Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი ტყის წინააღმდეგ - გარემოს დამცველები ახალ „დამღუპველ ცვლილებებზე“ საუბრობენ


თუშეთი, 2017 წელი.
თუშეთი, 2017 წელი.

ტყის კოდექსი ტყეებს გაჩანაგებით ემუქრება - გარემოს დამცველები კანონში შეტანილი ცვლილებების გადახედვას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ცვლილება კერძო ინტერესებზეა მორგებული და კორუფციის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ცვლილებები, რომელიც ექსპერტების უკმაყოფილებას იწვევს, ტყის კოდექსში ჯერ კიდევ 2021 წელს შევიდა. თუ მანამდე ტყეს ტყის სტატუსი მხოლოდ ორი მიზეზით შეუწყდებოდა, დაემატა მესამეც -„საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა“. არასამთავრობო სექტორმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს მესამე პუნქტი კორუფციას და ხეების გაჩეხვას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ტყის შენარჩუნებას. თავის მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ პრობლემას კანონქვემდებარე აქტებით გამოასწორებდა. ცვლილებები დადგენილებაში („ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“), რომელსაც საქმე უნდა „გამოესწორებინა“, სამინისტრომ ივლისში წარმოადგინა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება.

„მთავრობამ აიღო ვალდებულება პარლამენტის წინაშე, რომ რისკების პრევენციას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, არ შესრულდა , - ამბობს რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი, - დღეს რაც აქვს სახელმწიფოს, ეს არის მილიარდობის ღირებულების ტყე და ამის გასხვისებას იწყებს. კერძო ინტერესების გამო ძალიან მაღალ ღირებულებებზე ამბობენ უარს... ბოლო წლებში სისტემატურად ხდებოდა ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვა და ეს ცვლილება ამას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. CENN-ის მონაცემებით, 2016 წლიდან 2021 წლამდე მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ტყის სტატუსი მოხსნილი აქვს და გასხვისებულია 18 ათასი სატყეო მიწა.

რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებები ყირაზე აყენებს ტყის კოდექსს, რომლის შესადგენად და მისაღებად ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უამრავი დრო და ფული დახარჯეს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებულმა პირმა ჰექტარზე არანაკლებ 350 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე, ტყის მართვის ორგანოს თითოეულ ჰექტარზე კომპენსაცია, 60 000 ლარი, გადაუხადოს.

არც ერთი ინვესტორი ტყის განვითარებაში ინვესტიციას აღარ ჩადებს, რადგან ახლა სახელმწიფო უკეთეს პირობებს სთავაზობს. ეუბნება, თუ გაქვს 350 000 ლარი, საერთოდ გავაუქმებ ტყის სტატუსს, ყველა ვალდებულებისგან გაგათავისუფლებ, ააშენე რაც გინდაო. პირიქით, ვალდებულსაც ხდის, რომ მინიმუმ 350 ათასი ლარი დახარჯოს, ანუ მსუბუქი ინფრასტრუქტურა კი არ უნდა გააკეთოს, სახლები უნდა ააშენოს“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი, - „ტყეების ამორიცხვისთვის კანონპროექტით დადგენილი საკომპენსაციო თანხა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 10-50-ჯერ ჩამოუვარდებოდეს მიწის საბაზრო ღირებულებას. ცვლილებები არ მოიცავს მოთხოვნებს პრივატიზაციის ფორმასთან დაკავშირებით. მაგალითად, არაა გაწერილი აუქციონით გაყიდვის ვალდებულება, რაც ტოვებს სახელმწიფო ქონების შერჩევითად გაცემის შესაძლებლობას - პირდაპირი მიყიდვით, სიმბოლურ ფასში და ა. შ. სახელმწიფო ტყეები მოიცავს ათასობით ჰექტარ ტერიტორიას, სადაც მიწის საბაზრო ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 100 ლარს აღემატება, ზოგჯერ რამდენჯერმეც კი. მსგავსი მიწების გასხვისებით, სახელმწიფო ბიუჯეტმა შეიძლება დაკარგოს მილიონ ლარზე მეტი ერთ ჰექტარზე. ათასობით ჰექტარის ამორიცხვის შემთხვევაში, ფინანსური დანაკარგი მილიარდები იქნება“.

