Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნებები არ ახდება დუმილით - ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს


ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
please wait

No media source currently available

0:00 0:13:11 0:00

ოცნებები დუმილით არ ხდება - ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

თელარა გელანტია, bm.ge-ს რედაქტორი 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ბევრ კითხვას სვამდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თქვა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების დისკრიმინაცია და რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. შემთხვევის გახმაურების შემდეგ თელარას ტელეფონით უთხრეს, რომ მისცემდნენ მომდევნო სხდომებზე დასწრების უფლებას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განმარტება მომხდარის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რადიო თავისუფლება თელარას 12 სექტემბრის ფაქტსა და იმ სირთულეებზე ესაუბრა, რასაც ჟურნალისტები პრესსამსახურებთან ურთიერთობისას აწყდებიან ინფორმაციის მოპოვებისას.

12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე არ შეგიშვეს როგორც ჟურნალისტი და მიზეზად გითხრეს, რომ ბევრ კითხვას სვამდი. შეგიძლია მოგვიყვე, როგორ მოხდა ეს ამბავი?

ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, დილა დავიწყე პარლამენტში, სადაც კომიტეტის სხდომებს დავესწარი, რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერე და როცა დაინიშნა მთავრობის სხდომა დღის 2 საათისთვის, ტრადიციულად მთავრობის პრესსამსახურს გავუგზავნე ჩემი და ჩემი ოპერატორის მონაცემები და მივწერე, რომ დღეს ჩვენ გავაშუქებდით მთავრობის სხდომას, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა. ნინომ [ნინო ცხადაძე, მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელი; რ.თ.] მომწერა OK, რაც ნიშნავდა, რომ სიაში ვარ, ყველაფერი გასაგებია, ასე ხდება ბევრი წელია. ადგილზე მისულს მითხრეს, რომ სიაში არ ვიყავი. თავიდან გაუგებრობა მეგონა, დავიწყე გარკვევა და ნინომ, რომელსაც მივწერე სიაში ჩასმაზე, დამირეკა და მითხრა, რომ სიაში, რომელიც მას გადასცეს, არ ვიყავი. მერე კიდევ ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ვერ შემიშვებდა, ვინაიდან ბევრ კითხვას ვსვამდი, ეს აწუხებდა კოლეგებს და ასე გადაწყდა. ვუთხარი, რომ მთავრობის სხდომაზე იმიტომ დავდივართ, რომ კითხვები დავსვათ. ეს არის ჩვენი ფუნქცია და მთავრობის სხდომაა ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მინისტრები კითხვების დასასმელად.

ბოლო პერიოდში ძირითადად ისეა, რომ ცენტრალური სატელევიზიო მედიები სვამენ კითხვას, უფრო ხშირად პროსახელისუფლებო მედიები და მე დაახლოებით მეოთხეს ან მეხუთეს მეძლეოდა ამის შესაძლებლობა. ის, რომ მე ვსვამდი ყველაზე მეტ კითხვას, მთლად სწორი არ არის. შეიძლება როცა უკვე მიკროფონი მიჭირავს, ვსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, როცა ვხვდები, რომ მინისტრი გულწრფელი არ არის ან პასუხი არც ისე კონკრეტულია, ან არადამაკმაყოფილებელი.

რა კითხვის დასასმელად მიდიოდი გუშინ მთავრობის სხდომაზე?

განსაკუთრებული არაფერი, მთავრობის დღის წესრიგიდან გამომდინარე მქონდა კითხვები. ზოგადად, მთავრობის სხდომაზე როცა მივდივარ, ყოველთვის ვემზადები იმის მიუხედავად, რომ უკვე 10 წელზე მეტია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. ყველა მინისტრთან მაქვს ხოლმე ათამდე კითხვა, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ერთიც ვერ დავსვა. არც ის არ ვიცით წინასწარ არასოდეს, რომელი მინისტრი გააკეთებს მედიასთან კომენტარს. შეიძლება, მთავრობის სხდომა ისე დაიწყოს და დამთავრდეს კანცელარიის მეთორმეტე სართულზე, რომ მედია ორი საათი ველოდოთ შენობის მესამე სართულზე და ბოლოს გამოვიდეს პრესსამსახური და თქვას, რომ კომენტარები დღეს არ იქნება. მგონია, ესეც არასწორია. ჩემ რესურსს ვხარჯავ, ოპერატორის რესურსს, შეიძლება იმ დღეს სხვა თემა გამეკეთებინა.

