პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, "სამართლიანი არჩევნებისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" "ადგილი ვერ იქნება არცერთ სამუშაო ჯგუფში", რომელიც ომბუდსმენის არჩევაზე იმუშავებს.
"ისინი პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიოდნენ, ჯერ "ისფედი" PVT-ს [ხმების პარალელური დათვლის მეთოდი] აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, შემდეგ პირდაპირ დადგა სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ დააყენა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა. მეორე არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც ასევე იდგა სცენაზე და იყო ჩართული PVT-ს გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერცერთ სამუშაო პროცესში", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
"ძალიან დისკრიმინაციული, ძალიან შერჩევითი", - ასე აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებმა უკვე მიიღო ზეწოლისა და დევნის სახე.
"ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ევროპული გზა, ევროპაში, სახელმწიფოებში ასე არ იქცევიან სამოქალაქო ორგანიზაციებთან მიმართებით", - ამბობს ნინო დოლიძე.
პარტია "ლელოს" წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლების დღის წესრიგია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში გაანეიტრალოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელთაც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აქვთ და სანდოა:
"რამდენიმე დღეა, ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებენ ფინანსური სახსრების არასწორ განკარგვაში. ეს არის პირდაპირ რუსეთის ხელწერა".
9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ომბუდსმენის წარდგენისა და არჩევის ახალ წესზე რეგლამენტში შესატანი ცვლილება დაამტკიცა.
შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება სახალხო დამცველის კანდიდატების "შეფასების 9-კაციანი ჯგუფი". "ქართული ოცნება" ირწმუნებოდა, რომ პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება და, რომ ამ ჯგუფის შემადგენლობას ოპოზიციასთან კონსულტაციებით განსაზღვრავს.
კანონში ჩაწერეს, რომ 9-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.
ასევე, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება.
კანონის ცვლილებას გამოეხმაურა მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი პროექტით ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.