Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგება


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ორენბურგის გარნიზონში. 2022 წლის აგვისტო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ორენბურგის გარნიზონში. 2022 წლის აგვისტო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია „ედინაია როსია“-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დონბასსა და „სხვა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ აუცილებელია „რეფერენდუმების“ ჩატარება, რადგან კიევს და დასავლეთს ამის "ეშინიათ“.

მედვედევი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ „დონბასში რეფერენდუმებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებთა სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენადაც“.

მედვედევის თანახმად, „ეს მთლიანად შეცვლის რუსეთის განვითარების ვექტორს ათწლეულების განმავლობაში“ და არა მხოლოდ რუსეთისას, რადგან მის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ, „მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს“. როგორც მედვედევი წერს, „რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენა შესაძლებელს ხდის თავდაცვის ყველა ძალის გამოყენებას“ და ამასთან, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერცერთი მომავალი ხელმძღვანელი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილების უკან დაბრუნებას.

19 სექტემბერს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „საზოგადოებრივმა პალატებმა“ ამ „რესპუბლიკების მეთაურებს“, დენის პუშილინს და ლეონიდ პასეჩნიკს მიმართეს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ „რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად“. დღეს, 20 სექტემბერს, პუშილინმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" ჩატარებაზე მუშაობა დაიწყეს.

„რეფერენდუმებს“ რუსი პროპაგანდისტების საყვარელი პანაცეა უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. 19 სექტემბერს, პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათთვის ცუდი ამბავი აქვს, რადგან არსებობს გლობალური კონსენსუსი და საერთაშორისო სამართალი, რომლითაც ცალსახაა - დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი უკრაინაა. პოდოლიაკის თანახმად, დროშების გადაღებვის ნებისმიერი მცდელობა ფიქციაა, რომელიც უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის არაფერს შეცვლის.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა.

რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს სექტემბრისთვის გეგმავდნენ ხერსონის და ზაპოროჟიეს პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციები, თუმცა, ხარკოვზე უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ, გადადეს. ამჟამად უკრაინის არმია რუსი სამხედროების პოზიციებს უტევს როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG