შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფის, „ტამედიას” ჟურნალისტი რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხებს იმის შესახებ, რა იცის შვეიცარიის მედიამ ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან უთანხმოებაზე.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ იმით, თუ რას ფიქრობთ ივანიშვილის Credit Suisse-თან დაპირისპირებაზე - რატომ იქცა ეს საქმე ასეთ ოდიოზურ თემად?
ბერნარდ ოდენალი: მე ასე სულაც არ შევაფასებდი, მაოცებს, რომ საქართველოში ამ საქმეს ასეთ ჭრილში განიხილავენ. მერწმუნეთ, შვეიცარიული გადმოსახედიდან განსაკუთრებულად სკანდალურსა და წინააღმდეგობრივს ვერაფერს დაინახავთ, ყოველ შემთხვევაში, იმის მიხედვით, რაც მედიაში იწერება. ამ თემას შვეიცარიული მედია აქტიურად ბოლოს მარტის ბოლო და აპრილის პირველ რიცხებში აშუქებდა, როდესაც ბერმუდის სასამართლოს ვერდიქტი გამოქვეყნდა. ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა, მთავარი ნარატივი კი იყო, რომ Credit Suisse-ს ახალი პრობლემა დაემატა - 550 მილიონი უნდა გადაუხადოს ექსპრემიერ ივანიშვილს. ამის შემდეგ თითქმის არაფერი დაწერილა ამ თემაზე, თუ არ ჩავთვლით იმ ამბავს, რომ ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, რუსმა ოლიგარქმა ვიტალი მალკინმაც უჩივლა Credit Suisse-ს. ეს თემა „ჩაიკარგა“ ძირითადად იმიტომ, რომ ყველას ყურადღება ომზე და ომთან დაკავშირებულ თემებზე იყო გადატანილი. ეს არის და ეს. ვწუხვარ, მაგრამ ვერანაირ კონტროვერსიულობას ვერ ვხედავ, შვეიცარიული გადმოსახედიდან.
ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. და შემიძლია ვივარაუდო, რომ ამაში დიდი ფული ჩადეს.
რადიო თავისუფლება: მესმის, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ შვეიცარიული მედიის მხრიდან „უყურადღებობის“ გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას ქართული მხარე - MKD, იურიდიული ფირმა, რომელიც ყოფილი პრემიერის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ შვეიცარიული მედია არ ინტერესდება მათი პრესრელიზებით, სადაც ისინი Credit Suisse-ის მხრიდან უხეშ დარღვევებზე საუბრობენ. ამაზე რას იტყოდით?
ბერნარდ ოდენალი: იმას ვიტყოდი, რომ არ მგონია, რომ შვეიცარიულმა მედიამ, ყოველშემთხვევაში იმ გამოცემებმა, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, მართლაც მიიღეს რაიმე პრესრელიზი ქართული მხარისგან. თანაც ეს არც დასჭირდებოდათ, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბორერი მიაწოდებდა მსგავს ინფორმაციას შვეიცარიულ მედიას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციისათვის იგნორირება არ გაგვიკეთებია. ასე რომ, არ მესმის, რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები.
რადიო თავისუფლება: საგულისხმოა, რომ ის პრესრელიზი, რომლის მიმართ შვეიცარიული მედიის მხრიდან უყურადღებობაზეა საუბარი, თავად MKD-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.
ბერნარდ ოდენალი: [იცინის] ჰო, ეს ნამდვილად შექმნიდა „ცოტაოდენ“ პრობლემებს შვეიცარიელი ჟურნალისტებისათვის. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მათ ჰყავთ შვეიცარიელი ლობისტი, და შემიძლია ვივარაუდო, რომ ამაში დიდი ფული ჩადეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბორერი მიაწოდებდა მედიას მსგავს ინფორმაციას, და ის ჯეროვნად გაშუქდებოდა. გულწრფელად გითხრათ, საერთოდ არ მესმის, რითი არიან უკმაყოფილონი, რადგან ეს თემა დეტალურად გაშუქდა შვეიცარიულ მედიაში, შეუძლიათ არქივებს გადახედონ და თავადვე დარწმუნდებიან. ასე რომ, საუბარი, რომ ამ დავას შვეიცარიული მედია არ იმჩნევს, სრული აბსურდია.
რადიო თავისუფლება: პრემიერ-მინისტრის მხარე აცხადებს, რომ მათ მიიღეს წერილი Credit Suisse-იდან, სადაც ბანკის მიერ თანხის გადაუხდელობა მიეწერება „კომპლექსურ სიტუაციას რეგიონში“ და მინიშნებები კეთდება ევროპარლამენტის [არასავალდებული ძალის მქონე] რეზოლუციაზე, რომელიც ევროპულ საბჭოს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებდა - ანუ ბანკი აცხადებს, რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე ამ თანხას ვერ გადაიხდიან. ეს ყველაფერი კი ივანიშვილის მხარეს, რბილად რომ ვთქვათ, არ აბედნიერებს. რამდენად ხშირი პრაქტიკაა ეს, ან რამდენად ლეგიტიმური საბაბი?
თუ [ივანიშვილს] სანქციებს დაუწესებენ და შენ კი თანხას გადაურიცხავ, ამით შეიძლება უარეს შარში გაყო თავი, ვიდრე ივანიშვილთან დავაა.
ბერნარდ ოდენალი: მე Credit Suisse-ის პრესსპიკერი არ ვარ, და არც მათი წერილი მინახავს საჯაროდ გამოქვეყნებული, ასე რომ, გამიჭირდება გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ესაა მათი პოზიცია. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის ომის გამო მიღებულმა სანქციების რეჟიმმა შვეიცარიულ ბანკებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან მათ ბრალს სდებენ იმაში, რომ სანქციებს გვერდს უვლიან, განზრახ თუ უნებლიეთ. ასე რომ, უწევთ, ერთობ ფრთხილად იმოქმედონ. ეს მათთვის დიდ პრობლემად იქცა და მესმის, რომ სიფრთხილეს იჩენენ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვიცი, მართლა ასეთი არგუმენტი აქვს Credit Suisse-ს თუ ის ქართულმა მხარემ გამოიგონა. შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს სენსიტიური საკითხია და ბანკის სიფრთხილე გასაგებია - თუ ევროპელები კონკრეტულ პირს სანქციებს დააკისრებენ, დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება - იქნება სანქციები თუ არა. რადგან თუ [ივანიშვილს] სანქციებს დაუწესებენ და შენ კი თანხას გადაურიცხავ, ამით შეიძლება უარეს შარში გაყო თავი, ვიდრე ივანიშვილთან დავაა.
რადიო თავისუფლება: ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „პოლიტიკური ზეწოლით“ აიხსნება და რომ ესაა „მცდელობა, საქართველო უკრაინაში ომში ჩართონ“ - ამიტომაც ემუქრებიან ივანიშვილს სანქციებით / მისი ფინანსების „დაკავებით“. რას იტყოდით ამ ნარატივზე?
ბერნარდ ოდენალი: პოლიტიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ შვეიცარიელი პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენენ ბანკზე, რათა ბანკმა მოვალეობები არ შეასრულოს და ამით „საქართველო უკრაინის ომში ჩაითრიონ“? ან არა შვეიცარიელი პოლიტიკოსები, არამედ საერთოდ ვიღაცები ევროპიდან? ეს კიდევ უფრო დიდი აბსურდია - რაღაც ძალები ევროპაში ზეწოლას ახორციელებენ შვეიცარიელ პოლიტიკოსებზე, რათა მათ, თავის მხრივ, ბანკზე მოახდინონ ზეწოლა და ამით „საქართველო უკრაინის ომში ჩაითრიონ“? რამდენჯერმე თუ გაიმეორებთ ამ წინადადებას, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აბსურდულად მოგეჩვენებათ. Credit Suisse-ს ისედაც თავსაყრელად აქვს პრობლემები - ივანიშვილის საქმე მხოლოდ მცირე ნაწილია პრობლემების იმ გროვისა, რაც მათ აქვთ, ასე რომ, ნებისმიერი შვეიცარიელი პოლიტიკოსისთვის ამ ამბავში გარევა ახლა უკიდურესად ტოქსიკური იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ამას არავინ გააკეთებს. თავად [ივანიშვილის] ლობისტს, თომას ბორერს კი აქვს გარკვეული „წარსული“ - ყაზახეთის მთავრობისთვის მუშაობდა და ეცადა გავლენა მოეხდინა პოლიტიკოსებზე ბერნში, რათა ყაზახეთის მთავრობის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ემუშავათ და ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, მაგრამ ეს წლების წინ იყო და ძალიან მეეჭვება, ახლა რომელიმე შვეიცარიელი პოლიტიკოსის „ცდუნება“ მოახერხოს.
Credit Suisse-ს ახლა იმაშიც კი სდებენ ბრალს, რომ ბულგარულ მაფიას ნარკოვაჭრობაში ნაშოვნი ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. დიახ, ივანიშვილი მათი პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის ნამდვილად არ არის მათი მთავარი პრობლემა. და, მით უმეტეს, ეს საქმე არ არის შვეიცარიული საბანკო სექტორის პრობლემა.
რადიო თავისუფლება: როგორც უნდა იყოს, ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს პრეცედენტი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ძირს უთხრის. რამდენად წყალგაუვალია ეს ბრალდება?
ბერნარდ ოდენალი: შვეიცარიულ ბანკებს უზარმაზარი პრობლემები ჰქონდათ 10 წლის წინ, განსაკუთრებით ამერიკაში - ამერიკული მხარე მათ კლიენტებისთვის გადასახადებისგან თავის არიდებაში დახმარებაში ადანაშაულებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი აიძულეს, კლიენტების საბანკო დოკუმენტაცია გაეცათ, რაც, როგორც წესი, „ხელუხლებელი სიწმინდეა“ და არასოდეს ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი ათი წლის წინ იყო და ამის შემდეგ უამრავი ახალი რეგულაცია მიიღეს, თავად ბანკებმა დაიწყეს შიდა კონტროლის სისტემაზე მუშაობა. ამიტომ ვიტყოდი, რომ დღეს ეს უშუალოდ Credit Suisse-ის, მათი რეპუტაციის პრობლემაა. მათ უზარმაზარი თანხა დაკარგეს - არასწორ ფონდებში დააბანდეს კლიენტების ფული და ეს ფონდები გაკოტრდა. Credit Suisse-ს ახლა იმაშიც კი სდებენ ბრალს, რომ ბულგარულ მაფიას ნარკოვაჭრობაში ნაშოვნი ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. დიახ, ივანიშვილი მათი პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის ნამდვილად არ არის მათი მთავარი პრობლემა. და, მით უმეტეს, ეს საქმე არ არის შვეიცარიული საბანკო სექტორის პრობლემა. ჩვენ ახლა პრობლემები უფრო იურისტებისა და ე.წ. მინდობილობის (trustees) სექტორში გვაქვს, რომელიც ჯეროვნად არ კონტროლდება. Მაგალითად, „პანდორას ქაღალდების” გამოძიებამ აჩვენა, რომ ასობით შვეიცარიელი იურისტი და ნდობით აღჭურვილი პირი ეხმარებოდა ოლიგარქებს მთელი მსოფლიოდან ფულის გადამალვაში. მაგრამ ეს სხვა პრობლემაა. ეს არ არის ბანკის პრობლემა.