Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი: ხერსონში გადაიდო რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანებაზე


უკრაინის სამხედროები უკრაინის დროშას აღმართავენ ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ სოფელ ვისოკოპილაში, 4 სექტემბერი, 2022
უკრაინის სამხედროები უკრაინის დროშას აღმართავენ ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ სოფელ ვისოკოპილაში, 4 სექტემბერი, 2022

უკრაინის ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ადგილებში მოსკოვის მიერ დანიშნული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ გადაიდო რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი - იმ ფონზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ბრძოლას არეალზე კონტროლის აღსადგენად.

"კენჭისყრისთვის მომზადებული ვართ და გვინდოდა რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩაგვეტარებინა, მაგრამ ამ მომენტში მიმდინარე მოვლენების გამო, ვფიქრობ, პაუზას ავიღებთ" - უთხრა ხერსონის გუბერნატორის რუსეთის მიერ დანიშნულმა მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა სააგენტო "ტასს" 5 სექტემბერს.

შავი ზღვის მნიშვნელოვან ქალაქს, ხერსონს, მარტის შემდეგ სრულად აკონტროლებენ რუსეთის ძალები. აგვისტოს ბოლოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო სამხრეთში და განსაკუთრებით ხერსონის რეგიონში. კიევი აცხადებს, რომ გარკვეული ტერიტორია დაიბრუნა, მძიმე შეტაკებები გრძელდება.

სტრემუსოვი, რომელიც ივნისში ამბობდა, რომ ხერსონი უკვე რუსეთის "სრულფასოვანი" ნაწილია და რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი რეგიონში სექტემბრის დასაწყისში გაიმართებოდა, აცხადებს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები რეფერენდუმს ხელს ვერ შეუშლის. ვერეშჩუკმა ახლახან თქვა, რომ ხერსონის მცხოვრებთ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის უკანონო რეფერენდუმებში, შესაძლოა 12 წლამდე პატიმრობა და მთელი ქონების კონფისკაცია შეეხოს.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ არეალებში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმებს ჩაატარებს, ვერ გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან ან საერთაშორისო მოკავშირეებთან.

XS
SM
MD
LG