შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დავაზე სინგაპურში სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. 5 სექტემბრის პროცესზე სააგენტო Reuters-ი წერს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს $1,27 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის ზარალში ადანაშაულებს, ვინაიდან, მისი პოზიციით, ბანკმა ზარალის თავიდან ასაცილებლად "არ გადადგა ნაბიჯები".
გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის კომერციული დავების საერთაშორისო სასამართლოს საქართველოდან, ვიდეოზარით მისცა ჩვენება.
"მეგონა მივედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებდნენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად", - თარჯიმნის მეშვეობით განაცხადა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკზე.
პროცესის გახსნისას მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბანკმა ივანიშვილის დანაკარგი $818 მილიონად შეაფასა, რაც მათი დათვლით, გაცილებით მეტია და $1,27 მილიარდს შეადგენს.
ასევე, გამოცემის ცნობით, Credit Suisse Trust-მა აღიარა, რომ მათი მოვალეობა იყო, დაეცვა აქტივები, თუ მათ ეცოდინებოდათ, რომ ეს აქტივები სათანადოდ სწორად არ იმართებოდა. ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმ დროისათვის, მათ ამაზე ინფორმაცია არ გააჩნდათ. ბანკმა სარჩელს უსაფუძვლო უწოდა და სასამართლოს მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს ის.
ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ მოსარჩელეებს მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილდეთ.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.