Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკება აღარ იქნება? - რანაირად დასრულდება პუტინის ომი უკრაინაში


უკრაინის ხარკოვის რეგიონი, სოფელი კაზაჩია ლოპანი. სოფლის განთავისუფლების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ხევენ რუსეთის დროშას. 2022 წლის 12 სექტემბერი
უკრაინის ხარკოვის რეგიონი, სოფელი კაზაჩია ლოპანი. სოფლის განთავისუფლების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ხევენ რუსეთის დროშას. 2022 წლის 12 სექტემბერი

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის თავდაცვით პოტენციალს. უკრაინის შეფასებით, ეს მოწინააღმდეგის "ყველაზე დიდი მარცხია ომის დაწყების დღიდან”. ახლა კრემლი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, უკრაინა კი - აღარ.

ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

პუტინის “სპეცოპერაციის” დაწყების პირველივე დღიდან, უკრაინაცა და რუსეთიც ამბობდნენ, რომ მზად არიან, ომი მოლაპარაკებებით დაასრულონ. თუმცა, რუსეთი თავიდანვე უკრაინის “დენაციფიკაციას” და “განიარაღებას” მოითხოვდა, უკრაინა კი უპასუხებდა, რომ კრემლმა ულტიმატუმებისგან თავი უნდა შეიკავოს.

28 თებერვალს, სანამ რუსული ჯარები ჯერ კიდევ სწრაფად მიიწევდნენ კიევისკენ, ორივე ქვეყნის დელეგაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა.

დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა Zone.ua წერდა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინისგან, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული უნდა გამოცხადებულიყო მეორე სახელმწიფო ენად. ასევე, უკრაინას უნდა ეღიარებინა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი, დონეცკი და ლუგანსკი კი - დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. გარდა ამისა, უკრაინაში უნდა აკრძალულიყო ნაციონალისტური პარტიები და მას უარი უნდა ეთქვა ნებისმიერი სახის შეტევით იარაღზე.

მარტში მოლაპარაკებების კიდევ სამი რაუნდი შედგა. 10 მარტს კი ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის და უკრაინის საგარეო მინისტრები, სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. თურქეთის საგარეო მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც დიალოგს მედიატორობდა, თქვა, რომ ”ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია”.

დელეგაციების ბოლო შეხვედრა 29 მარტს სტამბულში გაიმართა. მოლაპარაკების დასასრულს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, უარი თქვას ნატოში შესვლაზე და 15 წლით გაყინოს ყირიმის სტატუსი. სანაცვლოდ რუსული ჯარები უნდა დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რა პოზიციებზეც იდგნენ 24 თებერვლამდე, უკრაინამ კი ნატოს ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს. რუსეთი შეუვალი იყო - ყირიმის სტატუსის გადახედვა დღის წესრიგში არასდროს დადგება.

ეს იყო პირისპირ გამართული ბოლო ოფიციალური მოლაპარაკებები. ორ დღეში ცნობილი გახდა ბუჩის ჟლეტის შესახებ.

ჩაშლილი შეთანხმება

1 აპრილს, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა კიევის გარეუბანი, ბუჩა დატოვეს, ქალაქის მერმა თქვა, რომ 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, "ამნესტი ინტერნეიშენალის" და "ჰიუმან რაითს ვოჩის" გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ბუჩაში რუსი სამხედროები სისტემურად ძალადობდნენ, ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

11 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუჩის ჟლეტის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებებს აღარ აპირებს.

“ბუჩა ხურავს შესაძლებლობებს [მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის]. საქმე ჩემში არაა, საქმე რუსეთშია. ჩვენთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა აღარ ექნებათ”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” ვარაუდობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებაში წვლილი მიუძღვის დიდი ბრიტანეთის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს. გამოცემის მტკიცებით, 9 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ და “მასზე ზეწოლა” შესაძლებელია. ამიტომ არ ღირს კრემლის პირობებზე დათანხმება.

ჯონსონის პოზიციას ნაწილობრივ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საიტზე 6 მაისს გამოქვეყნებული პრესრელიზი, რომლიდანაც ვიგებთ პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ.

ჯონსონმა მაკრონს უთხრა, “რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, თუკი მიიღებს საჭირო რაოდენობის თავდაცვით სამხედრო დახმარებას” და რომ ის “წინააღმდეგია ისეთი პირობებით მოლაპარაკებების, რაც ლეგიტიმურს გახდის იმ ყალბ ნარატივებს, რომლებიც კრემლმა [უკრაინაში] შეჭრისთვის გამოიყენა.“

იქიდან მოყოლებული, უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ ერთი პირობით - დასაწყისისათვის რუსულმა ჯარმა მთლიანად უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. მათ შორის, ოკუპირებული ყირიმიც.

მოლაპარაკებები იშვიათად მუშაობს

“მაშინ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკანდასახევი არაერთი გზა ჩაიხერგეს და უკვე დიდი ხანია, მსგავსი ვარიანტი შეუძლებელი გახდა”, - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა 12 სექტემბერს. მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარმა მთლიანად განდევნა რუსული ძალები ხარკოვის ოლქიდან და ამაზე არ შეჩერებულა.

იმავე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პასუხი დაუბრუნა: “რუსეთი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე. თუმცა მათ, ვინც უარს ამბობს, უნდა ესმოდეთ - რაც უფრო გაწელავენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება”.

რამდენად წარმატებულია ხოლმე მოლაპარაკებები საომარი მოქმედებების დროს? გამოცემა The Conversation-ის რედაქტორი, კონფლიქტოლოგი ჯო ადეტუნჯი წერს, რომ, სამწუხაროდ, ომები მშვიდობიანი გარიგებებით იშვიათად სრულდება.

შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის მონაცემებით, 1946 წლიდან 2005 წლამდე 288 საომარი კონფლიქტი მოხდა. მათგან მხოლოდ 29, ანუ 13.5% დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით. არადა, ცეცხლის შეწყვეტაზე ხანმოკლე შეთანხმებებიც კი, მკვლევრების გამოთვლებით, საგრძნობლად ამცირებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

ჯო ადეტუნჯი განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა იმალება იმაში, თუ რა მიზეზებით იწყებენ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს. როგორც წესი, “ეს არ არის ომის ალტერნატივა, ეს უბრალოდ სტრატეგიაა, რომელსაც მიმართავენ ბრძოლის პარალელურად, საკუთარი მიზნების მისაღწევად”.

რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყება. მთავარ მიზნად მან უკრაინის “დენაციფიკაცია” და “განიარაღება” დაასახელა.

სულ ცოტა, 40 ათასი დაღუპული

New York Times-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა თითქმის 34 ათასი ჯარისკაცი. აქედან 25 ათასი - რუსი.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის გამოთვლებით, 12 სექტემბრისთვის დაღუპულია 5 827 მშვიდობიანი მოქალაქე. მათგან თითქმის 400 არასრულწლოვანია. გაერო ვარაუდობს, რომ სინამდვილეში უკრაინის ომში დაღუპული გაცილებით მეტია. აგვისტოს მონაცემებით, ომს ქვეყნიდან 7 მილიონი ადამიანი გაექცა, ერთი ამდენი კი იძულებული გახდა ქვეყნის შიგნით შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG