როგორ შეიძლება აბინძურებდე გარემოს მძიმე მეტალებით, ზიანს აყენებდე ადამიანებს, არღვევდე კანონს, ეს წლობით გრძელდებოდეს, მაგრამ სახელმწიფო შენს მხარეს იყოს, მოსახლეობა კი დუმდეს?
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში „რადიო თავისუფლება“ მოგითხრობთ, როგორ მოიპოვებს რუსი მილიარდერების კომპანია ქართულ ოქროს.
- ქართული ოქროს რუსული მომპოვებელი
- „არემჯის“ კავშირები ხელისუფლებასთან
- ტყვია და მძიმე ლითონები ნიადაგში
- გავლენა საკვებსა და ჯანმრთელობაზე
- სამოქალაქო წინააღმდეგობა - რა შეიცვალა
- მაშ როგორ გაქრა ჰუმუსიდან ორ წელიწადში დაბინძურების მნიშვნელოვანი კერები?
- „ზორო“ აქ არავინაა” - გამქრალი პროტესტი
- ვინც დუმს, მუშაობს - ვინც მუშაობს, დუმს
- ჯერ “საქმე”, მერე კანონი
- ლოიალური შრომის ინსპექცია
- სხვა ლოიალური უწყებები
- 80 ჰექტარი ტყე RMG-სთვის
ქართული ოქროს რუსული მომპოვებელი
თბილისიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში, ბოლნისის რაიონიდან იწყება და დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში გრძელდება ტერიტორია, რომელსაც კომპანია RMG ჯგუფი განაგებს.
ამ ფართობზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2%-ს უტოლდება, კომპანიას ლიცენზია 2041 წლამდე აქვს აღებული. RMG ჯგუფი ქართულ ოქროს და სხვა ძვირფას ფერად ლითონებს მოიპოვებენ.
2012 წლისთვის ქვეყნის უმდიდრეს წიაღისეულს, რომლის გადამუშავება საქართველოში ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო, ორი მსხვილი საწარმო განაგებდა - „მადნეული“ (მეტწილად სპილენძის და ბარიტის მადნებს ამუშავებდა) და „კვარციტი“ (მოიპოვებდა ოქროსა და ვერცხლს).
2012 წლიდან ამ საწარმოების მფლობელი ხდება რუსი მილიარდერების დმიტრი ტროიცკისა და დმიტრი კორჟევის დეველოპერული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“. 2009 წლამდე ისინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ფლობდნენ ბანკ „სანქტ-პეტერბურგის“ აქციებს RMG ჯგუფი საქართველოში რამდენიმე საბადოს ფლობს, ათასობით ტონა ძვირფასი მეტალების მარაგებით. (წყარო: „მწვანე ალტერნატივა“)
RMG ჯგუფში შემავალი სამი ძირითადი კომპანიის საერთო შემოსავალი 2017-20 წლებში 2,4 მილიარდი ლარი იყო, ამავე წლებში საერთო მოგებამ კი 650 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. კომპანიის შემოსავლები მზარდია.
„არემჯის“ კავშირები ხელისუფლებასთან
ქვეყნის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი კომპანია, 4000-მდე თანამშრომლით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი „ოცნების“ უმსხვილესი შემომწირველია. RMG ჯგუფის თანამშრომლებმა ბოლო წლებში ხელისუფლებას სააარჩევნოდ ღიად, დაახლოებით, 1 მლნ 350 ათასი ლარი შესწირეს.
ხელისუფლებას ფულს აჩუქებენ კომპანიის დაბალი რანგის თანამშრომლებიც და მმართველი დირექტორებიც, ცალკეული შემოწირულებები 7 ათასი ლარიდან იწყება და 60 ათას ლარს აღწევს.
RMG ჯგუფი „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ ეს მათი თანამშრომლების კეთილი ნებაა და არა კომპანიის დავალება.
თუმცა, „რადიო თავისუფლებას“ რამდენიმე წყარო უყვება, რომ არჩევნებზე RMG ჯგუფის ხელმძღვანელობა კომპანიებში დასაქმებულებს და მათი ოჯახის წევრებს ავალებს, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ.
RMG ჯგუფს სხვა ტიპის კავშირიც აქვს ხელისუფლებასთან. კომპანიის რამდენიმე მმართველი სამუშაოდ ხელისუფლებაში გადავიდა, თანაც მაღალ თანამდებობებზე. მაგალითად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა ჯგუფის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო 2016 წლის ნოემბრამდე.
RMG ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რამდენიმე კომპანიის დირექტორი იყო 2014-17 წლებში ვახტანგ ფარესიშვილი. ის 2018 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) უფროსის მოადგილედ მუშაობს.
ტყვია და მძიმე ლითონები ნიადაგში
RMG ჯგუფის მადნის გადამამუშავებელი ქარხანა დაბა კაზრეთშია განლაგებული. კაზრეთთან ახლოს, სამხრეთით, დმანისისკენ მიმავალ მთავარ საავტომობილო გზას ზემოდან უზარმაზარი წრიულად გადათხრილი ღია კარიერი - საყდრისი დაჰყურებს.
კომპანია მადანს ორი მეთოდით მოიპოვებს - ნიადაგის ღიად გადახსნილი კარიერებიდან და შახტებიდან, საიდანაც მადანი მიწისქვეშ გაყვანილი გვირაბებით ამოაქვთ.
ორივე შემთხვევაში ნიადაგის ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი ფეთქდება და იბურღება. ამ დროს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა, იგივე ხდება მადნის ტრანსპორტირებისას და ნალექების დროს, როდესაც წვიმის და ნადნობი თოვლის წყლები ღია კარიერებს რეცხავს.
წლების განმავლობაში მადნის მოპოვება ბოლნისისა და დმანისის რაიონის სოფლების მდინარეებსა და ნიადაგებს მძიმე ლითონებით აბინძურებდა.
ნიადაგებში აღმოჩენილია ტყვიის, კადმიუმის, თუთიისა და სპილენძის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია.
უახლესი ვრცელი კვლევა, რომელიც სახელმწიფო უწყებებმა პარლამენტის ინიციატივით მოამზადეს, 4 წლის წინ, 2018 წლის ივლისში გამოქვეყნდა. დასკვნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა სხვა მეცნიერებთან თანამშრომლობით მოამზადა და ტყვიას და მის გავლენას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით ბოლნისის რაიონში შესწავლილი სოფლების ნიადაგიდან უმრავლესობაში ტყვია დასაშვებზე ბევრად მაღალი, ჯანმრთელობისთვის საშიში კონცენტრაციით აღმოჩნდა.
„კვლევის შედეგების თანახმად, ტყვია განიცდის მიგრაციას ნიადაგში და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია კომპანია RMG-ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით“, - გარემოს დაბინძურებაში პირდაპირ ოქროს მომპოვებელი კომპანიაა დადანაშაულებული.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს RMG-ს საყდრისის საბადოსთან ახლოს სოფელი ბალიჭი, სადაც აღმოჩნდა, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას ზოგ ადგილას 300%-ითაც კი აღემატება.
დასკვნის ავტორებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, სოფელ ბალიჭის დაბინძურებულ ნიდაგში შაქრის ჭარხალი დათესეს. აღმოჩნდა, რომ ბალიჭში მოყვანილ ჭარხალში ტყვია 30-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას სულ მცირე 30 წელი სჭირდება. „მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრება კარიერის მიმდებარე ტერიტორიებზე არ არის რეკომენდებული, რადგანაც ისეთი ტოქსიკური ელემენტი, როგორიც ტყვიაა, მათთვის განსაკუთრებით საზიანოა და უარყოფითად აისახება მომავალში მათ გონებრივ განვითარებაზე“, - აღნიშნულია ამ სამეცნიერო დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში.
ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც RMG ჯგუფის მიერ გარემოს მძიმე ლითონებით დაბინძურებაა აღწერილი.
ახალგაზრდა მეცნიერმა გურანდა ავქოფაშვილმა, რომელიც თავადაც წარმოშობით სოფელ ბალიჭიდანაა, ბოლნისისა და დმანისის ნიადაგების კვლევა 2010 წლიდან დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ რეგიონში ნიადაგების დაბინძურების მაჩვენებელი განსაკუთრებით იზრდება 2014-17 წლებში. ამ დროს RMG ჯგუფი საყდრისის ახალი საბადოს ათვისებას იწყებს.
უფრო ძველი კვლევები ქვემო ქართლში ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა აწარმოეს 2003-12 წლებში, მათი დასკვნითაც, ქვემო ქართლის სოფლების დიდ ნაწილში ნიადაგი და ზედაპირული წყლები მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული, ასევე მძიმე ლითონების მაღალი შემცველობა აღმოჩნდა ბოსტნეულში. განსაკუთრებით მაღალი იყო მძიმე ლითონები ფოთლოვან ბოსტნეულში - სალათში, ისპანახში, კომბოსტოში. დასკვნაში წერია, რომ ასეთი ბოსტნეული ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტით საკვებად უვარგისია.
მათი დასკვნით, მძიმე ლითონები ნიადაგში მრავალი წლით ილექება და თვითგაწმენდა რთულად მოხდება.
RMG ჯგუფი ამბობს, რომ ამ კვლევებს იცნობს, თუმცა ზედაპირულად და მეცნიერულად დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
არსებობს სახელმწიფო მაკონტროლებლის, გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნებიც, 2015 წლის მონაცემებით, ქვემო ქართლში ზედაპირულ წყლებსა და ნიადაგში მძიმე მეტალების მაჩვენებლები ნორმას ბევრად აღემატებოდა.
გავლენა საკვებსა და ჯანმრთელობაზე
მძიმე მეტალებზე ყველა კვლევა ერთხმად ამტკიცებს, რომ დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია და სხვა მძიმე მეტალები საკვებში, განსაკუთრებით იოლად კი ბოსტნეულსა და რძეში ხვდება.
2015 წელს რეგიონის მოსახლეობისთვის ადგილობრივმა მეცნიერმა გურანდა ავქოფაშვილმა სპეციალური ბროშურა გამოსცა. მასში ჩამოთვლილი იყო ის პროდუქტები, რომლებიც ნიადაგიდან ლითონებს ადვილად ითვისებს და მათი საკვებად გამოყენება რეკომენდებული არ არის. ეს ბოსტნეული - მწვანილი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ახალი კარტოფილი, რეგიონში დღემდე უხვად მოჰყავთ, საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში წარმოებული ბოსტნეულის 25% სწორედ ამ რეგიონზე მოდის და მთელ საქართველოში იყიდება.
2015 წელს პრემიერმა ღარიბაშვილმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვემო ქართლში სხვადასხვა პროდუქტის კვლევა დაავალა.
„რადიო თავისუფლებამ“ სააგენტოდან 2015 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში მოყვანილი ბოსტნეულის ლაბორატორიული შემოწმების ოქმები გამოითხოვა. ირკვევა, რომ სააგენტომ 2015 წელს დაწყებული კვლევები მომდევნო წლებში მკვეთრად შეამცირა, ხოლო ბოლო 3 წელი ქვემო ქართლში მოყვანილი ბოსტნეული მძიმე მეტალებზე ფაქტობრივად აღარ შეუმოწმებია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალებზე არ იკვლევდა ბოსტნეულის იმ სახეობებს, რომლებიც ნიადაგიდან მეტალებს იოლად ითვისებს. მაგალითად, მწვანილს, რომლის დიდი წილი თბილისის ბაზრებში ნაწილდება. რისკის შემცველი 12 პროდუქტიდან სააგენტომ მძიმე მეტალებზე მხოლოდ ერთი, კომბოსტო გამოიკვლია და ისიც 2015 წელს.
2015 წლიდან დღემდე რძეში მძიმე მეტალები არ აღმოუჩენიათ, ზუსტად რომელ წლებში, რომელ ლითონებზე იკვლევდნენ რძეს, უცნობია, „რადიო თავისუფლებამ“ ლაბორატორიული კვლევების ოქმები კი გამოითხოვა, მაგრამ არ მიუღია.
2015 წელს საყდრისის მაღაროს აფეთქების შემდეგ, მაშინ, როცა კომპანია „არემჯი“ საყოველთაო დაკვირვების ცენტრში იყო, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც სხვადასხვა უწყებას დაავალა, გამოეკვლიათ, გარემოში გაფრქვეული მძიმე ლითონები და საწარმოო ნარჩენები რამდენად აზიანებდა ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოს.
ჯანმრთელობის გამოკვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC-ს) დაევალა. უწყებამ, კვლევის ნაცვლად დმანისისა და ბოლნისის 4 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის პროფილაქტიკური გასინჯვა ჩაატარა. 4 დღეში 351 ადამიანი. მათ ორგანიზმში მძიმე ლითონების შემცველობა არ შეუმოწმებია.
„ნიადაგის გაწმენდას თუთიისთვის - 70-დან 510 წლამდე სჭირდება, კადმიუმისთვის - 13-დან 110 წლამდე, სპილენძისთვის - 310-დან 1500 წლამდე და ტყვიისთვის - 740-დან 5900 წლამდე. თუ ნიადაგები დაბინძურებულია მძიმე ლითონებით და რადიონუკლიდებით, მაშინ მათი გაწმენდა თითქმის შეუძლებელია“.ლალი ახალბედაშვილი, ნიადაგის მკვლევარი
NCDC-ში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პოპულაციის სიმცირის გამო ეპიდემიოლოგიური კვლევა არარელევანტური იქნებოდა, მაგრამ კვლევის ჩატარება 2020 წელს მაინც დაგეგმეს, პანდემიის გამო შეფერხდნენ და კვლევის დასრულება 2025 წლისთვის გადადეს.
NCDC-მ მძიმე მეტალებთან დაკავშირებით ერთი საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა: 2015 წლის დეკემბერში ბოლნისისა და დმანისის სოფლებში ჩატარდა კვლევა 2-5 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გამოკვლეული 46 ბავშვიდან ყოველ მესამეს (30.5%-ს) სისხლში 5 მკგ/ლ და მეტი ტყვია აღმოაჩნდა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, საყურადღებო მაჩვენებელია.
„რადიო თავისუფლებამ“ RMG ჯგუფს ჰკითხა, იკვლევენ თუ არა მძიმე მეტალებს ათასობით თანამშრომლის ორგანიზმში, რაზეც კომპანიამ მოგვწერა, რომ მათ თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევა აქვთ და ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელი მიუწვდებათ, თუმცა თანამშრომლების მძიმე მეტალებზე გამოკვლევების დამადასტურებელი არაფერი მოგვაწოდეს.
აკონტროლებენ თუ არა მძიმე მეტალებს ნიადაგში, ამ კითხვის პასუხად RMG-მ მოგვაწოდა მათივე ვებგვერდის ბმული.
მონაცემები მოიცავს 2021-2022 წლების ნაწილს, ჯამში 11 თვეს. ამ პერიოდში „არემჯი“ მძიმე მეტალებს თვეში ერთხელ ნიადაგის ზედა ფენაში, ზედაპირიდან 15 სმ-ი სიღრმეზე იკვლევდა. უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი ნორმაშია, გამონაკლისია მანგანუმი, რომელიც გამოკვლეულ თვეებში დასაშვებ ნორმას ზოგჯერ რამდენჯერმე აღემატება, და ტყვია, რომელიც ნორმას აღემატებოდა 2022 წლის თებერვალში.
სამოქალაქო წინააღმდეგობა - რა შეიცვალა
საყდრისის ტერიტორიის აფეთქების და მადნის მოპოვების დაწყების პარალელურად ყალიბდება სამოქალაქო წინააღმდეგობრივი მოძრაობა „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, რომელშიც 10-მდე ადამიანი ერთიანდება.
2018 წელს „საყდრისის კომიტეტის წევრების“ ინიციატივით შეიქმნა სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც იწყებს მოლაპარაკებას გარემოს დაცვის სამინისტროსა და RMG ჯგუფთან. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ბურჭულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ იხსენებს, მათ მხარეები გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაზე დაითანხმეს:
- RMG ჯგუფმა ააშენა წყლის გამწმენდი ნაგებობა, შეამცირა მდინარე მაშავერას და მისი შენაკადების პირდაპირი დაბინძურება, დაიწყო გზების მორეცხვა;
- დაიწყო განადგურებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის აღდგენა;
- კომპანიამ კომიტეტის წევრებს ინსპექტირების უფლება დართო
რეგიონის ნიადაგებში მძიმე მეტალების შესახებ საჯაროდ გავრცელებული უახლესი, 2019 წლის კვლევების ავტორი გურანდა ავქოფაშვილია. ამ მონაცემებით რეგიონში სიტუაცია რადიკალურად უკეთესობისკენაა შეცვლილი. ადგილებში, სადაც გურანდა ავქოფაშვილისვე ძველი კვლევების თანახმად 2017 წელს ნიადაგში ტყვიის შემცველობა ნორმას 100%-ით, ზოგან კი 300%-ით აღემატებოდა, 2019 წელს ტყვია უმეტესად ნორმაშია.
ამ მონაცემებით რეგიონში სხვა მძიმე ლითონების შემცველობაც ნორმაშია ჩამდგარი. მხოლოდ რამდენიმე სოფელი დარჩა, სადაც მძიმე ლითონების დონე დასაშვებზე მაღალია.
„ბუნებრივად [გასუფთავება] 2 წელიწადში, ეს ფანტასტიკის სფეროა. სამთო მოპოვების დროს მძიმე მეტალებით დაბინძურება სწრაფად ხდება, გასუფთავება კი ძალიან ნელა. მძიმე მეტალებს არ ახასიათებს 1-2-3 და 10 წელში ცვლილებები, იმიტომ რომ მძიმე მეტალები მდგრადია გარემო პირობების მიმართ, ეს შეიძლება იყოს 50-100 და 300 წელიც კი“, - ამბობს თსუ-ს პროფესორი ბესიკ კალანდაძე, რომელიც გერმანელ მეცნიერებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონს მრავალი წელი სწავლობდა.
„რადიო თავისუფლებამ“ მძიმე ლითონების ნიადაგში მიგრაციის შესახებ მოსაზრება ჰკითხა კიდევ ერთ მეცნიერს, წულუკიძის ინსტიტუტის ნიადაგის მკვლევარს ლალი ახალბედაშვილს. ისიც იმავეს ამბობს, რომ ნიადაგის მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას რამდენიმე ასეული წელი სჭირდება: „ნიადაგის გაწმენდას თუთიისთვის - 70-დან 510 წლამდე სჭირდება, კადმიუმისთვის - 13-დან 110 წლამდე, სპილენძისთვის - 310-დან 1500 წლამდე და ტყვიისთვის - 740-დან 5900 წლამდე. თუ ნიადაგები დაბინძურებულია მძიმე ლითონებით და რადიონუკლიდებით, მაშინ მათი გაწმენდა თითქმის შეუძლებელია“.
მაშ როგორ გაქრა ჰუმუსიდან ორ წელიწადში დაბინძურების მნიშვნელოვანი კერები?
ნიადაგმცოდნეთა განმარტებით, სავარაუდოდ მძიმე მეტალებმა ნიადაგის ზედა ფენიდან მცირედით ქვემოთ გადაინაცვლეს, თუმცა ის არ გამქრალა და გარემოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
ზუსტი შეფასებისთვის საკვლევ ობიექტზე უნდა გაკეთდეს დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის საკონტროლო ჭრილი.
„რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, გაკეთდა თუ არა ზედაპირიდან ქვემოთ, ღრმა ჭრილები კვლევისას, გურანდა ავქოფაშვილი უპასუხებს:
„ჩემი კვლევა არის ნიადაგის ზედაპირიდან 0.5 სმ-ის, 30-35 სმ-ის სიღრმეზე… ეს მძიმე ლითონები არსად არ წასულა, ერთი ფენიდან გადაადგილდნენ მეორეში, უფრო ღრმა ფენებში…
რადიო თავისუფლება - ეს არის ალბათ ვარაუდი, რაკი ღრმა ფენები არ გამოგიკვლევიათ.
გურანდა ავქოფაშვილი - დიახ, მეცნიერული ახსნა ამას სხვა არ აქვს, სხვაგან ვერ წავიდოდა ვერსად.
ხუთი წერტილი რომ 1 მეტრზე ჩახვიდე, წარმოუდგენელია ეს, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, გოგოსთვის ცოტა რთულად შესასრულებელია.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გურანდა ავქოფაშვილმა 2018 წლიდან თანამშრომლობა დაიწყო RMG ჯგუფთან, მას კომპანია რეკულტივაციის პროცესში მონაწილეობისთვის ანაზღაურებას უხდის, ეს ინფორმაცია RMG ჯგუფმაც დაგვიდასტურა.
RMG-სთან ფინანსურ კავშირზე კითხვას მეცნიერი ასე უპასუხებს:
ნიადაგის და ზედაპირული წყლების ხარისხს, წესით, გარემოს ეროვნული სააგენტო უნდა ამოწმებდეს. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“, 2022 წლის 10 მარტს გამოითხოვა სააგენტოდან ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები. სააგენტოს პასუხიდან ირკვევა, რომ ქვემო ქართლის ისტორიულად დაბინძურებული სოფლების ნიადაგები 2020-21 წლებში მძიმე ლითონებზე არ გამოუკვლევიათ, შეამოწმეს რაიონული ცენტრები და იქ გადამეტებები არ აღმოჩნდა. 2020 წელს ასევე შეამოწმეს დაბა კაზრეთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები (შესასვლელი სოფელი ბალიჭიდან, ბალიჭი), სადაც მხოლოდ 1 წერტილში აღმოჩნდა ტყვია დასაშვებზე მაღალი.
„ზორო“ აქ არავინაა” - გამქრალი პროტესტი
წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ოქროს მომპოვებელი კომპანიის საქმიანობას აკრიტიკებს და აპროტესტებს. „რადიო თავისუფლებამ“ იმ ადამიანების ნაწილი იპოვა, ვინც წლების განმავლობაში RMG-ს გარემოს დაზიანებაში ადანაშაულებდა, დღეს არცერთ მათგანს ღიად საუბარი აღარ სურს.
ხანგრძლივი და ხალხმრავალი აქციები იმართებოდა 2018 წლის გაზაფხულზე ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში. ადგილობრივები სოფლის სიახლოვეს ახალი ღია კარიერის ამუშავებას აპროტესტებდნენ და საჯაროდ, კამერების წინ ამბობდნენ, რომ კარიერი მათ სოფელს ანადგურებს.
მათ შორის იყო ტანძიელი ვეფხია წიკლაური, მრავალშვილიანი მამა.
იურისტებმა გაიხსენეს, რომ ვეფხია RMG-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლასაც კი აპირებდა, თუმცა შემდეგ აღარ გამოჩნდა.
„ზორო” აქ არავინაა, არც მე, აღარ მინდა იმ თემებზე საუბარი, წარსულს ჩაბარდა, მაგი არის მკვდარი თემა “, უთხრა ტანძიაში მისულ „რადიო თავისუფლებას“ ვეფხია წიკლაურმა. კითხვაზე, მოგვარდა თუ არა ეკოლოგიური პრობლემები, რომელზეც წლების წინ საუბრობდა, ასე უპასუხებს: „ყველა გაჩუმდა, ახლა [კომპანიის წინააღმდეგ] გარეთ გევიდეთო რომ თქვა, გაგლახავენ, ყველა ოჯახიდან თითო ადამიანი მაინც RMG-ში მუშაობს, მათ შორის ჩემი შვილიც, სოფელი კმაყოფილია“.
კიდევ ერთი ადგილობრივი, ვინც საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, სოფელ დიდ დმანისში მცხოვრები მურად მარტიაშვილია, მასზეც გვითხრეს, თავად გახდა კომპანიის თანამშრომელი და საუბარი შეწყვიტაო. დიდ დმანისში მისულ „რადიო თავისუფლებას“ მარტიაშვილმა ინტერვიუზე უარი უთხრა და ოქროს მომპოვებელ კომპანიაში მუშაობაც უარყო.
მურად მარტიაშვილი: დავიღალე, აღარა ვთვლი საჭიროდ [ლაპარაკს], არ მაინტერესებს…
რადიო თავისუფლება: მოგვარდა, თქვენი აზრით, ეკოლოგიური პრობლემები?
მურად მარტიაშვილი: ვერაფერს გეტყვი, კაცურად რა, ვერაფერს გეტყვი.
საჯაროდ პროტესტს ადგილობრივები ზოგჯერ მაინც გამოხატავენ, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათი და მოკრძალებულია.
2022 წლის 25 თებერვალს კაზრეთის ცენტრში საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო და RMG-ს ახალ პროექტს მიეძღვნა.
საჯარო განხილვაზე მხოლოდ ერთმა ადგილობრივმა, კაზრეთში ჭიდაობის მასწავლებელმა მოითხოვა სიტყვა და კომპანიის და სახელმწიფოს მწვავე კრიტიკა დაიწყო, მას სიტყვა შეაწყვეტინეს.
ბოლნისისა და დმანისის რაიონებში მცხოვრები ოჯახების ნაწილში ერთი წევრი მაინც არის დასაქმებული RMG ჯგუფში, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სოფელ ბალიჭში, რომელიც RMG-ს საქმიანობის ცენტრთან, დაბა კაზრეთთან არის მიბმული, აქ ყოველ ნაბიჯზე შეამჩნევთ ავტომანქანებს კომპანიის ლოგოტიპით, ანდა ადამიანებს RMG-ს უნიფორმით. ბალიჭში 300 ოჯახი ცხოვრობს, სოფელი მთის ფერდზეა გაშენებული და პირდაპირ უყურებდა საყდრისი-ყაჩაღიანის მთას, რომელიც საყდრისის ოქროს ღია კარიერის გაჭრისას ააფეთქეს.
2014 წელს, საყდრისის საბადოს ათვისება ყველაზე მეტად ბალიჭელებმა იგრძნეს. სოფლამდე აფეთქებების ხმა, მტვერი და სუნიც კი აღწევდა. ბალიჭს საყდრისის მთიდან მდინარე მაშავერა ყოფს.
„რადიო თავისუფლებამ“ ბალიჭში კითხვა-კითხვით მიაგნო გივი მწყაზარიშვილის სახლს. 70 წელს გადაცილებულმა კაცმა RMG ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და ფუტკრების ოჯახების დახოცვაში დასდო ბრალი.
მწყაზარიშვილი საუბარზე დაგვთანხმდა, თუმცა ინტერვიუს ადგილი ისე შეარჩია, მეზობლებს რომ არ შეემჩნიათ, ინტერვიუს დაწყებამდე კი ცოლმა დაარიგა - „ცუდი არაფერი ილაპარაკოო“.
„უზენაეს სასამართლომდე მივედი და, სიმართლე გითხრათ, სასამართლო არის ერთი, პირველი ინსტანციაც, სააპელაციოც და უზენაესიც, ერთი პირი აქვს სუყველას. რასაც პირველი იტყვის, იმას იმეორებს ყველა, გლეხი კაცი სასამართლოში ვერ შევა, თავის ინტერესებს ვერ დაიცავს, აქ იმხელა წინაღობებია, რომ თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ გივი მწყაზარიშვილმა, რომელსაც 60 ოჯახი ფუტკარი დაეხოცა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც RMG-მ საყდრისის საბადოს ათვისება დაიწყო.
გივი მწყაზარიშვილი სასამართლოს ყველა ინსტანციაში დამარცხდა, მისი ადვოკატი ამბობს, ლაბორატორიულად ვერ დავამტკიცეთ, რომ ფუტკრები RMG-ს საქმიანობას ემსხვერპლაო.
ბალიჭში კიდევ ერთ მცხოვრებთან, დავით ავქოფაშვილთან მიგვასწავლეს, ფუტკრები მასაც დაეხოცა. „20 ძირი მომიკვდა, აღარ ვამრავლებ, მიზეზი არ ვიცი. ზოგი ამბობს, რომ ავადმყოფობა იყო, კომპანია ამბობს, რომ მათი ბრალი არ არის“, - უთხრა ავქოფაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.
ბალიჭსა და მიმდებარე სოფლებში სხვებმა RMG-სგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვეს. რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიის წინააღმდეგ ღიად საუბარს უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს.
RMG ამბობს, რომ ფუტკრების დახოცვასთან მათი კომპანიის კავშირი არავის დაუდასტურებია და ფუტკარი ბალიჭში ისევ ჰყავთ. მოსახლეობის პროტესტის შემცირების მიზეზად კი გარემოსდაცვითი მიმართულების გაძლიერებას მიიჩნევს.
ჯერ “საქმე”, მერე კანონი
ბოლო 10 წლის განმავლობაში RMG ჯგუფი წლიდან წლამდე ფაქტობრივად ერთსა და იმავე დარღვევებს იმეორებდა და ამის საპასუხოდ მხოლოდ მიზერულ ჯარიმებს და გაჭიანურებულ სასამართლო განხილვებს იღებდა.
დარღვევა #1 - ბექთაქარის ავზის ისტორია
2019 წელს RMG ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს ტერიტორიაზე, დაახლოებით 18 ათასი ტონა მოცულობის ღია რეზერვუარი-სალექარი მოეწყო.
კანონით, მშენებლობის დაწყებამდე კომპანიას რამდენიმე ეტაპი უნდა გაევლო:
- სკოპინგის ეტაპი: პროცედურა განსაზღვრავს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. კომპანია ამზადებს ანგარიშს, სამინისტრო ატარებს საჯარო განხილვას და იღებს გადაწყვეტილებას სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ.
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება: შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა. სკოპინგის დასკვნის საფუძველზე კომპანია ამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო განხილვას და იღებს ე.წ. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.
და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ უნდა დაეწყო მშენებლობა.
„2019 წელს, როცა პირველი ეტაპი - სკოპინგის საჯარო განხილვა მოეწყო სოფელ ბექთაქარში, განხილვაში მონაწილე აქტივისტებმა გარემოს დაცვის სამინისტროს და „არემჯის“ წარმომადგენლებს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება სთხოვეს, ველზე გასულებმა კი აღმოაჩინეს, რომ „არემჯის“ ობიექტი უკვე აშენებული ჰქონდა. როცა იჩივლეს, სახელმწიფომ ბექთაქარში გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორი გააგზავნა. მათ ოქმში წერია, რომ 18 ათასი ტონის მოცულობის (სიგრძე 90 მეტრამდე, სიგანე 50-მდე) ღია ავზის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. გარდა ამისა, ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ კომპანიას ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გაენადგურებინა, ავტომანქანების სადგომი კი სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ მოეწყო, ასევე არღვევდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობას. „არემჯი“ ამ დარღვევებისთვის სასამართლომ 7500 ლარით დააჯარიმა.
ამის პარალელურად, სამინისტრომ „არემჯის“ უკვე დადასტურებულ ტყუილზე თვალი დახუჭა და თითქმის დასრულებულ სალექარზე „მოწყობის პროექტის“ სკოპინგის დასკვნა დაამტკიცა“, ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.
გარემოს დაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, დავა გაიწელა, ამასობაში მინისტრმა კომპანია „არემჯის“ უკვე აშენებულ ობიექტზე მშენებლობის თანხმობაც მისცა.
„მწვანე ალტერნატივამ“ მინისტრის ეს ბრძანებაც გაასაჩივრა,
მას შემდეგ წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი დღემდე არ მიუღია.
დარღვევა #2 - საყდრისის და აბულმუგის უკანონო გამოსატუტი მოედნების აშენება
2014 წლის 13 იანვარს სტუდენტურმა ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია „არემჯის“ უნებართვოდ ჰქონდა მოწყობილი საყდრისის და აბულმუგის ტერიტორიაზე ციანიდით მადნის გამოსატუტი მოედნები.
გარემოს დაცვის სამინისტრომ თანხმობა ამ ობიექტზეც პოსტფაქტუმ, 2014 წლის აპრილში გასცა და კომპანიას ნებართვის მიცემის შემდეგ დააკისრა ის ვალდებულებები, რაც წინასწარ, აშენებამდე უნდა შეესრულებინა.
1 წლის შემდეგ გაირკვა, რომ „არემჯიმ“ ეს ვალდებულებებიც არ შეასრულა, სამინისტრომ კომპანიას დამატებით, 3 წელი მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად, ამასობაში კომპანიამ საქმიანობის გაფართოება მოისურვა, რისთვისაც ახალი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო.
„ამჯერად კომპანია შეეცადა, თავი აერიდებინა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი პროცედურისათვის. სამინისტრომ მას ამ მიზნის მიღწევაში ხელი შეუწყო და უკვე ძალადაკარგული კანონით გასცა ნებართვა. „მწვანე ალტერნატივამ“ მინისტრის ეს ბრძანება ისევ გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა მას შემდეგ 3 წელი გავიდა და სასამართლოს საკითხის არსებითი განხილვა დღემდე არ დაუწყია“, უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ნინო გუჯარაიძემ.
2021 წელს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა კვლავ შეამოწმა საწარმო, ინსპექტორებმა დარღვევები აღმოაჩინეს, ოქმი შეადგინეს, დმანისის სასამართლომ „არემჯი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილება.
დარღვევა #3 - უკანონო სამსხვრევი საყდრისზე
2018 წლის გაზაფხულზე სამსხვრევისგან წარმოქმნილი მტვრით შეწუხებულმა მოსახლეობამ „საყდრისის კომიტეტს“ მიმართა. შესწავლისას გაირკვა, რომ კომპანია „არემჯის“ მადნის სამსხვრევი სახელმწიფოს კუთვნილ 19 ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე უნებართვოდ ჰქონდა აშენებული და რამდენიმე წელი უკანონოდ ამუშავებდა.
„საყდრისის კომიტეტმა“ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა „არემჯიმ“ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შემოწმებისთვის ტერიტორიაზე არ დაუშვა. საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტრომ დაჩქარებული წესით „არემჯის“ უკვე მითვისებული ტერიტორია 24-წლიანი იჯარით გადასცა, ისე, რომ უკანონო სამსხვრევს მუშაობა არცერთი დღით არ შეუჩერებია.
კომპანიამ სახელმწიფო მიწით მრავალწლიანი უკანონო სარგებლობისთვის ჯარიმა, 9 ათასი ლარი გადაიხადა.
დარღვევა #4 - კულტურის ძეგლის აფეთქება
2014 წელს ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ააფეთქა. „არემჯიმ“ საყდრისი-ყაჩაღიანის მთის ტერიტორიაზე ახალი კარიერის სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ადგილს ჯერ კიდევ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. RMG-მ ნებართვის მიღებამდე დააზიანა ობიექტი, რომელსაც ქართველი და ევროპელი არქეოლოგების დიდი ჯგუფი, როგორც 5000-წლოვან ოქროს მაღაროს, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ საგანძურად მიიჩნევდა. ისტორიული ძეგლის დაზიანება RMG-ს შერჩა, არც სასამართლოსა და არც პროკურატურის წინაშე კომპანიას პასუხი დღემდე არ უგია.
RMG ჯგუფი ჩამოთვლილი ბრალდებების ნაწილს „პროცედურულ უზუსტობას“ უწოდებს, ნაწილზე ამბობს, რომ დარღვევები გამოასწორა და კომპანია მაქსიმალურად არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებში საქმიანობს.
ლოიალური შრომის ინსპექცია
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები RMG-ს უკანონო საქმიანობებს პოსტფაქტუმ „აკანონებს“, ჯგუფის მიმართ ლოიალურია შრომის ინსპექციაც.
უწყებამ, რომელსაც შრომითი კანონმდებლობის დაცვის მონიტორინგი და დასაქმებულების სამუშაო პირობების შემოწმება ევალება, RMG ჯგუფის ათამდე კომპანიიდან მხოლოდ ორი - RMG გოლდი და RMG კოპერი შეამოწმა.
ოქმების შესწავლით ირკვევა, რომ შრომის ინსპექციამ 2019-22 წლებში კომპანია 10-ჯერ შეამოწმა, აღმოუჩინა ათეულობით შეუსაბამობა და მათი გამოსწორება დაავალა.
მათი უმრავლესობა კომპანიამ გამოასწორა, თუმცა 3 წლის თავზეც RMG-ს მძიმე ტექნიკის სარემონტო საამქრო არ ნიავდება სავენტილაციო გამწოვი სისტემით, რომელიც ოქმების მიხედვით, მოთხოვნის მიუხედავად კომპანიას არ დაუმონტაჟებია. ამ დარღვევის გამოუსწორებლობის გამო შრომის ინსპექციამ „არემჯი“ ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 1000 და 2000 ლარით დააჯარიმა, არადა, დარღვევების მრავალჯერადი განმეორება შრომის ინსპექციას უფლებას აძლევდა, კომპანიის საქმიანობა შეეჩერებინა.
„RMG Copper-ის შემოწმების ოქმების შესწავლამ გამოაჩინა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური თავს იკავებს ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენებისგან… ხომ არ დგას კომპანიის მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილების უკან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა?.. თუნდაც დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების კომპრომისის ხარჯზე?“- თავიანთი ეჭვები გაუზიარეს „რადიო თავისუფლებას“ სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა.
„რადიო თავისუფლებამ“ შრომის ინსპექციას ჰკითხა, რატომ არ გამოიყენეს RMG-ს მიმართ უფრო მკაცრი სანქცია, კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.
RMG-ში გვითხრეს, რომ ამ დარღვევის გამოსასწორებელი ბოლო ვადა 20 მაისამდე ჰქონდათ, თუმცა უკვე გამოასწორეს.
სხვა ლოიალური უწყებები
RMG ჯგუფის მიმართ სხვა სახელმწიფო უწყებებიც არანაკლებ ლოიალურობას ამჟღავნებენ.
RMG ჯგუფში შემავალ კომპანიებს ყველაზე მასშტაბური სანქცია, 30 მილიონი ლარი, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 2014 წელს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაუდგინა. მიზეზი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება და მდინარე მაშავერაში 500 ტონა დაბინძურებული სითხის ჩაღვრა იყო.
გადაიხადა RMG-მ ეს ჯარიმა თუ არა, სახელმწიფო უწყებები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, „რადიო თავისუფლებას“ დმანისის სასამართლომ არ მისცა RMG ჯგუფში შემავალი კომპანიების მიმართ სასამართლოს გზით დაკისრებული ჯარიმების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 30 მილიონი ლარის დაკისრებაზე RMG ჯგუფმა ასე გვიპასუხა: „კომპანიისთვის უცნობია გამოვლენილი ზიანის ოდენობა და დათვლის მეთოდოლოგია. ამ დროისთვის აღნიშნული თანხის გადახდა კომპანიას არ დაკისრებია“.
მომდევნო წლებში დაკისრებული თანხები რადიკალურად შემცირებულია, გარემოს დაცვის სამინისტრომ RMG ჯგუფში შემავალი 4 კომპანია, 2014 წლიდან დღემდე, 7 წლის განმავლობაში ჯამში 270 ათასი ლარით დააჯარიმა, ამ კომპანიების საშუალო წლიური შემოსავლის ჯამი ბოლო წლებში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია.
როცა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 10 ათას ლარს სცილდება, ეს კანონით მნიშვნელოვან ზიანად ითვლება და გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია, ასეთი ფაქტების შესახებ პროკურატურას შეატყობინოს.
2014 წლიდან დღემდე, სამჯერ გადაეგზავნა RMG-ს კომპანიების შესახებ მასალები პროკურატურას გარემოს დაცვის სამინისტროდან, ორი შემთხვევა 2014 წელს იყო, ერთი - 2021 წელს. მთავარმა პროკურატურამ არ გვიპასუხა რამდენიმე თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, თუ რა ეტაპზეა პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების გამოძიება, სადაც RMG ჯგუფის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა.
პროკურატურამ 2014 წელს დაიწყო გამოძიება საყდრისის მაღაროს კულტურული ძეგლის ირგვლივ სახელმწიფო მოხელეების მიერ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მომდევნო წლების ანგარიშებშია აღნიშნული, გამოძიების პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა და არავინ იცის, დასრულდა თუ არა და თუ კი - როგორ.
სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობაზე ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ არც RMG ჯგუფმა მიაწოდა, საყდრისის აფეთქების საქმეზე კი მოგვწერეს, რომ კომპანიის მიმართ ამ საქმის გამო არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.
საყდრისის კარიერის შესახებ ბოლო დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტრომ 2021 წელს მოამზადა. ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ კომპანია კვლავ აბინძურებდა კვირაცხოვლის ღელეს და მდინარე მაშავერას. ასევე არ მოაწყო საყდრისის კარიერიდან გამოჟონილი წყლების სანიაღვრო სისტემა, რის გამოც წყლები უბნის გარეთ, გზებზე მიედინებოდა. დასკვნაში წერია, რომ RMG-მ სრულად არ შეასრულა სამინისტროს მიერ 3 წლის წინანდელი მითითებები, დაბინძურებული წყლები მდინარეში არ ჩაეღვარა.
გარემოს დაცვის ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ RMG გოლდს უკანონოდ ჰქონდა გაჩეხილი 2,5 ჰექტარი სახელმწიფო ტყე, და მოჭრილი 160 ძირი მუხა.
სამინისტრომ ზიანი 28 ათას ლარად შეაფასა და საქმე გამოსაძიებლად 2021 წლის ივლისში გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა.
გენერალურმა პროკურატურამ „რადიო თავისუფლებას“ არც ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უპასუხა.
„რა ბედი ეწია დაკისრებულ ჯარიმებს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ეს ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი არ არის. ეს პრაქტიკა არასწორია და ყოველთვის ბადებს ეჭვს, რომ დაკისრებული ჯარიმა ან გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხდება კანონის დამრღვევთან გარიგების საგანი. ეს არის გარემოსდაცვითი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის“, ამბობს ნინო გუჯარაიძე.
80 ჰექტარი ტყე RMG-სთვის
RMG ჯგუფი გეგმავს მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მუშაობისას წარმოქმნილი ნარჩენის, კუდების (პულპა) ახალი საცავის მოწყობას. ამისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურები წამოიწყო, სკოპინგის (წინასწარი) ანგარიში მოამზადა და ამ ეტაპზე დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა მიმდინარეობს.
ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანია აპირებს, კაზრეთიდან 7.8 კილომეტრში მოაწყოს ნარჩენების საცავი, სადაც რამდენიმე მილიონი ტონა ნარჩენი გადაიტუმბება.
ადგილი, სადაც კომპანიას ახალი საცავის აშენება აქვს განზრახული, დღეისათვის მეტწილად ტყითაა დაფარული. თუ გარემოს დაცვის სამინისტრო თანხმობას გასცემს, 80 ჰექტარი ფართობის მუხის და რცხილის ტყე გაიჩეხება. ტერიტორიაზე გაშენებული მუხა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
კომპანია დოკუმენტებში წერს, რომ სკოპინგის ეტაპის გავლის შემდეგ მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვს ამ ტყის გაჩეხვის უფლებას. „ამ საკითხს მთავრობის დადგენილება აწესრიგებს, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები, რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს ტყეს სტატუსი, ამ ჩამონათვალში კუდსაცავის მშენებლობა არ არის, საინტერესო პროცესები გველის წინ, ვნახოთ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო“, ამბობს ნინო გუჯარაიძე.
პროექტის განხილვის ეტაპზე გაირკვა, რომ ახალი კუდსაცავის მოწყობას ეწირება საძოვრები, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ეს ფაქტი სკოპინგის ანგარიშში არ იყო განხილული და საჯარო შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიას დაევალა შემდეგი ეტაპისთვის ამ საკითხის გადაჭრის გზების შეთავაზება.
ნახეთ RMG-ის პასუხები რადიო თავისუფლების შეკითხვებზე სრულად.
ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა "მწვანე ალტერნატივასთან" პარტნიორობით, ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.