Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიული მედია ივანიშვილის პოზიციით არ დაინტერესდა - „ქართული ოცნების" დამფუძნებლის იურისტები უკმაყოფილოები არიან


პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი

იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან Credit Suisse-თან საქართველოს ექსპრემიერის ურთიერთობის საკითხზე პრესრელიზს აქვეყნებს.

„ემ-ქეი-დი“ უკმაყოფილოა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით.

„მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები“, - ნათქვამია პრესრელიზში.

რას ეხებოდა ივანიშვილის იურისტების 7 ივლისს გამოქვეყნებულ პრესრელიზს, იურიდიული ფირმა ყურადღებას ამახვილებდა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხება. როგორც „ემ-ქეი-დი“ მიუთითებდა, ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიულმა ბანკმა ზომები სწორედ, ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღო.

„2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა [ბიძინა ივანიშვილმა] მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება“, - ციტირებულია „ემ-ქეი-დი“-ს 7 ივლისის პრესრელიზიდან.

იურიდიული ფირმა აღნიშნავდა, რომ „ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია“.

ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, - წერს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

XS
SM
MD
LG