Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იზრდება ევროპაში ენერგეტიკის გადასახადი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ელექტროენერგიისა და საწვავის გლობალური საბითუმო ფასების ზრდა იმას ნიშნავს, რომ ევროპის ოჯახებს წელს დენისა და გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ. მომხმარებელთა დაცვის ჯგუფები ამბობენ, რომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს რეგიონში „საწვავის სიღარიბე“ ემუქრებათ.

რატომ იზრდება ფასები?

კომპანიები გაზისა და ელექტროენერგიის შეძენისას საბითუმო ფასს იხდიან, ვიდრე მომხმარებლამდე მიიტანდნენ. ისევე, როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, ენერგეტიკის გადასახადიც შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს - მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად.

როგორც წესი, ფასები იზრდება ზამთარში, როდესაც მეტი მოთხოვნაა გათბობასა და განათებაზე და ზაფხულში ეცემა.

შარშან ფასებმა მკვეთრად დაიწყო ზრდა, სექტემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგ ისევ გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ომის დაწყებამდე გერმანიის მთავრობამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რომელსაც რუსეთის მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზი უნდა გაეორმაგებინა. ივლისში კი რუსეთმა 20 პროცენტამდე შეამცირა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გაზის მიწოდება და მიზეზად მილსადენის შეკეთება დაასახელა.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ეს მხოლოდ საბაბია და რეალურად მოსკოვი ცდილობს დასავლეთს სამაგიერო გადაუხადოს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.

მოთხოვნა გაზარდა ასევე საფრანგეთში ატომური სადგურების გათიშვამ და ევროპაში რეკორდულად მაღალმა სიცხეებმა.

რამდენ ხანს გასტანს ეს?

ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაღალი ფასები სულ მცირე ორი წელი შენარჩუნდება.

გლობალური კონკურენცია გაზსა და ნახშირზე ფასებს ამ ზამთარს მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნებს. თუ რუსეთი კვლავ შეწყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროპის ქვეყნები გაზის მარაგებს ზრდიან, თუმცა თუ ზამთარი განსაკუთრებულად ცივი იქნა, ეს მარაგები მალე ამოიწურება.

რატომ იზრდება საცალო ფასი?

ენერგეტიკული კომპანიები გაზრდილ საბითუმო ფასს შემდეგ გაზრდილ გადასახადზე ასახავენ. დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობა დენისა და გაზის ფასს ერთად იხდის, გადასახადის საბითუმო ფასი მთლიანი ხარჯის 40 პროცენტს შეადგენს.

მიმწოდებლებს შეუძლიათ დენი ან გაზი რამდენიმე დღით ან თვით ადრე შეიძინონ - ისინი ცდილობენ ივარაუდონ, თუ როდის გაიზრდება მოთხოვნა და რამდენის შეძენა დასჭირდებათ მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

თუ მათი მარაგი არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ შეიძლება გაზრდილი ფასის გადახდა მოუწიოთ - ბაზრის ვითარების შესაბამისად.

რას აკეთებენ მთავრობები?

ევროკავშირმა ივლისში წევრ ქვეყნებს სთხოვა, ნებაყოფლობით შეემცირებინათ გაზის მოხმარება 15 პროცენტით. ამას შესაძლოა სავალდებულო ზომებიც მოჰყვეს.

ევროპის ზოგიერთმა მთავრობამ მოხმარების შესამცირებლად ზომები უკვე მიიღო - მათ საჯარო და კომერციულ შენობებში ჰაერის კონდიცირების და გათბობის დონის რეგულირება დაიწყეს.

გერმანია გაზის საგანგებო სამდონიანი გეგმის მეორე დონეზე გადავიდა. მესამე ეტაპი ბიზნესებისთვის გაზის მიწოდების შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ზოგი მთავრობა გადასახადების სუბსიდირებას გეგმავს, ან აუქმებს გარემოს დაცვისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებს.

რის გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს?

ევროპის გაზის მოხმარების 30-40% ოჯახებზე მოდის. აქედან 80% გათბობას ხმარდება, დანარჩენი კი - ცხელ წყალსა და საჭმლის მომზადებას. მოთხოვნა ყველაზე მაღალი, როგორც წესი, ოქტომბრიდან მარტამდეა.

ბერნშტაინის ანალიტიკოსების ცნობით, გარკვეული ზომების მიღების შემთხვევაში, ოჯახებს შეუძლიათ გაზის მოხმარება მესამედით შეამცირონ.

თერმოსტატის ერთი გრადუსით დაწევა - 20 გრადუსიდან 19-მდე გაზის ყოველთვიურ მოხმარებას 7%-ით ამცირებს. კიდევ ერთი გრადუსის მოკლება დამატებით 7 პროცენტს დაზოგავს.

ზამთარში სახლში თბილი ტანსაცმლით ყოფნა მოთხოვნას დამატებით 4%-ით შეამცირებს. მომხმარებლებს ასევე ურჩევენ, გათბობა ოქტომბრის ნაცვლად ნოემბერში ჩართონ და მარტის ნაცვლად თებერვალში გამორთონ. ეს 2-6%-ს დაზოგავს.

XS
SM
MD
LG