Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით. მათ შორის მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად ილაპარაკა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ.

„ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს, - თქვა ღარიბაშვილმა და მიუბრუნდა „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებებს, - მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება.

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი”.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

„ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა (სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნუდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა) ელჩ კელი დეგნანის მისამართით არაერთი განცხადება გაავრცელა. მაგალითისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, 8 ივლისს, ერთ-ერთ წერილში, რომლის ადრესატიც, სწორედ, კელი დეგნანი იყო, აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას 8 ივლისს უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეგნანის განცხადება დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელია.

XS
SM
MD
LG