უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორები ნაღმებით თავდასხმას გაუძლებს, მიიჩნევს გერმანელი ექსპერტი ვოლფგანგ რასკობი, ბირთვული უსაფრთხოების ტექნოლოგიის სპეციალისტი, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომელი. რაკსობმა გერმანიის მედიას განუმარტა, რომ ზაპოროჟიეს სადგური თანამედროვე ნაგებობაა და რეაქტორები დაფარულია ე.წ. „შემაკავებლებით.“ მაგრამ, მისი თქმით, მიზნობრივი სარაკეტო თავდასხმა გამოიწვევდა იაპონიაში ფუკუშიმას მსგავს ატომურ კატასტროფას უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის.
რასკობი ამასთან თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლება ატომური ავარიის შემთხვევაში, რუსეთთან ომის გამო, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს ვითარებასთან გამკლავებას. თვით იმ ელექტროსადენების დაზიანების დროს, რომლებიც დენს გადასცემს სადგურიდან, საჭირო იქნება სადგურის ხანგრძლივად ელექტროდენით მომარაგება, რათა რეაქტორების გაჩერების შემთხვევაში მათი გაციების პროცესი გაგრძელდეს.
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავდასხმაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. სადგური რუსეთის ძალებს აქვთ დაკავებული, მაგრამ მას უკრაინული პერსონალი მართავს.