თუკი წინა ჯერზე პარლამენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატურებს უყარა კენჭი, „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივით, ყველა კანდიდატურა ჯერ 9-წევრიანმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეაფასოს, ხოლო შემდეგ ამ სიიდან მისაღები კანდიდატურები ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და უფრაქციო დეპუტატებმა უნდა შეარჩიონ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ შეთავაზებული წესი „უპრეცედენტო“ და „უნაკლოა“, თუმცა, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ახალი წესის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი მესამე სექტორშიც.
- რას გეგმავს „ქართული ოცნება“ და რა არის სადავო?
ოპოზიციის ნაწილმა ჯერ კიდევ 30 აგვისტოს თქვა უარი უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და სახალხო დამცველის შერჩევის ახალი წესის განხილვაზე. მათი პოზიციაა, რომ უნდა დარჩეს სახალხო დამცველის არჩევის ძველი წესი, რომელსაც მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები და რომლის მიხედვითაც პარლამენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატურები უნდა განიხილოს.
„მიუღებელია [ახალი წესი] და განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, არამედ მიიღოს მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი“, - განაცხადა 1 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
ასეთივე სკეპტიკური პოზიცია აქვთ „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.
„[9-წევრიან საკონსულტაციო ჯგუფში], დიდი ალბათობით, შეიყვანენ თავიანთ ლოიალურ კადრებს აკადემიური და პროფესიული წრეებიდან და ისინი დაასახელებენ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატებს. პროცესის მიტაცების მცდელობას ჰგავს ეს ყველაფერი და სხვას არაფერს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
-
კონკურსი 20 სექტემბერს გამოცხადდება და განაცხადების შესატანად კანდიდატებს 10 სამუშაო დღე ექნებათ;
-
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი 9-წევრიანი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი 10-ქულიანი სისტემით შეაფასებს თითოეული კანდიდატის კეთილსინდისიერებას, ცოდნასა თუ გამოცდილებას - ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი;
-
ამ სიიდან ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ უფრაქციო დეპუტატების სავარაუდოდ 7-კაციანმა ჯგუფებმა უნდა შეარჩიონ და დაასახელონ, ჯამში, სულ მცირე, 7 კანდიდატი - ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი;
-
შერჩეულ კანდიდატებს საჯაროდ მოუსმენენ ჯერ საპარლამენტო კომიტეტებში და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს - ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოსტისთვის საკუთარ კანდიდატურას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - ოპოზიციის მხრიდან „პოლიტიკური საბოტაჟის“ შემთხვევაში წარადგენს.
ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვას ესაჭიროება „პარლამენტის რეგლამენტის“ შეცვლა, რაც მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იგეგმება.
უმრავლესობის წარმომადგენლებთან 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და „საქართველოსთვის“.
„გირჩის“ დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი მოელის, რომ სახალხო დამცველის საკითხის გარშემო მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის და საბოლოოდ, შესაძლებელია, რომ „ოცნებამ“ მისთვის სასურველი კანდიდატურის დამტკიცება მოახერხოს.
„პროგნოზირებადი იყო, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს არ დააყენებდა, მაგრამ იქ [9-წევრიან ჯგუფში] შესაძლოა [მათ მიმართ ლოიალურმა] არასამთავრობოებმა ისეთი კანდიდატი დააყენონ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში უნდა. ამისგან ვერ დააზღვევ პროცესს... ისინი შეძლებენ, რომ 90 ხმა მოაგროვონ. არ ითვლება იმ ოთხი დეპუტატის [სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი, მაჭარაშვილი] წასვლა; მათიანები არიან მაინც და რამდენიმე ხმას ოპოზიციაშიც მოძებნიან“, - გვეუბნება რაქვიაშვილი.
სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას. მხოლოდ საკუთარი 81 მანდატით, ამას ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“.
ვინ შევა 9-წევრიან შემფასებელ ჯგუფში?
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ კონკრეტულად ვის შეიყვანს ამ ჯგუფში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ თქვა, რომ მასში ვერ მოხვდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელსაც მუშაობის საშუალებას არც სხვა ჯგუფებში აძლევენ.
„რომელი კონკრეტული სუბიექტები გამოთქვამენ თანხმობას, სურვილს, რომ ითანამშრომლონ, ალბათ ეს სამომავლო კონსულტაციების თემაა. ეს იქნება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის საკითხი და შეთანხმების საგანი“, - თქვა 31 აგვისტოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ.
რას ფიქრობენ არასამთავრობო სექტორში?
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრია, მონაწილეობდა 31 აგვისტოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაში.
ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ითანამშრომლებენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე ოპოზიციასთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად და მხარეებისთვის სასურველი კანდიდატის შესარჩევად.
„ჩვენ, 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დავაანონსეთ, რომ შევარჩევთ [სახალხო დამცველის] კანდიდატურებს ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, 5 წლის წინ, როცა ოთხი კანდიდატიდან პარლამენტმა ნინო ლომჯარია დაამტკიცა... კარგი იქნება, თუკი უკან არ გადავდგამთ ნაბიჯს... სახალხო დამცველის ინსტიტუტი ისეთივე ეფექტიანი უნდა დარჩეს, როგორც ახლა არის“, - გვეუბნება ალეკო ცქიტიშვილი.
ამჟამინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ "ქართული ოცნება" განსაკუთრებით ანტაგონისტურად არის განწყობილი. ხელისუფლება მას "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ და საქართველოს ომში ჩართვის მსურველად მოიხსენიებს. ნინო ლომჯარიას მიმართ სრულ ნდობას გამოხატავენ საერთაშორისო პარტნიორები და ხშირად ეყრდნობიან ომბუდსმენის აპარატის შეფასებებს.
ამ ეტაპისთვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დროებით წესს სკეპტიკურად უყურებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სხვა სამ ორგანიზაციასთან ერთად, საია დროებით გამოეთიშა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჯგუფების მუშაობას პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ISFED-ის დაბლოკვის გამო.
საიას ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ ეს პირობა ისევ ძალაშია და ბოიკოტის პროცესი ჯგუფებში ISFED-ის ჩართვამდე გაგრძელდება.
ხოლო რაც შეეხება სახალხო დამცველის შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ახალ წესსა და 9-წევრიანი შემფასებელი ჯგუფის ამოქმედებას, ეს პროცესი საიასთვის ამ ეტაპზე „სანდო არ არის“.
ჯერ ისევ მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა 30 ნოემბერს ეწურება.