ალბათ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რასაც შენ შეეხე. ვგულისხმობ საკომუნიკაციო სივრცეების ნაკლებობას, სადაც მედია შეიძლება ხელისუფლებას ელაპარაკოს. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ყველა მედიაში არ დადიან მმართველი პარტიის წევრები ვრცელი ინტერვიუებისთვის და ჩვენ გვიწევს ვუსმინოთ ჩანაწერებს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელეარხებზე.

ჩვენთან, მაგალითად, არ დადიან, იმის მიუხედავად, რომ მე მაქვს განცდა, ცალკეულ საჯარო მოხელეებს უნდათ ჩვენთან მოსვლა სტუმრად. ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო ძველდება და ბერდება მმართველი ძალა, მით უფრო ჩაკეტილები ხდებიან. მე მახსოვს 2012 წელი, როცა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, თვეში ერთხელ მართავდა შეხვედრებს მედიასთან და იმავეს აკეთებდნენ მინისტრები. დღეს რომ ასეთი საშუალება იყოს, თვეში ერთხელ მინისტრები მართავდნენ პრესკონფერენციებს, მოდიოდნენ ინტერვიუებზე, ამდენი კითხვები ხომ არ დაგროვდება.

მართლა ძალიან რთულია ასე მუშაობა. გუშინ პარლამენტშიც მქონდა შემთხვევა, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დერეფანში გამექცა. მინისტრის მოადგილე პარლამენტის დერეფანში გარბოდა და მეც ვდიე კიბეებამდე, მერე ვიფიქრე, არ დავშავებულიყავით ან მე, ან ის და გავჩერდი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. თან მე არ მომწონს გაკიდებული ჟურნალისტიკა და გაქცეული რესპონდენტის ჩაწერა. არავის გამოჭერაზე არ ვარ, მირჩევნია წინასწარ ვუთხრა რესპონდენტს კითხვები და მივიღო პასუხები, რაც მჭირდება, მაგრამ როცა ამაზეც არ თანხმდები, ესე იგი არ მუშაობ და არ გაქვს პასუხები იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აქვს ან აკრძალული გაქვს ინტერვიუები. ყველამ ვიცით, რომ არსებობს პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება, არ მისცენ პროსახელისუფლებო მედიების გარდა, არავის ინტერვიუები.

საინტერესოა შენი ვერსიაც, რომ რეალურად კანცელარიაში არ შეგიშვეს არა ბევრი კითხვის, არამედ იმ სიუჟეტის გამო, რომელიც მთავრობის განკარგულებებზე გააკეთე. მთავრობა წლებია არ აქვეყნებს განკარგულებებს იმის მიუხედავად, რომ ამის ვალდებულება აქვს და შენ ამაზე მასალა მოამზადე.

პარასკევს გავიდა ეს სიუჟეტი ეთერში, შაბათ-კვირას უკვე სხვა მედიები დაინტერესდნენ ამ თემით და ვიფიქრე, რომ პრემიერის პრესსამსახური შეიძლება ამან ძალიან გააბრაზა და ასე გადაწყვიტეს ჩემი დასჯა. თუმცა, რომ ვუყურებ როგორი რეაქციები მოჰყვა ამ ამბავს, შეიძლება ითქვას, რომ ვერ გადამყლაპეს.

მე ამ თემაზე მუშაობისას გავიგე, რომ თურმე IDFI-ს ორი წელია ამ საკითხზე სარჩელი აქვს სასამართლოში და სხდომაც კი არ არის ჩანიშნული, დეპუტატები ითხოვენ განკარგულებებს და თვეებია, ვერ იღებენ. მეც მქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტულ განკარგულებას ვითხოვდი და მითხრეს, რომ დოკუმენტს ვერა, მაგრამ მოკლე კომენტარს ამ თემაზე წერილობით გამომიგზავნიდნენ. არ ვიცი, პრინციპის საკითხია, რომ არ გამოაქვეყნონ განკარგულებები?

გახსოვს დრო, როცა ასეთივე საინფორმაციო ბლოკადა ჰქონდათ აშენებული სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებს მედიასთან აღმართული, რაც ახლა აქვთ?

რაც დრო გადის და ხელისუფლება ძველდება, ბლოკადის სიმაღლე უფრო და უფრო იწევს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პრესსამსახურები ცდილობენ რაღაც პასუხები მოგვცენ, ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ პარტიაში სხვა გადაწყვეტილებაა მიღებული.

ანუ სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე ცალკეული ადამიანების ინიციატივა?

კი, მაქვს განცდა, რომ რამდენიმე მინისტრს ჩვენთან სტუმრად მოსვლაც უნდა, რომ ეს აუდიტორია გამოიყენონ ახალ პროექტებზე, პროგრამებზე სალაპარაკოდ, მაგრამ ამის უფლება არ აქვთ. მთავრობის სხდომებზეც, როცა კითხვებს ვსვამ, კადრს მიღმა ისმის ხოლმე პრესსამსახურის თანამშრომლების ხმა, რომ „ბოლო კითხვაა“, „მორჩა“, ეს ნიშნავს, რომ ამ კითხვას არ უნდა უპასუხონ.

ყოფილა შემთხვევები, როცა რაიმე თემაზე მუშაობდი და ვერ გაგიკეთებია მასალა იმის გამო, რომ პასუხები ვერ მიიღე საჯარო უწყებებისგან, ინფორმაცია არ მოგაწოდეს?

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იყო გუშინ რაღაც სიახლეები. მინისტრმა თქვა ის, რისი თქმაც უნდოდა და არ დასმულა კითხვები.დღესაც მინდა ეკონომიკის მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან ინტერვიუს ჩაწერა. მივწერეთ, მოვითხოვეთ, არ მაქვს პასუხი. მერე იწყებ წერილების წერას და არასოდეს არ მოდის დროულად პასუხები, თუ არ დარეკე, არ იკითხე, რა ხდება.

არის თემები, რომელსაც ოპერატიულად ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ დოკუმენტებს ველოდე.

იუსტიციის სამინისტროდან 5 თვე, შეიძლება მეტიც ველოდე 2010 წლიდან დღემდე საინვესტიციო-საარბიტრაჟო დავების შესახებ. მაინტერესებდა რა მოვიგეთ, რა წავაგეთ, რა დაგვიჯდა საერთაშორისო იურისტების დაქირავება. ბოლოს რატი ბრეგაძეს ვწერდი პირადად. მართლა ომი დამჭირდა და მივიღე არასრული პასუხები. ამის მერე კიდევ სამი თვე ვიყავი ამ ომში. ძალიან რთულია, მაგრამ თან ამაყი ვარ ხოლმე, თუკი ბიუროკრატიულ მანქანაზე გავიმარჯვე.

არის თემები, რომელსაც საერთოდ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არავის არ მაწერინებენ.

მაგალითად, წლებია მიდის საუბარი საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე, ძალიან აქტუალურია კვაზი სახელმწიფო საწარმოები, რომელიც ბუდეა პარტიული აქტივის და როცა კითხულობ, რა ხდება, რა გაკეთდა, არავის არ გალაპარაკებენ და შენც გიჩნდება ეჭვი, რომ არაფერიც არ ხდება. ასეთ რეფორმებს სხვანაირი გამბედაობა უნდა, სხვა სიხისტე. რთულია თან რეფორმატორი იყო და თან პოპულარული. მაგრამ ამ ხელისუფლებას აღარც პოპულარობა შერჩა და რეფორმების ტემპიც უფრო და უფრო ეცემა.

დღეს დილას თქვი, რომ ამ ფაქტმა მთავრობა უფრო დააზიანა, ვიდრე შენ და მედია, რომელსაც შენ წარმოადგენ. ფიქრობ, რომ ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი არა, საზოგადოებისთვის ნათქვამი არაა?

მართლა ვფიქრობ, რომ გუშინ თუ ვინმეს მიადგა ზიანი, მთავრობის პრესსამსახურს და ადმინისტრაციას მიადგა. თვითდაზიანების მასტერკლასი იყო გუშინ. საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ ერთი დღით ამკრძალეს და მომდევნო სხდომაზე მოუწევთ ჩემი დაშვება. ამ ერთდღიანი აკრძალვისთვის მიიღეს კიდევ ერთხელ კრიტიკა - სხვათა შორის, თქვენთან რომ მოვდიოდი, ამერიკის საელჩოდან დამირეკეს და გამომკითხეს, რა მოხდა. მიმართვას ვამზადებთ IDFI-სთან ერთად და სახალხო დამცველს ვთხოვთ, შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას.

მთავრობის ადმინისტრაციას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე გაუკეთებია, არც ინფორმაცია გაუვრცელებია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიაკოალიციამ მოუწოდა, განემარტათ საზოგადოებისთვის, რა მოხდა. გგონია, რომ იქნება განცხადება?

არ მგონია, იმდენ უფრო მეტად მნიშვნელოვან თემაზე არ თვლიან ხშირად საჭიროდ განმარტებების გაკეთებას, არ მგონია, ამაზე გააკეთონ განმარტება. ამის მიუხედავად, ჩვენ ოფიციალურადაც მივმართეთ, რომ ვიცოდე, შემდეგ სხდომებზეც დამიშვებენ თუ არა. ტელეფონით გვითხრეს, რომ დამიშვებენ, მაგრამ წერილობით არც ეს დასტური და არც განმარტება, რატომ არ დამიშვეს, არ მიგვიღია.

საკმაოდ ერთსულოვანი იყო მედიის გამოხმაურება შენს შემთხვევაზე.

ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ხელისუფლებამ მოახერხა მედიის მარგინალიზაცია ბოლო წლებში. ისე იქცევიან, რომ ძალიან რთულია, სახე შენც არ დაკარგო და აკეთო ისეთი ჟურნალისტიკა როგორც მოგწონს. სულ არ მინდა, რომ მინისტრის მოადგილეს გავეკიდო, მაგრამ ზოგჯერ მიწევს და ეს ხელისუფლებამ მოახერხა. მერე კიდევ გვეუბნებიან, აი, ნახე, მოგწონს, როგორ იქცევიან? ხელისუფლებამ მოახერხა მედიის დაყოფაც და გუშინ რამაც გამახარა და იმედი გამიჩინა, იყო ის, რომ ყველა მედიიდან მომდიოდა სოლიდარობის წერილები. ვინც ვერ ახერხებდა საჯაროდ დაწერას გარკვეული მიზეზების გამო, რაც ყველამ ვიცით, პირად წერილებში მწერდა, რომ არ მოეწონა, რაც მოხდა.

ფიქრობ, რომ ასეთივე სოლიდარული თუ იქნება მედია ინფორმაციის მოთხოვნისას, შეიძლება ამას შედეგი ჰქონდეს?

მგონია რომ კი. მართლა მჯერა, რომ ოცნების ახდენა არ ხდება დუმილით. მე მესმის, რომ ყველა ვერ იქნება პროტესტსა და სოლიდარობაში ერთნაირად ხმამაღალი, მაგრამ ხელისუფლება უნდა გრძნობდეს, რომ რაღაც ხდება, მედია რაღაცას ითხოვს. გუშინ სოლიდარობა რომ არ დაენახა მთავრობის პრესსამსახურს, შეიძლება არც დავეშვი შემდეგ სხდომებზე და ვერც ვერაფერს ვიზამდი, ძალით ხომ არ შევიდოდი?

ანუ შემდეგ მთავრობის სხდომაზე მიხვალ?

აუცილებლად. ვიმსჯელეთ კიდეც ამაზე, ხომ არ სჯობს, სანამ ოფიციალურად არ მეტყვიან, რატომ არ დამიშვეს, არ მივიდე, მაგრამ თუკი ჩემი იქ ყოფნა და კითხვები დისკომფორტს უქმნით, რატომ უნდა დავტოვო კომფორტში? მივალ და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვების დასმას.

XS
SM
MD
LG