Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RMG-ის კარიერის გამო სოფელი მუშევანი ორად გაიყო


პროტესტი ბოლნისის სოფელ მუშევანში
პროტესტი ბოლნისის სოფელ მუშევანში

ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ერთი ნაწილი ოქროს მომპოვებელი კომპანიის, "RMG გოლდის" სამუშაოების შესაძლო დაწყებას აპროტესტებს. მათ ეშინიათ, რომ წიაღისეულის მოპოვებისას აფეთქებები სახლებს დაბზარავს. ნებართვის მიღების შემდეგ კომპანია აპირებს სოფლის მიმდებარედ ახალი, ღია კარიერის გაჭრას.

დღეს, 13 სექტემბერს, საპროტესტო აქციამ სოფელში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. შეკრებაზე გამოვიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც "RMG გოლდის" საქმიანობას ემხრობიან.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი ქამრან მამადლი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საკითხი "დემოკრატიულად გადაწყვიტეს" და მუშევანელებმა ხელის აწევით დაუჭირეს მხარი "RMG გოლდისთვის" სამუშაოების დაწყების აკრძალვას.

"სოფელში შეკრებილი იყო 100-ზე მეტი ადამიანი. გადავწყვიტეთ დისკუსიის გარეშე, ხელის აწევით დაგვეფიქსირებინა პოზიცია, გვინდა თუ არა სოფელთან ახლოს ამ სამუშაოების წარმოება. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხელი აიწია ამის საწინააღმდეგოდ".

ქამრან მამადლი ჰყვება, რომ ისინი, ვინც "RMG-ის" სამუშაოებს არ აპროტესტებენ, პრობლემებსაც იაზრებენ, თუმცა კომპანია არაოფიციალურად ხალხს სოფელში წყლის შეყვანას შეჰპირდა მხარდაჭერის სანაცვლოდ.

"იმ ადამიანებს, რომლებიც "RMG-ის" მხარს უჭერენ, გააზრებული აქვთ, რომ პრობლემურია, თუმცა ამბობენ, რომ ისინი მიტოვებული არიან, 30 წელია მათთან არ არის წყალი, არ არის გზა, არ არის ბუნებრივი აირი" , - ამბობს ქამრან მამადლი.

მისივე თქმით, წელს "RMG" სოფელ მუშევანიდან 800 მეტრის მოშორებით იწყებს ღია კარიერული პრინციპით ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის მოპოვებას, თუმცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მათ დოკუმენტაცია მოსახლეობის პროტესტის გამო დაუხარვეზა.

ქამრან მამადლის თქმით, კომპანიის სამუშაოების მოწინააღმდეგე 217 მუშევანელის ხელმოწერა აქვს.

"28 ივლისს, რომელიც იყო ბოლო დღე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ჩვენ წარვადგინეთ 217 მუშევანელის მკვიდრის ხელმოწერა. დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს აქ, რომლის ნაწილი საზღვარგარეთაა".

დღევანდელ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა "RMG". მათი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ კომპანიის სამუშაოებს უჭერს მხარს და ადგილობრივებთან გაფორმებულია სოფლის განვითარების მემორანდუმი, სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ კი გეგმავენ პროექტის განხორციელებას:

"მუშევანის ლიცენზიას „არემჯი“ ფლობს 2011 წლიდან. შესაბამისი სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ, ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვან განვითარებას მოუტანს სოფელ მუშევანს და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები".

კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით და სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით: "ეს დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის".

"RMG GOLD-ი" ოქროს მოპოვების მიზნით ბოლნისის რაიონში ღია კარიერებს ამუშავებს და კაზრეთის საწარმოში სპილენძის და ოქროს 70-პროცენტიანი შემცველობის მადანი გამოჰყავს, რომელსაც მსოფლიოს ბირჟებზე ყიდის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, "RMG GOLD-ს" ეკოლოგიური გარემოს დაბინძურებასა და ისტორიული ძეგლების განადგურებაში ადანაშაულებს. ყველაზე გახმაურებული იყო საყდრისის ბორცვის აფეთქება - ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ხუთი ათასი წლის წინ გათხრილ შახტებში ოქროს მოიპოვებდნენ.

XS
SM
MD
LG