Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძის თქმით, პარტიიდან ხუნდაძის, სუბარისა და ყაველაშვილის გამოყოფა ეფესბეს გეგმის ნაწილი იყო


გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი
გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შემუშავებული ნარატივია. მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ნარატივის გასავრცელებელი გეგმის ნაწილი იყო "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის გამოყოფა.

"სპეციალურად რუსეთიდან საქართველოში მოვლენილი იქნა ეფესბეს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, რომ, თითქოს, მიმდინარეობს სანქციების დაწესება იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო იმ სამი ადამიანის გამოყოფა "ქართული ოცნებიდან", რომელსაც ეს უნდა გააკეთებინა. მაგრამ ეფესბეს მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა და სწორედ ამიტომ პირდაპირ "ქართული ოცნების" ლიდერებს მიეცათ დავალება მათივე ენით მიწოდება...

ახლა მომაგრებული არიან სპეციალურ კურატორები ეფესბეს მხრიდან, რომლებიც უკონტროლებენ "ქართული ოცნების" ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს", - თქვა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

იგი ამბობს, რომ იცის იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში მონაწილეობენ.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

XS
SM
MD
LG