თანხის ოდენობიდან (350 000 ლარი) გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის კერძო ინტერესებზე მორგებული კანონი, იმისთვის, რომ ვინმემ ტყეში აგარაკი ჩაიდგას, ან ბიზნესი წამოიწყოს. ამასთან, ეს შეიძლება შუა ტყეშიც მოხდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ ლანდშაფტი, ეკოსისტემაც ზიანდება.

ამინისტრომ დაასკვნა. ხდება შემდეგ? არაფერი

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც არასამთავრობო სექტორს ამ დადგენილებასთან აქვს, დასკვნის მომზადების წესია. იმისთვის, რომ ტყეს სტატუსი შეუწყდეს, გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნაა საჭირო. ამ ცვლილებების მიხედვით, დასკვნა მზადდება მარტივი ადმინისტრაციული წესით, რაც იმას გულისხმობს, რომ საზოგადოება პროცესში ნაკლებად იქნება ჩართული. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ტყის მართვასთან, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, მართალია, სამინისტრო დასკვნას ამზადებს, მაგრამ ისე გამოდის, რომ მას არანაირი ძალა არა აქვს, რადგან დადგენილებაში წერია, რომ სამინისტროს უარყოფითი დასკვნა ადმინისტრაციულ პროცესს არ აფერხებს“.

რა დასკვნაც არ უნდა მიიღოს სამინისტრომ, მთავრობა არანაირ ყურადღებას არ მიაქცევს. შეუძლია თავად გამოსცეს დადგენილება და ტყეს ტყის სტატუსი მაინც შეუწყვიტოს“, - ამბობს ალექსი მერებაშვილი. იურისტი საუბრობს კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც, მისი აზრით, არანაკლებ დამღუპველია - უძრავი ქონების აღიარების წესით მიწის ნაკვეთებს რომ არეგისტრირებდნენ, ეს წესი ახლა ტყეზეც გაავრცელეს. ანუ თუ ვიღაცამ 2007 წლამდე თვითნებურად ტყეში ნაკვეთი შემოღობა, შეუძლია აღიარების წესით დაიმტკიცოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.

ნიშნავს თუ არა 75% ყოველთვის ერთი და იგივეს?

ამ პუნქტით ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეულ ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების არანაკლებ 75%-ის შენარჩუნება, - ნათქვამია დადგენილებაში.

მაგალითად, ჰექტარზე გვაქვს 250 ასწლოვანი სოჭი და მინიმუმ 750 ახალი აღმონაცენი. ნორმა შესრულებულად ჩაითვლება, თუ მოვჭრით ყველა ხეს და დავტოვებთ ყველა აღმონაცენს.
ალექსი მერებაშვილი

მერებაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დადგენილებისგან განსხვავებით, ტყის კოდექსში ეს პირობა განსხვავებული შინაარსით არის ჩამოყალიბებული, იქ დაინტერესებულმა პირმა არანაკლებ ტერიტორიის 75% უნდა შეინარჩუნოს. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ მხოლოდ მცენარეების რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, შესაძლოა ასეთი სურათი მივიღოთ. მაგალითად, ჰექტარზე არის 100 ცალი მერქნიანი მცენარე, ინვესტორს ეძლევა უფლება მოჭრას 25 და დატოვოს 75 ცალი. მცენარეთა ზომიდან და ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა 25-მა ხემ ფართობის 50 და მეტი პროცენტი დაიკავოს, რაც ტყის კოდექსის მოთხოვნას დაარღვევს.

ან, მაგალითად, ჰექტარზე გვაქვს 250 ასწლოვანი სოჭი და მინიმუმ 750 ახალი აღმონაცენი. ნორმა შესრულებულად ჩაითვლება, თუ მოვჭრით ყველა ხეს და დავტოვებთ ყველა აღმონაცენს.

გარემოს დამცველები მოითხოვენ, სადავო დადგენილება არ ამოქმედდეს. გარემოს დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, იგეგმება მორიგი განხილვის მოწყობაც (თუმცა არა საჯარო).

უფრო კონკრეტული კომენტარისგან ამ ეტაპზე სამინისტრომ თავი შეიკავა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG