Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეკონომიკას ნელი მოგუდვა ელის“. რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის და ევროპის „ბუნებრივი აირის ომი“


ჭაბურღილის გამანაწილებელი უტრენეეს საბადოზე, НОВАТЭКа Арктик СПГ-2-ის რესურსების ბაზაზე გიდანის ნახევარკუნძულზე, კარის ზღვის სანაპიროზე.
ჭაბურღილის გამანაწილებელი უტრენეეს საბადოზე, НОВАТЭКа Арктик СПГ-2-ის რესურსების ბაზაზე გიდანის ნახევარკუნძულზე, კარის ზღვის სანაპიროზე.

ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, „ეროვნულ ბანკსა“ და „გაზპრომს დაავალა“, 31 მარტამდე „არამეგობრულ  სახელმწიფოებთან“ ანგარიშსწორება რუბლებით განახორციელონ.

„დიდი შვიდეულის“ წევრებმა (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, იტალია, იაპონია) უკვე გამოაცხადეს, რომ რუსეთს გაზისთვის რუბლით არ გადაუხდიან. ამ განცხადებას შეუერთდა მთელი ევროკავშირიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუბლით გადახდაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. რას მოუტანს ეს დასავლეთს, რუსეთის გაზის მომპოვებელ რეგიონებსა და რუსეთის ეკონომიკას, ჩვენი პროექტის, „სიბირ.რეალიის“ მიმოხილვიდან შეიტყობთ.

გერმანიამ აამოქმედა ადრეული გაფრთხილების რეჟიმი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდება, განაცხადა ამ ქვეყნის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.

ნავთობისა და გაზის სფეროს და რეგიონული ეკონომიკის ექსპერტები რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ კატასტროფას ახლავე არ უნდა ველოდეთ. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, გაზის სფეროში წარმოქმნილი დაპირისპირება შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის.

„ფეხებში სროლა“

„უფასოდ რომ გაზს არ მივაწვდით, ეს ცალსახაა. ეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას“, მოჰყავს დმიტრი პესკოვის სიტყვები რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს. მაგრამ მთავრობა როდის „გადაკეტავს ონკანს“, ჯერ რთული სათქმელია.

მიხაილ კრუტიხინი
მიხაილ კრუტიხინი

კონკრეტულ ვადებს ვერ დავასახელებდი. პერსპექტივებზე მსჯელობა უაზროა, რადგან პუტინის ულტიმატუმსა და იმაში, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ლოგიკა არ არსებობს, - დარწმუნებულია ენერგომატარებლების ბაზრის ექსპერტი, მიხაილ კრუტიხინი.

როგორ ვიწინასწარმეტყველოთ უგუნური მოქმედებები? „გაზპრომი“ და რუსეთის ბიუჯეტი, როგორც იტყვიან, ერთმანეთს ფეხებში ესვრიან. ამით ვითარება კიდევ უფრო რთულდება, რადგან წინ გზა აღარ არის, მიწოდების შეწყვეტა ტექნიკურად შესაძლებელია და ასეთი პრეცედენტები უკვე იყო 2006 და 2009 წლებში. ახლო პერსპექტივაში ძალიან გაუჭირდებათ ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გათბობის სერიოზული დეფიციტი შეიძლება ჰქონდეთ.

მაგრამ ამით მათი მხრიდან მხოლოდ რუსეთის გაზზე უარის თქმა დაჩქარდება.

ორ წელიწადში, ალბათ ყველა არა, ევროპის ქვეყნები შეძლებენ ახალ პირობებს მოერგონ. ასე რომ, რუსეთისთვის გონიერი გამოსავალი იქნებოდა, შანტაჟს თავი ანებოს და თუ გვაქვს ხელშეკრულებები და მათში პირობები წერია, დაიწყოს ამ პირობების შესრულება, - ფიქრობს ექსპერტი, რომელიც იხმობს გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოთხოვნა, საფასური რუბლებში გადაიტანონ, რუსეთის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტების დარღვევაა. მის ბევრ კოლეგას მოვლენების კატასტროფული განვითარებისა არ სჯერა.

მიწოდება და გადახდა დროში შეიძლება განაწილდეს, კონტრაქტები ამის შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტა არა მგონია მოხდეს, ამბობს Церих Кэпитал Менеджмент-ის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლაი პოდლევსკიხი. რადგან ქვეყნებმა გაცვალეს საკმაოდ მძაფრი საჯარო განცხადებები, რომლებზეც უარის თქმა კონფლიქტის ორივე მხარეს გაუჭირდება, მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე პერსპექტივებზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. ორივე მხარეს ფსონები ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას, დაპირისპირების გრადუსი აიწევს და ერთი თვე-თვე-ნახევრის შემდეგ რუსეთის მიწოდების რეალური შეჩერების შემთხვევაში (მე ვიცი, როგორია რეალური მარაგები), ევროპას მოუწევს აირის სწრაფი მომწოდებლის მოძებნა ძალიან მაღალ ფასად და, საერთო ჯამში - კომპრომისზე წასვლა.

პოდლევსკიხის თანახმად, ახლო მომავალში ევროპას ძალიან გაუჭირდება რუსეთის გაზის სახით დანაკარგის ანაზღაურება. რაც შეეხება რუბლით ანგარიშსწორებას, ეს ბევრად უფრო იოლი იქნება, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ მიმომხილველს ეჩვენება.

თუ 2-3 დღიან გარიგებებს მიაღწევენ, დასავლეთის ფირმებს შეეძლებათ რუბლის ანგარიშის გახსნა ყველა მოქმედ რუსულ ბანკში და აირის შეძენა, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე, განმარტავს ის. გრძელვადიანი კონტრაქტების პირობების გადასინჯვა უფრო რთული იქნება. მაგრამ გადახდის ახალი მექანიზმები შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებით შეთანხმებებში, თუ ამაზე ორივე მხარის თანხმობა იქნება.

„გერმანული ანგარიში“

- იმ სიტუაციაში, როცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება წაგართვან უკვე მოწოდებული გაზის საფასურის მიღების შესაძლებლობა, მთავრობას სხვა რაღა დარჩენია? ამის პერსპექტივა კი სავსებით რეალურია, დასავლეთში გაყინული 300 მილიარდი რუსული დოლარი - ამის გარანტიაა, ამბობს ნიკოლაი პოდლევსკიხი.

ვლადიმირ პუტინი და „გაზპრომის“ უფროსი, ალექსეი მილერი
ვლადიმირ პუტინი და „გაზპრომის“ უფროსი, ალექსეი მილერი

არსებული ვითარების პერსპექტივის მსგავსი ხედვა აქვს ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორს, სერგეი პიკინსაც.

- ახლა გერმანული კომპანიები, რუსული გაზის შესყიდვისას, ფულს საშუამავლო ანგარიშზე დებენ დოლარებში ან ევროში. ამის შემდეგ ეს ფული გადაირიცხება რუსეთში, სადაც რუბლებზე იცვლება.

რადგან სავალუტო შემოსავლის სავალდებულო გაყიდვა ჩვენთან 70%-ის ოდენობით არის დადგენილი, „გაზპრომს“ შემოსავლის უმეტესი ნაწილიც კი რეალურად რუბლებში გადაჰყავს. ახლა კი ეს დოლარები ან ევროები შევა რუსული ბანკის ანგარიშზე და მაშინვე რუბლებზე გადაიცვლება. აი, ეს არის მთელი განსხვავება. მექანიზმის, ბუღალტერიის თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად ანალოგიური ოპერაციაა, - დარწმუნებულია ის.

პიკინს ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში ევროპა ვერ შეძლებს უარის თქმას რუსულ გაზზე.

- თუ უცბად შეწყდება მიწოდება, ევროპას არ გააჩნია მანევრის საშუალება. ის არ არის წელს და არ იქნება მომავალ წელს, - ამბობს ანალიტიკოსი. - კი, ევროპის ქვეყნებს ოპერატიულად შეუძლიათ დასწიონ რუსული გაზის მოცულობა 10%-ზე. 20%-ზეც შეუძლიათ, მაგრამ რის ფასად? ჩამოშორდნენ რუსეთს, ძვირი იხადონ გაზში და გაიყინონ?

ერთადერთი გაზი, რომელიც მათ შეუძლიათ თავიანთ საცავებში გადაიტანონ, არის რუსული გაზი. მსოფლიოში არ არის „ზედმეტი“ გათხევადებული გაზი, და რომც იყოს, ევროპაში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც მზად არის ამ გაზის მისაღებად და კონტინენტზე გასანაწილებლად.

ამერიკიდან მოწოდებამ და იმ ალტერნატივებმა, რომელთა შესახებაც საუბრობდა პრეზიდენტი ბაიდენი რამდენიმე ხნის წინ, პიკინის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, სიტუაცია გააუმჯობესოს:

- თხუთმეტი მილიარდი კუბური მეტრი, რომელზეც ის საუბრობდა - ეს მხოლოდ ათი პროცენტია იმ მოცულობის, რომელიც „გაზპრომმა“ ევროპას გასულ წელს მიჰყიდა. მხოლოდ გერმანიაც კი ვერ გათბება ამ გაზით.

თუმცა, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის რეალურ საფრთხეზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

- ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მითითება მთავრობისა და „ცენტრობანკისადმი“ - მოამზადონ გარდამავალი მექანიზმი 31 მარტამდე.

და არის ევროპის ქვეყნების პასუხი, მაგრამ ასევე პოლიტიკური, - მიიჩნევს ექსპერტი და შეგვახსენებს, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილს უკვე აქვს კონტრაქტები „გაზპრომთან“, სადაც პირობაა, გადახდა შეიძლება სხვადასხვა ვალუტით, ევროებში, რუბლებსა და დოლარებში. ეს კი ნიშნავს, რომ „მილის“ სრულ გაჩერებაზე სერიოზულად საუბარი უადგილოა.

- მაგალითად, მოლდოვას აქვს ასეთი კონტრაქტი. მართალია, მიწოდების მოცულობა იქ დიდი არ არის, სამი მილიარდი კუბური მეტრია, მაგრამ ის მაინც არსებობს. რუსეთისთვის კრიტიკულია მიწოდება იტალიასა და გერმანიაში, რომელიც (მხოლოდ გერმანია) უზრუნველყოფს მთელი რუსული ექსპორტის ერთ მესამედს ევროპის კავშირში, მაგრამ გერმანელები და იტალიელები გონიერი ბიჭები არიან, გერმანიის მთავრობას კი მხოლოდ ის შეუძლია, არ ურჩიოს თავის კომპანიებს რუბლებში გადახდა, მაგრამ ვერ აუკრძალავს, იმიტომ რომ ეს კერძო, კომერციული კომპანიებია, - შეგვახსენებს ის.

"უსასრულო საშინელება" საშინელი დასასრულის ნაცვლად

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროპა არ იტყვის უარს მიწოდებაზე, იზიარებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ნატალია ზუბარევიჩიც.

- რუსეთი შანტაჟს ეწევა. გაზი ერთადერთი იარაღია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დარჩა. ვიღაც დათანხმდება რუბლებში გადახდას, ვიღაც - არა. მაგრამ მიწოდება კიდეც რომ შეწყდეს, რეგიონებისთვის, მათ შორის, ციმბირისთვისაც, ეს კატასტროფა არ იქნება, - მიიჩნევს ის.

- მხოლოდ იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქს აქვს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილი გაზის მწარმოებელი საწარმოების საშემოსავლო გადასახადიდან - დაახლოებით მეოთხედი - მაგრამ ბიუჯეტი იქაც უფრო არის დამოკიდებული ქონების გადასახადზე, და ეს გადასახადი კი სტაბილურია.

მეტიც, რეგიონული ბიუჯეტები, ციმბირის ჩათვლით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადით კი არ ცხოვრობს - ეს მთლიანად ფედერალურ ბიუჯეტში მიდის - არამედ საშემოსავლო გადასახადებით.

და რუბლებში კი ამ გადასახადის შეგროვება წელს რეგიონებში კიდევ უფრო მეტის შეუძლიათ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნახშირწყალბადის ფასები კრიზისის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამბობს ის.

მილები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ნაგებობაზე ლიუბმინში, გერმანია. 2022 წლის 7 მარტი.
მილები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ნაგებობაზე ლიუბმინში, გერმანია. 2022 წლის 7 მარტი.

სიტუაცია ნავთობთან დაკავშირებით ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გაზთან.

ნავთობის შესყიდვების შეწყვეტა ბიუჯეტისთვის ხუთჯერ უფრო სახიფათოა, რადგან ქვეყანა არსებობს ნავთობზე წიაღისეულის გადასახადის შემოსავლებით და არა გაზისა, შეგვახსენებს ზუბარევიჩი.

- სხვადასხვა ანალიტიკოსი მოელის, რომ რუსეთის ნავთობის შესყიდვის შეჩერების მოცულობა საერთო ოდენობის 20 პროცენტამდე იქნება. ეს ბევრია, მაგრამ გაყიდვების შეკვეცა კომპენსირდება ძალიან მაღალი ფასით, ამტკიცებს ექსპერტი.

- მაგრამ არა მხოლოდ ნავთობის, არამედ საკუთრივ დოლარის მაღალი ფასით. ნავთობის, ასევე გაზის გაყიდვით მიღებული დოლარი გადახურდავდება რუბლზე და, შესაბამისად, რუბლებში მოგებაც გაეზრდება კომპანიებს. მაგრამ რუბლი დაიკლებს ძალიან, თუმცა ეს სხვა საკითხია. კატასტროფა არ მოხდება, ეკონომიკას ნელი მოგუდვა მოელის. საშინელი ბოლო არ ჩანს, მაგრამ უსასრულო საშინელება აუცილებლად იქნება, აღნიშნავს ნატალია ზუბარევიჩი.

XS
SM
MD
LG