სტატია განახლებულია 4 სექტემბერს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კობაიაძის მდგმურები დაუკავშირდნენ. თავად ადვოკატმა არაერთი დაპირების მიუხედავად თავისუფლებას მათი საკონტაქტო ინფორმაცია არ მიაწოდა. განახლებულ ვერსიაში ასახულია ანა ლარიონოვასა და მისი ოჯახის პოზიციაც.
თბილისში ბინის მესაკუთრეთა ნაწილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს. უძრავი ქონების ერთ-ერთი მეპატრონე რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ რუსეთის მოქალაქე მას ქირას არ უხდის და არც ბინიდან მიდის.
ალექსანდრე კობაიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე საკუთრება მიმდინარე წლის ივნისში IT სპეციალისტზე გააქირავა, თუმცა, როგორც ის ამბობს, მდგურმა მხოლოდ ერთი თვის თანხა გადაუხადა და დანარჩენი თვეების გადახდაზე უარს ეუბნება.
"...ქირას არ გადავიხდიო. ვუთხარი, კი ბატონო, მაშინ გაბრძანდით-მეთქი. არ წავალო, ჩვენ ერთწლიანი ხელშეკრულება გვაქვს და ერთი წლის განმავლობაში ვიცხოვრებო... ცდილობენ ოკუპაცია მოახდინონ შუა თბილისში. მე თვითონ ადვოკატი ვარ და მე შემემთხვა ეს, ადამიანს, რომელიც გარკვეულია ამ ნიუანსებში", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
სხვა დეტალებს ყვება ალექსანდრე კობაიძის მდგმური ანა ლორიონოვა.* ანას ოჯახმა ბინა ფალიაშვილის #71-ში ადვოკატ ალექსანდრე კაბაიძისგან იქირავა. საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის პირველ ივლისს გაფორმდა. ოჯახის ვერსიით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი და ბოლო თვის ქირის გადახდის გარდა, რაც 1 200-1 200 დოლარს შეადგენდა, კობაიძემ მათ მესამე თვის თანხაც დაამატებინა.
"3 600 დოლარი გადავუხადეთ ჯამში და თვეზე ნაკლები გვაცხოვრა. 17 ივლისს შევედით ბინაში და 12 აგვისტოს გაგვყარა გარეთ, უმიზეზოდ. 3 ბავშვი მყავს, 2 ბიჭი ორწლინახევარის და 12 წლის გოგო. სახლში მივედი და ვხედავ, რომ ჩემი ნივთები დერეფანში ყრია. ქუჩაში დაგვტოვა. სხვა საცხოვრებელი არ გვაქვს. როცა ბინა ვიქირავეთ, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ იყო გაზი, ცხელი წყალი, არც დენი ბავშვების ოთახში და შევთანხმდით, რომ რემონტს ჩვენ გავაკეთებდით. გავაკეთეთ გაყვანილობა, გაზი, ცხელი წყალი და ჩვენს ნივთებსაც არ გვიბრუნებს, ავეჯს, კონდიციონერებს, რაც ბინაში დაგვრჩა. ყველაფრის ჩეკი გვაქვს რომ ჩვენი ნაყიდია", - ყვება ანა.
ანა ლარიონავასა და ადვოკატ ელექსანდრე კობაიძეს შორის დავის დეტალები წაიკითხეთ სტატიაში: ქუჩაში დაგვტოვა - რუსი ოჯახი ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს.
რას ამბობს კანონი?
გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას საქართველო სამოქალაქო კოდექსის 531-571 მუხლები არეგულირებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით, თუმცა ორივე მხარის უფლებების უკეთ დაცვისთვის, უმჯობესია, ხელშეკრულების დადება წერილობითი ფორმით მოხდეს.
გამქირავებელს კანონი არ აძლევს უფლებას, მიუხედავად იმისა, უხდის თუ არა დამქირავებელი მას ბინის ქირას, მდგმური თვითნებურად ან პოლიციის მეშვეობით გამოასახლოს. ამ დროს უძრავი ქონების უკან დაბრუნებისათვის ერთადერთი მექანიზმი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა რჩება.
"ბინის მეპატრონეს შეუძლია დამქირავებელს შეატყობინოს, რომ მას საპატიო მიზეზით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა სურს, ამისათვის 3 თვე უნდა მისცეს, რის შემდეგაც მეორე მხარე ვალდებულია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, დააბრუნოს ქირავნობის საგანი. კანონს აქვს ასევე ხარვეზი. დამქირავებელი თუ არ შეწყვეტს ხელშეკრულებას, მას აქვს უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ გავიდეს ბინიდან. პოლიცია ვერ გეხმარება, ვინაიდან მესაკუთრეს გამოსახლებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება", - განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ილონა დიასამიძე.
მისივე თქმით, სასამართლოში საქმის წარმოება შესაძლებელია წლობით გაგრძელდეს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებადაც რომ მიეცეს, სასამართლოში საქმის წარმოებას მაინც საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება.
"მართალია, ამ შემთხვევაში კანონი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ითვალისწინებს, მაგრამ თუ დამქირავებელს ქონება საერთოდ არ გააჩნია, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, თანხის ამოღება ვერ ხდება", - ამბობს ილონა დიასამიძე.
ის დასძენს, რომ ეს პრობლემა საქართველოში რუსეთის, ბელარუსის ან უკრაინის მოქალაქეების შემოსვლასთან ერთად არ წარმოშობილა, არამედ ყოველთვის იდგა. უბრალოდ ახლა მათ კანონის წაკითხვა ისწავლეს და არაკეთილსინდისიერად იყენებენ კანონის იმ დანაკლისებს, რომლის მიხედვითაც ეს არაკეთილსინდისიერება აკრძალული არ არის.
ბინის კიდევ ერთი მეპატრონე ნათია კვარაცხელია თაღლითობაში ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს. ის გვიყვება, რომ მაკლერის შუამავლობით ისანში ბინა 750 დოლარად დიზაინერსა და პროგრამისტზე გააქირავა, რომლებიც შემდეგ იქ ფარულად, უნებართვოდ დარეგისტრირდნენ.
"მაკლერმა დაგვიხასიათა, რომ ამ ადამიანებს ძალიან უჭირდათ რეჟიმის პირობებში ცხოვრება. იყვნენ ახალგაზრდები და სურდათ თვითრეალიზაცია. პირველი თვე გადაიხადეს უპრობლემოდ და მეორე თვიდან რაღაც-რაღაცების შეპარება დაიწყეს. ბინადრობის ნებართვის აღებაში დახმარებას მთხოვდნენ. გვითხრეს, რომ ქართული კომპანია რეგისტრაციას სთხოვდა ჩვენს სახლში, რაზეც ჩვენ თავიდანვე უარი გვქონდა ნათქვამი და კონტრაქტშიც არაფერი ეწერა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნებართვის გარეშე, მამაჩემის პირადი ნომრით, ბინის საკადასტრო კოდი ამოუღიათ, წასულან იუსტიციის სახლში და ორი ქართველი მოწმის ჩვენებით ცრუ ჩვენება მიუციათ, თითქოს ბინაში 3 თვეა ცხოვრობდნენ", - ამბობს ნათია კვარაცხელია.
კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტულ ბინაში რეგისტრაცია ორი გზით შეუძლია. ერთ შემთხვევაში, საჭიროა ბინის მესაკუთრის თანხმობა, მეორე შემთხვევაში კი - 2 მოწმის ჩვენება, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, რომ აღნიშნული პირები 3 თვის განმავლობაში მისამართზე ნამდვილად ცხოვრობდნენ.
"კონტრაქტი 11 მაისს გავაფორმეთ და 3-თვიანი ვადა 11 აგვისტოს გადიოდა. დარღვეულია 3-თვიანი ვადის პირობა. იუსტიციის სახლში გვითხრეს, თუ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, სხვა ორგანოებს უნდა მიმართოთო. პოლიციას მივმართეთ, მაგრამ კანონდარღვევა არ დააფიქსირეს", - გვეუბნება ნათია კვარაცხელია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზეზით, მედიასთან კომენტარს ვერ გააკეთებენ.
მედიასთან არ საუბრობენ ბელარუსი და რუსი მდგმურებიც და ჟურნალისტებს ადვოკატთან ამისამართებენ.