Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: გოგაშვილის ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, გამოძიება დაიწყოს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველების განცხადებებზე. გოგაშვილის ოჯახი და ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს გოგაშვილზე ზეწოლასა და მუქარაში, პენიტენციურ სამსახურს კი მუქარის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადების გავრცელებამდე გადაამოწმა ინფორმაცია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა რომ მას დაემუქრნენ ოჯახის წევრების დაკავებით და ფიზიკური განადგურებით და რომ ეს მუქარა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მოდიოდა, რომელსაც ციხის სააბაზანოში ფანჯარაზე დატოვებული ტელეფონით ელაპარაკა. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ გოგაშვილმა მათთან საუბრისას დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი. გოგაშვილის ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლებითაც გასაუბრება მოხდა.

გოგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა ზეწოლაზე განცხადება გუშინ, 11 აგვისტოს გააკეთეს.

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, ხომ არ არის დაწყებული გამოძიება გოგაშვილის უფლებადამცველების განცხადების საფუძველზე? უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.

XS
SM
MD
LG