Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოუვათ რამე? - პუტინის გადადგომას სულ უფრო მეტი რუსი მუნიციპალური დეპუტატი ითხოვს


ვლადიმირ პუტინი კამჩატკის რეგიონში, ახალგაზრდულ ეკოფორუმზე. 2022 წლის 5 სექტემბერი.
ვლადიმირ პუტინი კამჩატკის რეგიონში, ახალგაზრდულ ეკოფორუმზე. 2022 წლის 5 სექტემბერი.

რუსეთში ვლადიმირ პუტინის გადადგომა უკვე 70-მა მუნიციპალურმა დეპუტატმა მოითხოვა. კრემლი მათ ჯარიმებითა და გადაყენების მუქარით პასუხობს.

“ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთის მომავალსა და მის მოქალაქეებს. ვითხოვთ, ვლადიმირ პუტინი გადადგეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან!” - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები რუსეთის თითქმის 10 ქალაქიდან. მათი უმრავლესობა მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდანაა.

"ქარის წისქვილთან ბრძოლა"

ყველაფერი სწორედ სანქტ-პეტერბურგში, 7 სექტემბერს დაიწყო. ქალაქის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შვიდმა დეპუტატმა რუსეთის პარლამენტს, სახელმწიფო სათათბიროს მიმართა. მათ დაგმეს უკრაინაში შეჭრა, ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და პარლამენტს მოსთხოვეს, იმსჯელოს მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე.

დეპუტატები წერდნენ, რომ უკრაინაში ახალგაზრდები იხოცებიან და ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა და რომ რუსეთის აგრესიამ უბიძგა ნატოს გაფართოებისკენ.

რამდენიმე დღეში სასამართლომ მუნიციპალიტეტის საბჭოს დაშლა მოითხოვა, სხდომის მომწვევები კი 50 ათასი რუბლით (დაახლოებით 2500 ლარით) დააჯარიმა “რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის”.

ერთ-ერთი დაჯარიმებული, დმიტრი ბალტრუკოვი ამბობს, რომ სანქციებმა მისი კოლეგები არ შეაშინა და ინიციატივა მალევე აიტაცეს სხვა ქალაქებში. თუმცა რუსეთში აკრძალულია პუტინის “სპეცოპერაციის” ომად მოხსენიება, და ამიტომ, მათ მოუხდათ, გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ.

“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პეტიციაში არ არის ნახსენები ომი, მხოლოდ პუტინის გადადგომა… ჩვენი კოლეგა-დეპუტატები პეტიციის ხელმოწერით, აჩვენებენ მასობრიობას, იმას, რომ შექმნილი ვითარებით ბევრია უკმაყოფილო”, - უთხრა ბალტრუკოვმა “ამერიკის ხმის” რუსულ სამსახურს.

ნიკიტა იუფერევი
ნიკიტა იუფერევი

19 სექტემბრისთვის, პეტიციას ხელი მოაწერა ზუსტად 70-მა დეპუტატმა (ცნობისთვის, სულ რუსეთში 4 ათასზე მეტი მუნიციპალური დეპუტატია). სჯერათ, რომ რამე გამოუვათ? პუტინის გადაყენების კიდევ ერთი ინიციატორის, სანქტ-პეტერბურგელი მუნიციპალური დეპუტატის, ნიკიტა იუფერევის თქმით, “მთავარია, ომის მოწინააღმდეგეებმა იგრძნონ, რომ მარტოები არ არიან”.

“გასაგებია, რომ ეს ყველაფერი - ქარის წისქვილთან ბრძოლაა, მაგრამ დეპუტატების განწყობა მტკიცეა. რუსეთში ყველაფერს ვერ შევცვლით, მაგრამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია”, - უთხრა მან გამოცემა მედუზას.

პუტინის გადაყენება შესაძლებელია?

თეორიულად, კი. კანონის თანახმად, რუსეთის პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატებს 30 დღის მანძილზე უპასუხოს. თუ დეპუტატების მესამედი გადაწყვეტს, პუტინი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულოს და ორი მესამედი ამას მხარს დაუჭერს, ჯერი უზენაეს სასამართლოზე იქნება. თუ უზენაესი სასამართლოც დაადასტურებს პრეზიდენტის ღალატს, მისი განჩინება, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატას, ფედერაციის საბჭოს გადაეგზავნება.

ანასტასია ბურაკოვა
ანასტასია ბურაკოვა

იურისტი და უფლებადამცველი ანასტასია ბურაკოვა დარწმუნებულია, რომ აქამდე საქმე არ მივა, რადგან პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა “ხმას მისცემს ისე, როგორც ამას მმართველი პარტია უბრძანებს”.

“პარლამენტზე ასეთი კონტროლი ათწლეულების მანძილზე მყარდებოდა. ახლა მან ისეთ აპოთეოზს და საშინელ ერთობას მიაღწია, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად აღარ დარჩა დამოუკიდებელი ხმები”, - თქვა მან.

რუსეთის ისტორიაში პრეზიდენტის გადაყენება პარლამენტმა სულ სამჯერ სცადა. სამივეჯერ - ქვეყნის პირველი მმართველის, ბორის ელცინის. ბოლოს ეს 1999 წელს მოხდა. სხვა პრეტენზიებთან ერთად, მას ედავებოდნენ “სსრკ-ს დაშლას, ჩეჩნეთში ომის დაწყებას და რუსი ხალხის გენოციდს”. იმისდა მიუხედავად, რომ იმპიჩმენტის პროცედურა მაშინ უფრო მარტივი იყო, პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნამ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

წარუმატებელი პეტიციები

რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, მის გადაყენებას პირველად არ ცდილობენ. 12 ივნისს უფლებადამცველმა ორგანიზაცია “ვესნამ” გაუშვა სპეციალური საიტი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ, საკუთარი დეპუტატებისთვის მიეწერათ და პუტინის იმპიჩმენტი მოეთხოვათ. რუსეთის ინტერნეტმარეგულირებელმა, “როსკომნადზორმა” საიტი ხუთ დღეში დაბლოკა. უფლებადამცველების მტკიცებით, ამ ხნის განმავლობაში წერილი თითქმის 19 ათასმა ადამიანმა გააგზავნა.

იყო კიდევ ერთი პეტიციაც, რომელიც ომის პირველ დღეებში, 27 თებერვალს ვებგვერდ change.org-ზე გაჩნდა. რამდენიმე საათში მას 50 ათასამდე ხელმომწერი ჰყავდა. 19 სექტემბერს მათი რიცხვი 282 ათასამდეა გაზრდილი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG