მაღალი, სამხედრო ფორმიანი შეიარაღებული კაცი ქუთაისის „საქართველოს ბანკის" შენობაში 20 სექტემბრის დილას, დაახლოებით, 11:00 საათზე შევიდა. კარი მიიხურა, ჰაერში ერთხელ გაისროლა, კედელზე დეტონატორის მსგავსი კოლოფები დაამაგრა და ბანკში მყოფ კლიენტებსა და თანამშრომლებს, სულ 19 ადამიანს, უთხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ გაებედათ.
თავდამსხმელს სახესა და თავს შავი, თვალებზე ამოჭრილი ნიღაბი უფარავდა, ტანზე მავთულებით გადაბმული, სავარაუდოდ, 4 ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ჟილეტზე დამაგრებული გაურკვეველი საგანი დროდადრო წითლად და მწვანედ ანათებდა. მძევლები ხედავდნენ, რომ ბანკში შეჭრილს მარცხენა ხელში პულტი ეჭირა, რომელიც ასაფეთქებლებთან მავთულით იყო გადაბმული, მარჯვენაში - ხელყუმბარა, ასევე მარჯვნივ, შარვლის ჯიბეში ედო დიდი ზომის დანა.
თავდასხმაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბანკის ფილიალს შსს-ს სპეციალურმა დანაყოფმა ალყა შემოარტყა და პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა. ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, მათ შორის, მძევლების ახლობლები და ოჯახის წევრები.
პროკურატურის განცხადებით, 19 ადამიანი დაზარალებულად აღიარეს. მათ შორის არის ვანო ხეცურიანიც.
იგი, თითქმის 10 საათი აფეთქების შიშში, ბანკის შენობაში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდამსხმელი ულტიმატუმების წასაყენებლად მას, მის ტელეფონსა და სოციალურ ანგარიშს იყენებდა.
“დილით წავედი ბანკში, შევედი, რიგში ვიდექი და 3-4 წუთში, ჩემი ლოდინის პერიოდში შემომყვა. გარედან რაღაც ქურთუკი ეცვა, რომელიც შიგნიდან დამაგრებულ ეკიპირებას, იარაღებს და “ბომბებს” უფარავდა. გაიხადა ეს და იარაღით მანიპულირება დაიწყო, მოითხოვა ყველას ერთად მოგვეყარა თავი”, - ასე იხსენებს ის 20 სექტემბრის დილას.
ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, $2 მილიონსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებდა, რომ თავის სხეულზე და ოთახში დამაგრებულ “ბომბებს” ააფეთქებდა.
“ბევრს არაფერს ითხოვდა ჩვენგან, მხოლოდ გვეუბნებოდა, დასხედით და არ გაინძრეთო. შემდეგ მოითხოვა 2 მილიონი დოლარი… ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა, არ ვიცოდით, ამას რატომ აკეთებდა, არ ვიცოდით, რაში სჭირდებოდა ეს თანხა. არც მისი მიზანი და ვინაობა ვიცოდით”, - ჰყვება ის.
პროკურატურის ცნობით, თავდასხმიდან მალევე ბანკიდან რამდენიმე ადამიანი გამოიქცა. ოთახიდან, სადაც 13 მძევალი დარჩა, თავდამსხმელის მოთხოვნით, მძევლები პერიოდულად საკუთარი ფეისბუკგვერდებიდან პირდაპირ ეთერს რთავდნენ. მათივე ხმით ისმოდა შეიარაღებული კაცის მოთხოვნები. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს მოლაპარაკების პროცესი, სადაც მძევალი ელაპარაკება, სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომელს და სთხოვს, დააკმაყოფილონ თავდამსხმელის მოთხოვნები. იმავეს აკეთებდნენ სხვა მძევლებიც: “მიეცი ამ ადამიანს თავისი”, “მიეცი ამ ადამიანს თავისი”, - იმეორებს მძევალი ქალი ერთსა და იმავეს ავტომატურად.
“მოგვთხოვა, ჩართეთ აუცილებლად ლაივიო და ჩვენც ჩავრთეთ. არ შევეწინააღმდეგებოდი, რა თქმა უნდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვანო ხეცურინი. მისი პირველი ჩართვა 12:08 საათზე დაიწყო. კადრებში თავიდანვე ჩანს თავდამსხმელისა და ბანკის თანამშრომელი გოგოს დიალოგი. სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი მას სალაროს გაღებას სთხოვს, რაზეც მძევალი პასუხობს, რომ ის არ არის მოლარე ოპერატორი და ამას ვერ შეძლებს. შემდეგ თავდამსხმელი მიდის ვანო ხეცურიანთან და ეუბნება: “მოდი, ახლა სკამებს მოკიდეთ ხელი და ჩაემწკრივეთ ყველა”. ყველა მძევალი დაუყოვნებლივ საკუთარ სკამს კიდებს ხელს და კედლის გასწვრივ ჯდება.
“გვეუბნებოდა, ერთი თმის ღერიც არ ჩამოგივარდებათო, მაგრამ შიგადაშიგ, ამ მოქმედებას სჭირდებოდა, ცოტა აგრესიაც გამოემჟღავნებინა, ალბათ იმიტომ, რომ ფულის გადახდის ინტერესი ყოფილიყო. ისე, ყველაფრის საშუალებას გვაძლევდა გარეთ გასვლის გარდა”, - ამბობს ვანო ხეცურიანი.
ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც მან ფეისბუკზე გაავრცელა, თავდამსხმელის ყვირილით იწყება: “ბიჭო, გადით აქედან, თორემ ვისვრი, ყველას დავწყვიტავ”. კადრში ჩანს, რომ ხელებშეკრული მძევალი კაცი თავდამსხმელს შეპყრობილი ჰყავს, ერთ-ერთი მძევალი ქალი შეუძლოდაა, ისმის ტირილის ხმა, იატაკზე წყალია დაღვრილი.
ვანო ხეცურიანი გვეუბნება, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელი უკანა კარიდან შევიდა. მანამდე, სამართალდამცავები გისოსებიან ფანჯარასთან მიდიოდნენ და იქიდან ელაპარაკებოდნენ მძევლებს, იგებდნენ მათ მდგომარეობას და თავდამსხმელის მოთხოვნებს.
“ერთი შემოსვლა, შემოვიდა პოლიცია უკანა კარიდან შენობაში, იქედან, საიდანაც ბოლოსაც შემოვიდნენ. ამ დროს, [თავდამსხმელმა] აიყვანა ეს ადამიანი [მძევალი], გულთან აიფარა და აიძულა მათ უკან დახევა”.
ამავე ვიდეოში ვანო ხეცურიანი თავდამსხმელის მითითებით ფანჯარას აღებს და პოლიციელთან ლაპარაკს იწყებს. იქვე, ისმის მძევალი ქალის ხმა, რომელიც განერვიულებულია და პოლიციელს ეუბნება: “ბიჭებო, ნუ დაგვღუპავთ, წადით, გეხვეწებით, თქვენ რომ გხედავთ. ცუდად გვექცევა”.
პოლიციელი ვანო ხეცურიანს ელაპარაკება, ქალს კი ეუბნება: “თქვენ გაჩერდით, ქალბატონო, გაჩერდით, ძაან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი”. ვანო ხეცურიანი პოლიციელს სთხოვს, დააკმაყოფილონ მძარცველი და გაათავისუფლონ ისინი. რაზეც შსს-ს თანამშრომელი უპასუხებს: “ვაკმაყოფილებ”, ატირებულ ქალს კი ეუბნება: “დაწყნარდით და დამშვიდდით, ეს ქალბატონი გააჩერეთ”.
ვანო ხეცურიანის თქმით, პოლიციელები მათ დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა “გოგო ისტერიკაში ჩავარდა. ასეთ შეიარაღებულ ადამიანს რომ უყურებდა, ცუდად გახდა”.
სპეცოპერაციის დასრულებამდე გავრცელდა ცნობა, რომ თავდამსხმელმა ბანკიდან გაათავისუფლა რამდენიმე მძევალი. მოგვიანებით, პროკურატურამ დააზუსტა, რომ ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა.
20 სექტემბერს ვანო ხეცურიანი ბოლოს 17:12 წუთზე გავიდა ლაივში. დაახლოებით, 3 საათში პოლიციამ თავდამსხმელი აიყვანა. კადრებში ჩანდა, რომ ბანკის ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. ჟურნალისტებთან სასაუბროდ მისულმა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ თავდამსხმელმა დაკავებისას სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია. მან არ განმარტა ფანჯრის ჩამსხვრევის მიზეზი.
ვანო ხეცურიანი რადიო თავისუფლებასთან სპეცოპერაციის დასკვნით ეტაპს იხსენებს და თავისსავე ნანახზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყაჩაღი პოლიციას ჩაბარდა:
“ბოლოს პოლიცია რომ შემოვიდა, [თავდამსხმელმა] ხელი, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა, ზემოთ აწია და ჩაბარდა. რომ ნდომოდა, გადააგდებდა და თუ ნამდვილი იქნებოდა, აფეთქდებოდა. ლიმონკას ხელს არ უშვებდა. როგორც კი შემოვიდა პოლიცია, იმ წამსვე გარეთ გამოვედი, ერთი მოვიხედე უკან და [პოლიციელები] დაეტაკნენ მას. არავითარი ძალადობა არ ყოფილა, ჩვეულებრივ ჩაბარდა”.
ვინ აღმოჩნდა ბანკზე თავდამსხმელი?
კაცი, რომელსაც საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების, ტერორისტული აქტისა და ამავე მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით ედავებიან, 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა, იმერეთის სოფელ ბანოჯიდან.
მისი ადვოკატი, ციცი ბაბუნაშვილი ირწმუნება, რომ გრიგოლ ნარსიას სახეზე დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებები აქვს. ამასთან, ბრალდებულის თქმით, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ნარსიას კიდევ ერთმა ადვოკატმა დალი სულაქველიძემ განმარტა, რომ მისი კლიენტი დანაშაულის ჩადენის მოტივად შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ასახელებს და გამორიცხავს ვინმე თანამზრახველის არსებობას.
გრიგოლ ნარსიას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა, მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.