Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსებს გაუკვირდათ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედრო ხარკოვის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედრო ხარკოვის ოლქში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა მის მოკავშირეებს და პარტნიორებს არ გაჰკვირვებიათ.

„ვფიქრობ, თუ ვინმეს გაუკვირდა, ალბათ, რუსები არიან“, - თქვა 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა. ამერიკელი გენერლის შეფასებით, უკრაინელებმა თავიდანვე აჩვენეს შესანიშნავი ადაპტირება და საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების უნარი, ამიტომ, მათი სწრაფი წინსვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

პეტ რაიდერის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ისარგებლეს ბრძოლის ველზე მიცემული შესაძლებლობებით და ხარკოვის კონტრშეტევა ამის დასტურია. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, კონტრშეტევის წარმატებაში თავისი როლი შეასრულა დასავლეთისგან მიღებულმა შეიარაღებამ და საბრძოლო მასალებმა.

12 სექტემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 6 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და წინსვლას განაგრძობენ. 13 სექტემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია რაიონებში, რომელთა საერთო ფართობი 4 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია.

XS
SM
MD
LG