Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, გიგაური, ლომჯარია და სხვები აჩენენ ეჭვის საბაბს, რომ დასავლეთია მეორე ფრონტით დაინტერესებული


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 14 ივნისს "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" და დღეს, 15 ივნისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახალხო დამცველის, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების განცხადებები ემსახურება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას.

"პალიტრანიუსთან" საუბარში ირაკლი კობახიძემ თქვა:

უკრაინაში ომის ფონზე, შესაძლოა, არსებობდეს სუბიექტური ინტერესი, შეიძლება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, არავითარ მოთხოვნაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შეიძლება ქვეცნობიერში, თუ როგორ იყო მოლოდინი, რომ აქაც წავიდოდა ეს აქტივობა და მოწოდებები, იყო ძალიან აქტიურად პირველი ერთი თვის განმავლობაში. მაგალითად, ეკა გიგაური, როდესაც პირდაპირ მოგიწოდებს ცხინვალს და სოხუმს თავს დაესხა, ეს არის გარკვეული დასკვნის გამოტანის საფუძველი, რომ... ეკა გიგაური, [დავით] უსუფაშვილი, მერე უკან დაიხია, მაგრამ ღია ტექსტით დაიწყო თავიდან საუბარი, [გიორგი] მარგველაშვილი საუბრობდა, ახლა იარაღს უნდა ვყიდულობდეთ და ბოლომდე უნდა შევიარაღდეთ ამ სიტუაციაში. ცოტა ირიბი თუ იყო მარგველაშვილის განცხადება, გიგაურის განცხადება და „მთავარზე“ კამპანია რაც იყო აწეული, პირდაპირ საუბრობდნენ ცხინვალში და სოხუმში შესვლაზე“, - აღნიშნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადების კომენტირებისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა. მან ეკა გიგაურის ციტატის ფრაგმენტი მოიხმო, რომელიც, მისი მტკიცებით, ირაკლი კობახიძის ნათქვამის არგუმენტირებულობას მოწმობდა. ამასთან, სუბარის თქმით, მისთვის გაუგებარია, „ომში ჩართვის მოწოდებების“ გამკეთებელ ადამიანს ორგანიზაცია როგორ აჩერებს ხელმძღვანელის პოსტზე.

„ეკა გიგაური: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“ , - ეს არის პირდაპირი მოწოდება ომისთვის, სხვანაირად ამის გაგება შეუძლებელია. არ ვიცი მას რამდენი ენა აქვს, რამდენად იგებს საკუთარ ნათქვამს, მაგრამ სხვანაირად ამის გაგება არ შეიძლება და თანაც, ეს თქვა იმ დროს, იმ პერიოდში, როცა საქართველოში ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ომისკენ მოწოდება და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები. ზუსტად ერთი-ერთში იმ პერიოდში თქვა და ეს არის პირდაპირი მოწოდება ომისკენ და როცა ადამიანი თან ამბობს, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ამავე დროს ცდილობს, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, არ მესმის ეს ორგანიზაცია რატომ აჩერებს თავის ხელმძღვანელად", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს, 15 ივნისს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს სთხოვეს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარის შეფასება - რატომ უწოდა მან რუსული დეზინფორმაცია განცხადებებს იმის შესახებ, რომ „აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი“.

კობახიძის თქმით, თუ ეს რუსული დეზინფორმაციაა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები უნდა გაემიჯნონ მათ მიერ გაკეთებულ იმგვარ განცხადებებს, რომლებიც ექსპერტთა ნაწილს ანალიზის საფუძველზე უჩენს ლოგიკურ აზრს, რომ დასავლეთია ჩართული მეორე ფრონტის პროპაგანდაში.

მისი სიტყვებით,თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, მაშინ გამოდის, რომ, აქ მაქვს, მაგალითად, გიგაურის განცხადება, ლომჯარიას განცხადება, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის განცხადებები, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და ა.შ. მაშინ ყველა ესენი გამოდის, რომ არიან რუსეთის აგენტები. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს და ამწიფებენ ამ აზრს და მათ შორის ისინი ფინანსდებიან, მათი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, ენჯეოები, იმ წყაროებიდან, რაც ამ ეჭვებს მერე აღრმავებს. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქედან გამომდინარე, ნაცვლად ზოგადი განცხადების გაკეთებისა, სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან, მაგალითად, გიგაურის განცხადებას, ემიჯნებიან ლომჯარიას განცხადებას, ემიჯნებიან უსუფაშვილის განცხადებას, ემიჯნებიან მარგველაშვილის განცხადებას და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ასეთი განცხადებები დიპლომატების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში არავის ექნება იმის საბაბი, რომ ისაუბროს ასეთ ინტერესებზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო ეს ეჭვები ცალკე თემაა, მაგრამ „არავინ არ უნდა დატოვოს არავითარი შანსი ასეთი ეჭვების გაჩენისთვის". მისი სიტყვებით, ეკა გიგაურის ასეთი განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმით საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით.

გიგაური როდესაც ამას ამბობს, 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, როდესაც გიგაური ამას ამბობს, მერე ეს ვიღაცისგან მიეწერება, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ, როდესაც გიგაური ამას ამბობს, იქ აუცილებელია მოხდეს ამ განცხადების უარყოფა მყისიერად.

კობახიძის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარტია „ლელოს“ წვერი დავით უსუფაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი თუ გაემიჯნებიან თავიანთ განცხადებებს, მაშინ ვიღაც ექსპერტებს აღარ ექნებათ საბაბი ასეთ ვერსიებზე სასაუბროდ.

„და ახლა ისინი თვითონ ქმნიან ასეთ საბაბს, რომ ექსპერტები ალაპარაკონ დასავლეთის ინტერესზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“, - თქვა კობახიძემ.

რადიო თავისუფლება პარტია „ქართული ოცნებისგან“ ელის ინფორმაციას, ხსენებული ადამიანების კონკრეტულად რომელ ციტატებს გულისხმობდა ირაკლი კობახიძე. მან ბრიფინგზე მხოლოდ ეკა გიგაურის ციტატიდან წაიკითხა ფრაგმენტი. ეკა გიგაურის მიერ 23 მარტს გაკეთებული კომენტარი იძებნება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებსაიტებზე.

ამ კომენტარში ეკა გიგაური უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს:

"ინტერპრესნიუსი":

საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო, მთავარი საფრთხეა, რომ შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა ვერ გამოვიყენოთ. არასწორ დისკუსიებს ვატარებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკება ხალხს და არ ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და არის ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწორი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი მთავრობა და ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს პასუხი გავცეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც დამსწრე იქნება როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პრეზიდენტი და მმართველი პარტია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

იდენტური შინაარსითა და კონტექსტით არის გიგაურის განცხადება გამოქვეყნებული "პირველი არხის" ვებსაიტზე.

"დაშინება და შეშინება ადამიანების არის არასწორი, ეს საფრთხე დღეს არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და შესაბამისად, იქ არ ყოფნის რესურსები, ამიტომ ის ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორი მიმართულებით უნდა წავიყვანოთ დისკუსია და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ასევე ყველანაირად ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "არც ეკა გიგაური და არც დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას არ ითხოვს".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „მეორე ფრონტის“ თემას მოგონილი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-იდან და ევროპიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა მეორე ფრონტის შესახებ.

ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის მიერ 26 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. დანილოვმა თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

XS
SM
MD
LG