Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით გადადო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება


საარჩევნო უბანი რუსეთის მიერ ოკუპირეულ სევასტოპოლში. 1 ივლისი 2020 წლი
საარჩევნო უბანი რუსეთის მიერ ოკუპირეულ სევასტოპოლში. 1 ივლისი 2020 წლი

რუსეთის ხელისუფლებამ გადადო განუსაზღვრელი ვადით ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება უკრაინაში, რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიების რუსეთისთვის შეერთების შესახებ.

ამის შესახებ იტყობინება „მედუზა“ კრემლთან ახლოს მყოფ წყაროზე დაყრდნობით. „რეფერენდუმების“ ოფიციალური თარიღები არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მათთვის მზადება მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ პარტია „ედინაია როსიას“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი ტურჩაკმა წამოაყენა წინადადება, კენჭისყრა 4 ნოემბერს, რუსეთში „სახალხო ერთიანობის დღეს“ ჩაატარონ.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ჯარმა დაიწყო ხარკოვის ოლქში წარმატებული იერიში. სწორედ ეს იერიში გახდა „მედუზის“ წყაროს თანახმად, რეფერენდუმზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი.

კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში (რუსეთი ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის) ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქებში. მხოლოდ ლუგანსკის ოლქის ტერიტორია, ახლა რჩება მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ, სხვა რაიონებში საუბარია ტერიტორიის ნაწილზე (რუსეთმა ჯარები თითქმის მთლიანად გაიყვანა ხარკოვის რეგიონიდან უკრაინის ძალების იერიშის შედეგად).

„მედუზის“ წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგები, რომლებიც მუშაობდნენ ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, სასწრაფოდ გაიწვიეს რუსეთში: "მიიღეს ბრძანება, წასულიყვნენ შინ". რუსი პოლიტიკური სტრატეგები ხერსონის რეგიონში კვლავ რჩებიან. ადგილობრივი საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემუსოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევის გამო „რეფერენდუმი“ დაგეგმილზე გვიან ჩატარდება. იერიში მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზეც, თუმცა ამ დროისთვის არ არის ისეთი წარმატებული, როგორც ხარკოვში.

"მედუზის" ცნობით, კრემლი ომის დასაწყისში დარწმუნებული იყო, რომ აპრილში შეძლებდა ახალი ტერიტორიების ანექსიას, მაგრამ საომარი მოქმედებების მიმდინარეობამ აიძულა შემოთავაზებული კენჭისყრა გადაედო ჯერ სექტემბრისთვის, შემდეგ კი ნოემბრისთვის.

ვარაუდობენ, რომ 4 ნოემბრის ოფიციალური თარიღი მომავალ კვირას უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ახლა „ეს გეგმები შეჩერებულია“. კრემლში „რეფერენდუმის“ თემაზე და მის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ადრეც აცხადებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ „რეფერენდუმის“ შედეგებს და ტერიტორიების შესაძლო ანექსიას. უკრაინისგან ტერიტორიების გამოყოფა ასევე არ იყო ნახსენები ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის მიზნებში, თუმცა კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ბედი „მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს“.

XS
SM
MD
LG