უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, 2014 წლიდან რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა, დაიწყეს რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად "რეფერენდუმების" ჩატარებაზე მუშაობა. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „მეთაურმა“ დენის პუშილინმა. მან „რეფერენდუმებს“ უწოდა „გადამრჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, რომელიც „უსაფრთხოს გახდის სამოქალაქო პირების ცხოვრებას“.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის თანახმად, „რეფერენდუმების“ ჩატარების საკითხზე გუშინდელი დღიდან, 19 სექტემბრიდან, აქტიურად მუშაობენ „სახალხო რესპუბლიკების მეთაურების ადმინისტრაციების და პარლამენტების აპარატების სპეციალისტები“. 19 სექტემბერს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „საზოგადოებრივმა პალატებმა“ ამ „რესპუბლიკების მეთაურებს“, დენის პუშილინს და ლეონიდ პასეჩნიკს მიმართეს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ „რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად“.
„რეფერენდუმებს“ რუსი პროპაგანდისტების საყვარელი პანაცეა უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. 19 სექტემბერს, პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათთვის ცუდი ამბავი აქვს, რადგან არსებობს გლობალური კონსენსუსი და საერთაშორისო სამართალი, რომლითაც ცალსახაა - დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი უკრაინაა. პოდოლიაკის თანახმად, დროშების გადაღებვის ნებისმიერი მცდელობა ფიქციაა, რომელიც უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის არაფერს შეცვლის.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.
2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა.
რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს სექტემბრისთვის გეგმავდნენ ხერსონის და ზაპოროჟიეს პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციები, თუმცა, ხარკოვზე უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ, გადადეს. ამჟამად უკრაინის არმია რუსი სამხედროების პოზიციებს უტევს როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის მიმართულებებით.