Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმის მოლოდინში - საქართველოში „ხანძრების სეზონი“ დაიწყო 


ხანძარი ბორჯომში
ხანძარი ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ტყეში ხანძარი 4 დღის წინ, 19 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი თანდათან სოფელ დგვარის ტყესაც მოედო. ოფიციალური ცნობებით, ახლა იგი დაახლოებით 150 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

თუ ქარი არ მოიმატებს და ამინდი საშუალებას მოგვცემს, პრინციპში, ერთი ან ორი დღის ფარგლებში, ხანძრის კერები სრულად უნდა ჩაქრეს“, - თქვა დღეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჯარიც მონაწილეობს. ბორჯომში არიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრები.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცეცხლის კერები, საიდანაც ხანძარი დასახლებული პუნქტების მიმართულებით მიდიოდა, ჩამქრალია: ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო. ასევე, ცოცხალი ძალა“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასთან ერთად ბორჯომში ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა, წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, - თქვა ვახტანგ გომელაურმა, - როცა საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, მაშინ ჩაერთო ვერტმფრენი. გუშინ ვერ იმუშავეს ფიზიკურად, მარტო ოთხჯერ დაასხეს წყალი, ისეთი ქარი იყო, ვერ ფრინდებოდნენ ვერტმფრენები. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, დაიწყეს მუშაობა, თუმცა ქარი ამოვარდა და ქარმა გაავრცელა ეს ცეცხლი... ვერტმფრენი ამ დროს უნდა ჩაერთოს და ამ დროს არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს მსოფლიოში, მარტო ჩვენთან კი არა, არსად არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ - გაუჭირდათ, ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა, გამოიძახეს და ჩამოვიდა. რამდენიმე დასხმა მოასწრეს, მაგრამ ისეთი ქარი იყო, რომ დანარჩენი ვერტმფრენები ვეღარ წამოვიყვანეთ“.

გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ზოგადად ბორჯომის ხეობაში ტემპერატურა მაღალია, რეგიონი - მშრალი, ამის გამო აქ ხანძრის ალბათობაც მატულობს: თან ახლა, როცა მოსახლეობა, დამსვენებლები ბევრია. სხვაგანაც იქნება ხანძრები, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა კარგა ხანია არ ყოფილა“.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ტყის ხანძრების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ექსპერტები ერთმანეთს 30-წლიან პერიოდს ადარებენ, კერძოდ, 1956-1985 წლების პერიოდის კლიმატს და 1986-2015 წლებისას. მათ შორის სხვაობა 0.5 გრადუსია, ანუ საქართველოში 30 წლის განმავლობაში ტემპერატურამ საშუალოდ ნახევარი გრადუსით მოიმატა. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც კლიმატის ცვლილება გაუდაბნოებას იწვევს. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსი კლებულობს. დნება მყინვარები, შრება მდინარეები, იწვის ტყეები.

„20-30 წლის წინ წელიწადში ტყის ხანძრის 10-30 შემთხვევა თუ იყო, ახლა არის 70-80. ჯამურად ჯერ დიდი ფართობი არ იწვება, სულ რამდენიმე ჰექტარი, მაგრამ შემთხვევები მატულობს და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს გეგმა, რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს“, - ამბობს კახა არცივაძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ წარმომადგენელი.

ხანძარი აწყურში, 2010 წელი
ხანძარი აწყურში, 2010 წელი

მისი თქმით, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც ტყის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს ავალდებულებს მოამზადონ სახიფათო ზონების რუკები, გამოვლინდეს ის მონაკვეთები, სადაც ხანძრის გაჩენის ალბათობა მაღალია, მისი ჩაქრობა კი გაჭირდება.

რა თქმა უნდა, მთელ საქართველოზე ასეთი გეგმები არ არსებობს, არც გამოცდილება არ არის, რადგან მანამდე არ გქონდა მსგავსი პრობლემები. ახლა ეს ძალიან აქტუალური თემა ხდება. ჩვენს სამეზობლოში, თურქეთში როგორი ხანძრები იყო, კურორტებიც კი დაიწვა. ჩვენთანაც შეძლება იგივე მოხდეს. სპეციალური ტექნიკაა საჭირო, ვერტმფრენები. ახლა ჩვენ სასაზღვრო ვერტმფრენებს ვიყენებთ. 2017 წელს ხანძარი რომ იყო, ელიავაზე დარბოდნენ და ტყის ჩამქრობ ინსტრუმენტებს მაშინ ყიდულობდნენ. წყლის რეზერვუარები ახლოს უნდა იყოს ტყესთან, ვერტმფრენს 40 წუთი არ უნდა სჭირდებოდეს წყლის მოსატანად, 2017 წელს კი ვერტმფრენი საერთოდ წყალში ჩავარდა“, - ამბობს კახა არცივაძე.

ხანძარი ბორჯომის ტყეში, 22 აგვისტო, 2017 წელი
ხანძარი ბორჯომის ტყეში, 22 აგვისტო, 2017 წელი

წლევანდელი სტიქია ბორჯომის ტყეებისთვის პირველი არ არის. 2008 წლის ბორჯომის ხანძარი საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა. ბორჯომის ტყეებს ცეცხლი 2010 წელსაც წაეკიდა. ორი ხანძარი გადაიტანა აბასთუმანმაც. 2005 წელს აქ 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა. ხანძარი განმეორდა 2017 წელსაც. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ხანძარი იყო სხვა კურორტებზეც - ლიკანში, წაღვერში და, ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული სვანეთით, დამთავრებული თუშეთით.

„ისევ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ დიდი ხანძრების გასამკლავებლად მზად არ ვართ. ხანძრის ჩაქრობის ზუსტი ინსტრუქციები არ არსებობს. ხანძარი სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა დინამიკით ვითარდებოდა. იკვეთება, რომ შეცდომები დაუშვეს და უფრო ადრეც შეიძლებოდა მისი ჩაქრობა. პრევენციის კუთხითაც მოდუნდა ყურადღება, მთელი ზაფხულის განმავლობაში შედიოდა შსს-ში ზარები, რომ იწვოდა მინდვრები, მაგრამ რეაგირება არ იყო, - ამბობს რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი, - ბორჯომის ხეობა უნიკალურია. ნახანძრალი ტყეების აღდგენა ადვილად არ ხდება. კიდევ უფრო ზუსტი ინსტრუქციებია გასაწერი. ისევ გვაქვს გზების პრობლემა, მანქანები ყველგან ვერ მიდიან, ისევ არ გვყავს ვერტმფრენი. იმ ზიანის ფასად, რომელიც სახელმწიფ ომ მიიღო, ათ ვერტმფრენს ვიყიდდით“.

ამ დროისთვის, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG