Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილი: გომელაურმა გამაფრთხილა, თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, დამიმატებდა პრობლემებს


არქივის ფოტო: სოსო გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური
არქივის ფოტო: სოსო გოგაშვილი და ვახტანგ გომელაური

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული სოსო გოგაშვილი ადვოკატის მეშვეობით ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც კვლავ ახსენებს შს მინისტრს. წერილში, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულამ" და სხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს, გოგაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური მას ისევ დაემუქრა და გააფრთხილა, რომ თუ მათ შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გაახმაურებდა, კიდევ დაუმატებდა პრობლემებს.

"ჩემ მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია და მე-12 დაწესებულებაში ჩემზე განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით...

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია", - წერს სოსო გოგაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

გოგაშვილის ოჯახი და ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს გოგაშვილზე ზეწოლასა და მუქარაში, პენიტენციურ სამსახურს კი მუქარის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მათ ზეწოლაზე განცხადება გუშინ, 11 აგვისტოს გააკეთეს. ადვოკატის თქმით, ​მოთხოვნა იყო, გაჩუმებულიყვნენ ის და მისი ოჯახის წევრები.

ოჯახი ზეწოლის ერთ-ერთ არგუმენტად აცხადებდა, რომ ბრალდებულის მონახულების აკრძალვის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაციამ გოგაშვილთან შესვლის საშუალება რამდენჯერმე მისცა.

ოჯახის ციხეში შესვლა დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა, ოჯახის შეყვანა კი "დადებითი ქცევისთვის ერთგვარი წახალისება" იყო.

"მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან კანონმდებლობის სრული დაცვით იყო. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი. ერთგვარი წახალისებისთვის იყო ეს შეხვედრა", - აღნიშნა მინისტრმა.

დღეს, 12 აგვისტოს, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, გამოძიება დაიწყოს სოსო გოგაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველების განცხადებებზე.

გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.

XS
SM
MD
LG