საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობორ ორგანიზაციების მიერ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიწოდებული დოკუმენტებით მომზადებულ კვლევაში სერიოზული ბრალდებებია არჩევნებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მან "პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, რომ ამას არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ ექნებოდა.
"ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია. არ შეიძლება არჩევნების გაყალბებაზე ან გარკვეულ სქემებზე საუბარი მანამ, სანამ არ იარსებებს შესაბამისი მტკიცებულებები... ჰიპთეტურად რომ ვთქვათ, ასეთი შემთხვევები რომც მომხადარიყო, ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მათ კომპეტენციაზე და ძალაში შესულ ოქმებზე და არჩევნების შედეგებზე", - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.
გიორგი კალანდარიშვილი უკვე თითქმის 1 წელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. იმის გამო, რომ მმართველი პარტია ოპოზიციასთან ამ უწყების ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება, გიორგი კალანდარიშვილის კანონით განსაზღვრული დროებითი ვადით, 6 თვით ამტკიცებს.
ცესკოს წინა თავმჯდომარე თამარ ჟვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან რამდენიმე თვეში გადადგა. სწორედ ამ არჩევნებს მიიჩნევდა ოპოზიცია გაყალბებულად და ბოიკოტის მიზნით თვეების განმავლობაში არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" გუშინ, 21 ივლისს კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, ეყრდნობოდა სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საჯარო წყაროებში გადამოწმებას.
"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება...
უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ." - ვკითხულობთ კვლევაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
დაკავებიდან რამდენიმე საათში გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, "სანდო ხელში" იყო.