Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინის გალია მარიუპოლის ფილარმონიაში და 80 საქმე - რუსეთი "აზოვს" ტრიბუნალს უმზადებს


24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, წელს, 6 თვე შესრულდა ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ამ სასტიკი ომის ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდად უკვე იქცა ქალაქ მარიუპოლის გმირული დაცვა. მარიუპოლის დამცველების მთავარ ძალას - ბატალიონ „აზოვს“ კრემლი სასტიკ „ტრიბუნალს“ უმზადებს.

რუსეთის მიერ შექმილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან (ДНР) იტყობინებიან, რომ „საერთაშორისო ტრიბუნალი“ ქალაქ მარიუპოლში, ღია წესით - მარიუპოლის ფილარმონიაში ჩატარდება. სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალურ რკინის საკანს ამზადებენ. ასევე იუწყებიან, რომ პროცესი სირიის, ირანის, ჩრდილოეთი კორეისა და ბოლივიის მონაწილეობით გაიმართება.

ზოგიერტი ექსპერტის ვარაუდით, „აზოველებს“ შესაძლოა სიკვდილით დასჯის განაჩენსაც უმზადებენ.

სამხედრო ექსპერტებისთვის უდავოა, რომ „აზოვის“ მებრძოლებმა, მარიუპოლის სხვა მცველებთან ერთად, შეძლეს რუსეთის არმიის ხანგრძლივად შეკავება ომის გადამწყვეტ ეტაპზე და, შესაბამისად, რუსეთმა სამხედროები ფრონტის სხვა ნაწილში, და მათ შორის - კიევისკენ ვეღარ გადაისროლა.

უკრაინის ეროვნული გვარდიის შენაერთის - ბატალიონ „აზოვის“ წევრები, „აზოვსტალში“ მყოფ სხვა მებრძოლებთან ერთად, 2-თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რუს სამხედროებს მაისში ჩაბარდნენ ტყვედ.

აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

მზადება საჩვენებელი „ტრიბუნალისთვის“

თუკი დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, „აზოველები“ უახლოეს დღეებშიც კი გაასამართლონ.

„ДНР“-ის ლიდერმა, დენის პუშილინმა, რომელიც მანამდე „ტრიბუნალის“ „ზაფხულის ბოლომდე“ გამართვას აანონსებდა, 22 აგვისტოს რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხს - „როსია 24“-ს უთხრა, რომ უკვე სრულად არის შეგროვებული „საგამოძიებო მასალები 80 ეპიზოდთან“ დაკავშირებით, რაც „აზოვის“ წევრთა „მძიმე დანაშაულებს“ ადასტურებს.

პუშილინის განცხადებები ემთხვევა მოსკოვიდან გავრცელებულ ცნობებს, რომ ტყვეები - „მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის“ გასამართლდებიან. „აზოველებს“ ბრალდებათ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია და მათ შორის - კანიბალიზმიც.

ბატალიონი „აზოვი“ 2014 წელს მოხალისეების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც წარსულში, ნაციონალისტური, რადიკალური მიდგომების გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია და შს სამინისტროს ექვემდებარება, როგორც ოფიციალური შეიარაღებული შენაერთი.

ინფორმაცია „აზოვის“ წინააღმდეგ „ტრიბუნალის“ წესდების პროექტის მომზადების შესახებ, დონეცკიდან ჯერ კიდევ 27 ივლისს გავრცელდა. ითქვა, რომ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის პროკურატურა. იმავე პერიოდში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა თქვა, რომ განიხილება პროცესში სირიის, ირანისა და ბოლივიის ჩართვა. ბოლო პერიოდში კი ამ ჩამონათვალს ჩრდილოეთი კორეაც დაამატეს.

პუშილინი ამბობს, რომ აწ უკვე „ტერორისტული ორგანიზაციის“ - „აზოვის“ წევრები „მაქსიმალურად ღია პროცესზე“ გასამართლდებიან და „ყურადღებას არავინ მიაქცევს“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს, რომ „აზოველების“ გასამართლება წერტილს დაუსვამს ყველანაირი მოლაპარაკების შესაძლებლობას.

„აზოვის“ მებრძოლების საჩვენებელი "ტრიბუნალისთვის", როგორც იუწყებიან, უკვე კარგა ხანია მზადდება მარიუპოლის ფილარმონია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს კომისიის წევრმა ალექსანდრ დიუკოვმა 10 აგვისტოს რუს ჟურნალისტებს სპეციალური რკინის საკანიც აჩვენა, სადაც პროცესის დროს ბრალდებულები იქნებიან განთავსებული. უკრაინაში ეს საკანი გალიას შეადარეს.

რას უპირებენ „აზოველებს?“

უკრაინელი ექსპერტების ვარაუდით, ე.წ. ტრიბუნალისთვის რუსეთმა დონეცკის საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ შეარჩია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ივლისში, იქ გააუქმეს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის განაჩენზე. რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის ტელეგრამარხზე ივნისში წერდა, რომ „ДНР“-მა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სასჯელის უმაღლესი ზომა, რადგან ამას იმსახურებენ „ფაშისტები“„კიევის ნაციონალისტური რეჟიმიდან“.

ივნისში სასჯელის უმაღლესი ზომა „ДНР“-ში უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

"მედიაზონა" იტყობინებოდა, რომ სიკვდილმისჯილი სამივე მსჯავრდადებული ომის დაწყებამდე ჩავიდა უკრაინაში. ისინი გაწევრიანდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფეხოსანთა 36- ბრიგადაში, რომელიც "აზოვის" პოლკთან, მესაზღვრეების რაზმსა და ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს.

"აზოვის" მებრძოლები, რომელთა გათავისუფლებაც ტყვეთა გაცლის პროცესში, ივნისში, მოხერხდა, ჰყვებიან, რომ ელენოვკის კოლონიაში ყოფნის დროს რუსები მათ უსვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც თავისთავად ბრალდებებსაც მოიცავს.

„შეკითხვა ასე კი არ იყო ფორმულირებული, რომ, მაგალითად - ხომ არ დაგინახავს, ვინ ესროდა მშვიდობიან ადამიანებს?... არამედ, შეკითხვას გვისვამდნენ ასე - რატომ ესროდით მშვიდობიან ადამიანებს? თვითონ შეკითხვები გამორიცხავდა პასუხს, რომ - მე არ ვესროდი მათ... ისინი გვაბრალებენ ჩვენ იმას, რასაც თავად აკეთებენ... თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ბრალდებები ექნებათ ამ ფეიკ-სასამართლოს დროსაც“, - თქვა 22 აგვისტოს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე „აზოვის“ მებრძოლმა კოდური სახელით „ვიკიპედია“.

2022 წლის, 29 ივლისს, დონეცკის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ელენოვკაში მდებარე კოლონიაში, სადაც მაისში ტყვედ ჩაბარებული მარიუპოლის მცველები განათავსეს, აფეთქების შედეგად, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლებამაშკარა ტყუილიდაპროვოკაცია“ უწოდა რუსეთის ბრალდებას, რომ კიევის რეჟიმმა“ ეს „სისხლიანი პროვოკაცია HIMARS-ების მეშვეობით განახორციელა. თავად „აზოველების“ ვერსიით, ტყვეები რუს სამხედროებს წამებისას შემოაკვდათ და აფეთქებაც კვალის დამალვის მიზნით მოაწყვეს. გათავისუფლებული ტყვეები სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობენ, ჭრილობებში ნემსების ჩარჭობის ჩათვლით.
ტყვეთა გაცვლაზე (ფორმულით 144/144-ზე), კიევი და მოსკოვი ივნისში შეთანხმდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ტელეგრამზე იტყობინებოდა, რომ გათავისუფლებული 144 უკრაინელი მებრძოლიდან 95 – „აზოვსტალის მცველია; ხოლო 43 – „აზოვის“ ბატალიონის წევრი.

"აზოვის მებრძოლები" არ გამორიცხავენ, რომ - ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, თანამოაზრისა და თანამშრომლის - დარია დუგინას აფეთქება, შესაძლოა, გამოიყენონ მარიუპოლში დაგეგმილ "ფეიკ-სასამართლოზე".

მებრძოლი კოდური სახელით - „ვიკიპედია“ არც იმას გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, რუსი სამხედროები, კოლონიაში აწამებენ ჯერ კიდევ ტყვედ მყოფ მის თანამებრძოლებს, რათა ათქმევინონ, რომ - იცნობდნენ ეფესბეს მიერ დუგინას მკვლელად დასახელებულ უკრაინელ ქალს, ნატალია ვოვკს, რომელზეც რუსული სპეცსამსახურები ამბობენ, რომ „აზოვის" წევრი იყო.

„აზოველები“ პრესკონფერენციაზე ასევე ამბობენ, რომ ეს პიროვნება მანამდე არასოდეს უნახავთ და სამხედრო ფორმა, რომელიც ნატალია ვოვკს რუსეთის მიერ ნაჩვენებ ფოტოზე აცვია - არ არის „აზოვის“ ფორმა და მათ მსგავსი ფორმა არასდროს ჰქონიათ.

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ბლოკირება 2022 წლის 2 მარტს დაიწყო და ქალაქი ალყაში იყო 20 მაისამდე;
„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბრძოლები 18 მარტს დაიწყო, როცა ბატალიონი „აზოვი“ ამ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრდა;
საკვებისა და ტყვიაწამლის სრულად გამოლევის შემდეგ - „აზოვის“ მებრძოლები რუს სამხედროებს ჩაბარდნენ. ეს პროცესი, ეტაპობრივად, 16-დან 20 მაისამდე მიმდინარეობდა;
კიევის ცნობით, ტყვედ ჩაბარების წინ, სამხედროებმა მიიღეს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება - გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე;
კიევის ცნობით, „აზოვსტალის“ მცველებიდან ტყვედ ჩაბარდა 2500-ზე მეტი მებრძოლი; ხოლო მოსკოვის მიერ დასახელებულია - 2439.

სხვადასხვა დროს, რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ტყვედ ჩაბარებული "აზოველების" რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანის შესახებ. როგორც იუწყებოდნენ, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიყვანეს "აზოვის" ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის. როგორც პროკოპენკოს მეუღლე კატერინა პროკოპენკო უკრაინულ გამოცემა „Suspiliny“-სთან აღნიშნავს, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ვერც წითელი ჯვრისგან მიიღო.

როგორც ტყვეობიდან გათავისუფლებულმა "აზოველებმა" აღნიშნეს 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, წითელი ჯვარი მათ სანახავად, კოლონიის ტერიტორიაზე ვერ შედიოდა.

უკრაინის მოქალაქეების რუსეთში გადაყვანის მიზნითა და „აზოველების“ ამოსაცნობად, რუსებმა სპეციალურად შექმნეს ე.წ. ფილტრაციის ბანაკები დონეცკის ოლქში. ისინი მარიუპოლიდან გამოსულებს ყურადღებით უთვალიერებდნენ სხეულს და ეძებდნენ ტატუს, რომელიც ყოველ „აზოველს“ აქვს.

ქალაქ მარიუპოლს ამ ეტაპზე რუსი სამხედროები აკონტროლებენ. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად, მარიუპოლში დაინგრა საცხოვრებელი შენობების თითქმის 90% და კერძო სახლების თითქმის 60%. დაღუპულად გამოცხადდა 10 ათასი ადამიანი; თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი ორჯერ უფრო მაღალი იყოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG