Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ორი იმდენი, რამდენიც ბუჩაში” - გათავისუფლებულ იზიუმში საფლავებს ითვლიან


უკრაინა. გათავისუფლებული იზიუმის სიახლოვეს აღმოჩენილი საფლავები, 2022 წლის 16 სექტემბერი.
უკრაინა. გათავისუფლებული იზიუმის სიახლოვეს აღმოჩენილი საფლავები, 2022 წლის 16 სექტემბერი.

უკრაინელ ჯარისკაცებს ხარკოვის ოლქში, გათავისუფლებულ იზიუმში ასეულობით საფლავი დახვდათ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა ხდებოდა ქალაქში 6-თვიანი ოკუპაციის დროს.

15 სექტემბერს, გამოცემა “Current time”-ს ხელში ჩაუვარდა ფოტოები, სადაც იზიუმის სიახლოვეს, ტყეში მოწყობილი საფლავებია აღბეჭდილი.

ზოგიერთ საფლავზე გვირგვინები ჩანს. ჯვრებზე კი წარწერებია. მაგალითად: “ВСУ (უკრაინის შეიარაღებული ძალები) 17 კაცი, მორგიდან”, “345”, “412”. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეებზე უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა, ოლეგ კოტენკომ, “Current time“-ს ფოტოების ნამდვილობა დაუდასტურა.

ხარკოვის საგამოძიებო პოლიციის ინფორმაციით, სულ აღმოჩენილია 440-ზე მეტი საფლავი.

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი იჰორ კლიმენკო ამბობს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. “გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ სამხედროებიც არიან, მაგრამ ჯერ არცერთი მათგანი არ გვიპოვია“, - თქვა მან.

ვინ როგორ დაიღუპა, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინელები ვარაუდობენ, რომ ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი დაბომბვას ემსხვერპლა, ნაწილს კი უბრალოდ წვდომა არ ჰქონდა ჯანდაცვაზე.

კლიმენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხარკოვის ოლქში აღმოჩენილია სამხედრო დანაშაულების სხვა მტკიცებულებებიც.

“შემიძლია გითხრათ დასახლებებში წამების სულ მცირე ათი ცენტრის შესახებ“, - თქვა მან და განმარტა, რომ ორი ასეთი ცენტრი ნაპოვნია რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეაში.

6-თვიანი ოკუპაცია

ბრძოლებმა თებერვალ-მარტში იზიუმი თითქმის გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი. რუსეთს არასდროს უღიარებია საცხოვრებელი სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება.

ომის დაწყებამდე იზიუმში 46 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ალექსეი კოპიტკოს ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 1000 დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სახლებში დარჩა 10 ათასამდე ადამიანი. დანარჩენი ლტოლვილია. მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ქალაქში დარჩენილები იყვნენ გაზის, დენისა და მობილური კავშირის გარეშე. რუსულმა ჯარმა იზიუმი პირველ აპრილს დაიკავა.

ახლა უკრაინამ და გაეროს დამოუკიდებელმა საგამოძიებო მისიამ უნდა აღადგინონ სურათი, თუ რა ხდებოდა ქალაქში 6-თვიანი ოკუპაციის დროს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის ალექსეი კოპიტკოს შეფასებით, რუს ჯარისკაცებს იზიუმში ემსხვეპლა მინიმუმ “ორი იმდენი, რამდენიც ბუჩაში”.

1 აპრილს, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა კიევის გარეუბანი, ბუჩა დატოვეს, ქალაქის მერმა თქვა, რომ 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ბუჩაში რუსი სამხედროები სისტემურად ძალადობდნენ, ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

21 ათასი სამხედრო დანაშაული

15 სექტემბერსვე იზიუმში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან თქვა, რომ “რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და უნდა აგოს ამისთვის პასუხი” და დაამატა: “სამყარომ რუსეთს ამ ომისთვის რეალური პასუხი უნდა მოსთხოვოს”.

კრემლს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, იზიუმში ნაპოვნ სამარხებს “მორიგი იაფფასიანი პროვოკაცია და ტყუილი” უწოდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა, ლეონიდ სლუცკიმ.

“მტკიცებულებები არ იქნება. შემდეგ, უკვე არაერთხელ შემუშავებული სქემით დაადანაშაულებენ რუსეთს, მოითხოვენ ახალ სანქციებს და შეიარაღებას”, - თქვა სლუცკიმ.

იზიუმის და ბუჩის გარდა, მაისის შუა რიცხვებში, მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს დონეცკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაბომბვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსების შტურმს 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, განადგურდა ან დაზიანდა შენობების 95%.

ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა იძიებს რუსი ჯარისკაცების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ 21 ათასზე მეტ სამხედრო დანაშაულს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG