Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: „შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს“


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ რიგებიდან ცოტა ხნის წინ გასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კომენტარს „პოსტივის“ ეთერში გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, ელჩის განცხადება დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელი იყო.

„მოვისმინე ელჩის განცხადება ღია წერილთან დაკავშირებით. თავად ღია წერილს რაც შეეხება, ჩვენ ერთადერთ საკითხზე გვქონდა უთანხმოება ჩვენს სამ თანაგუნდელთან. ეს იყო ფორმა და დოზა. უკვე იყო საჯაროდ საუბარი ამაზე, რა დოზით ვამბობთ სიმართლეს და რა ფორმით განივრცობა სიმართლე, ამასთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა ჩვენ, ჩვენი აზრი. იგივე ღია წერილი არ არის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ. ამ სტატუსიდან სხვა პასუხისმგებლობა არსებობს. ასეთ დროს მიშა ყაველაშვილმა, რომელიც გამორჩეულად ღირსეული კაცია, დამოუკიდებელი დეპუტატია და მას აქვს უფლება, კითხვები დასვას (ამაში ჩვენ ვერ შევალთ, ფორმა სწორია თუ არა), დამოუკიდებელი დეპუტატია, მას აქვს თავისი უფლება, - აღნიშნავს კობახიძე და ელჩის კომენტარზე აკეთებს აქცენტს, - პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება. ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, იმიტომ, რომ მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, ერთი, თავი რომ დავანებოთ, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი წლების განმავლობაში და ა.შ., ამას, რომ თავი დავანებოთ, არის პარლამენტარი, ხალხის მიერ არჩეული კოლეგა. პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, არამედ შინაარსი ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, ეს პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს არის ძალიან სამწუხარო“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების გაკრიტიკებას მათზე თავდასხმად აფასებენ, „ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს“.

ირაკლი კობახიძის აზრით, „ელჩის განცხადება არის, რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და შეურაცხმყოფელი. ეს არის პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელი და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარე და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესიდან გამომდინარე, ეს პოზიცია დავაფიქსირო“.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ელჩს ყაველაშვილის ღია წერილის საპირისპიროდ არგუმენტები არ დაუსახელებია.

„მეორე, თვითონ შინაარსს რაც შეეხება, როდესაც საუბარია ტყუილებზე (აქ დეტალებში ვერ შევალ), მაგრამ, როდესაც საუბარია გარკვეულ ბრალდებაზე არჩეული პარლამენტარის მიმართ, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი. არ მახსოვს დეტალები, როდესაც საუბარია იმაზე, როდესაც მიშა ყაველაშვილი ციტირებს გიგაურს, მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯვნოდით ამას. რა არის ამაში ტყუილი, ხომ უნდა განიმარტოს. ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი? იგივე, ლომჯარია რომ ამბობს, რომ „ჯობია ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამო“. სირცხვილის ჭამა რა იყო, სანქციებს რომ არ მივუერთდით? მე თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე ხაზს გავუსვამ, მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია. ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია. ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა ისეთი რამ არის, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება. შინაარსიც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი“, - თქვა კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას 8 ივლისს უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მისამართით საყვედურის შინაარსით წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი კვლავ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი „ქართული ოცნების“ რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „არიან დიდი ძალები“, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“ აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შემუშავებული ნარატივია. მისი თქმით, ამ ნარატივის გასავრცელებელი გეგმის ნაწილი იყო „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის: დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის გამოყოფა.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

XS
SM
MD
LG