Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვა ძლიერი და ნათელია - დეგნანი


კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მოსაზრება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას წარმოადგენდა, იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, იყო პირდაპირი, ძლიერი და ნათელი, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური.

ელჩის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ შეფასებაშიც ნათქვამია, რომ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება.

„ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენის ხანგრძლივობა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში უკანონო მოსმენებისა და მიყურადების მასობრივი [შემთხვევების ]შესახებ გახმაურდა, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც ერთ-ერთი უნივერსიტეტში მიმდიმარე ღონისძიებას ესწრებოდა.

მისი თქმით, „ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“.

ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა 26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად“ და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი“.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება ე.წ. მოსმენების კანონზე.

"ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

პატრტია "ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის, მათ შორის, არც ვენეციის კომისიის მიერ, არც პრეზიდენტის მხრიდან:

"ის [პრეზიდენტი] ვალდებული იყო, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოედგინა. არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის და თვითონაც [სალომე ზურაბიშვილმა] ახსნა, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივი".

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

.

XS
SM
MD
LG