირად მათ აწუხებთ შიშები, დანაშაულის განცდა, კარგავენ ნდობას გარშემომყოფების მიმართ, კარგავენ ემოციების გამოხატვის უნარს.
ეს ყველაფერი მატრავმირებელი გამოცდილების შედეგია. ადამიანი დაუცველია, სიკვდილის ეშინია, გაქცევა უნდა და ვერ გარბის. სოფო ჰყვება, რომ მძევლობას ადამიანის ფსიქიკა ხშირად განრიდებით პასუხობს. “[მძევლებისთვის] ისეთი გაუსაძლისია, რაც გარშემო ხდება, რომ აუცილებელია განერიდო, ან გაშეშდე და ვეღარ იგრძნო, რაც ხდება”.
ამ დროს არც სიცილი, და არც სრული აპათია, ან გონების დაკარგვა ადამიანის არჩევანი არ არის. უკიდურეს სტრესზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ხშირად მძევლები გაუაზრებლად “გადარჩენის სტრატეგიებსაც” აყალიბენენ და ცდილობენ, თავი მოაწონონ აგრესორს.
ლოგიკა ასეთა: “შენთვის მე თუ საყვარელი ვარ, შენ არაფერს მიზამ, თუ მოგეწონები, არ დამიშავებ არაფერს”, - ამბობს სოფო.
ხანგრძლივი იზოლაციისას, თუ მოძალადეც ადამიანურობას იჩენს, მაგალითად, მძევალს წყალს აწვდის, ან უბრალოდ არ სცემს, მათ შორის ძლიერი ემოციური კავშირიც კი შეიძლება გაჩნდეს. ამას ფსიქოლოგები “სტოკჰოლმის სინდრომს” ეძახიან
“სტოკჰოლმის სინდრომი”
1973 წლის 23 აგვისტოს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, კრიმინალი ჟან-ერიკ ოლსონი ბანკში ავტომატით შევარდა და ოთხი მძევალი აიყვანა. მან მეგობრის ციხიდან გათავისუფლება, 3 მილიონი შვედური კრონი და ფორდ “მუსტანგი” მოითხოვა. მეგობარი მალევე მიუყვანეს, ფულსაც დაჰპირდნენ და “მუსტანგსაც”, მაგრამ ოლსონს მანქანით ერთ-ერთი მძევლის წაყვანაც სურდა, რაზეც უარი მიიღო.
ოთხმა მძევალმა ორ თავდამსხმელთან ერთად ბანკის შენობაში თითქმის 6 დღე გაატარა. მას შემდეგ, რაც კრიმინალები პოლიციას ჩაბარდნენ, გამომძიებლები გაოცდნენ: ყოფილმა მძევლებმა დამნაშავეები გაამართლეს და მათ დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყეს.
სოფო ტაბაღუა ამბობს, რომ სიმპათია მოძალადის მიმართ ასევე გადარჩენის გაუაზრებელი მცდელობაა. “სტოკოჰოლმის სინდრომი”, მიზიდულობა მოძალადის მიმართ უჩნდებათ ასევე სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლებს.
მსხვერპლებს, ხშირად, რჩებათ გამოუხატავი ბრაზი. “შეიძლება გაბრაზდე პოლიციაზე, იმის გამო, რომ არ გიცავს, ან გაბრაზდე ოჯახის წევრზე, იმის გამო, რომ ბანკში გაგიშვა”.
ემოციური ვენტილაცია
ბევრს არ ესმის, რის გადატანა მოუხდათ ყოფილ მძევლებს და ზოგი მხარდაჭერას საკუთარი ახლობლებისგანაც კი ვერ იღებს. არადა, ამ დროს აუცილებელია, ადამიანს მისცე სივრცე, რათა გააზიაროს როგორ გრძნობს თავს და გამოხატოს ემოციები, - განმარტავს ფსიქოლოგი.
“აუცილებლად უნდა შევიკავოთ თავი ჩვენივე ინტერპრეტაციებისგან… ჩვენივე შიშები და ფანტაზიები მომხდარზე თუ არმომხდარზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვუთხრათ”.
კიდევ რა არ უნდა ვუთხრათ? სიტყვები “დამშვიდდი” და “დაწყნარდი”. “ეს მოწოდებაა, რომელიც სადღეგრძელოსავითაა იმ წუთში”, - ამბობს სოფო ტაბაღუა.
იმავეს ამბობს ფსიქოლოგი თიკო ბანძალაძეც. იგი პოლიციის აკადემიის სტუდენტებს კრიზისულ ინტერვენციაში ატრენინგებდა. ანუ უხსნიდა, როგორ უნდა იმუშაონ მოქალაქეებთან, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს დიდი სტრესი. მაგალითად, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობა, ან სიკვდილის შიში.
თიკოს თქმით, ძალადობის მსხვერპლებს უნდა მიეცეთ “ემოციური ვენტილაციის” ანუ, ისევ და ისევ, საკუთარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა. მან ემპათია უნდა იგრძნოს. რომ უსმენთ და აღიქვამთ რას ამბობს, და არა თქვენს ჯერს ელოდებით კითხვის დასასმელად.
პირდაპირი რჩევები კი არ მუშაობს. “მით უმეტეს, ამგვარი ფორმით: დაშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება”, - განმარტავს ის.