Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვერ შევეგუე აქაურობას" - ნოდარ გერლიანი, აგვისტოს ომის დევნილი კოდორის ხეობიდან


ნოდარ გერლიანი
ნოდარ გერლიანი

აფხაზეთის მცირე ნაწილი, კოდორის ხეობა, რომელიც ქართველებს 1992-1993 წლების ომის დროს არ მიუტოვებიათ, 2008 წელს, აგვისტოში, ერთ დღეში თითქმის დაიცალა. 14 წლის წინ 1296 კოდორელი დევნილად იქცა. მათ შორის იყო ნოდარ გერლიანი. დღეს ის აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისთან ახლოს, კოდას დევნილების დასახლებაში ცხოვრობს.

დევნილობამდე

64 წლის ვარ. კოდორის ხეობაში ვარ დაბადებული და გაზრდილი. სოფელ ომარისაში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ჩემს სოფელში 34 ოჯახი ცხოვრობდა. ვმუშაობდით და არაფერი გვიჭირდა. კარტოფილი, სიმინდი, ყველაფერი იყო, ერთი ფქვილს თუ ვიყიდდით, იმასაც არ ვიყიდდით, რადგან სიმინდი გვქონდა.

ბაღებში, ტყეში ვმუშაობდი. დრუჟბით [ბენზოხერხი] გავდიოდი ტყეში, დიდ ხეს მოვჭრიდი, დავჭრიდი და გავყიდდი. საღამოს 150 მანეთი ჯიბეში მქონდა. ეს თანხა 2 თვე გვეყოფოდა ოჯახს. რად გვინდოდა იქ ფული? სანადიროდ დავდიოდით, დათვის ხორცი, ჯიხვის ხორცი… ვთევზაობდი ყოველ შაბათ-კვირას. ვარიანტი არ იყო, შაბათ-კვირას მემუშავა. 100-120 თევზი მიმქონდა სახლში.

ტყის თხაც იყო, შველიც, თან ბუნებაც იყო მდიდარი, წყლებითაც. აქეთ რომ გადმოვედით, გამიკვირდა - რისი მორწყვა, რა მორწყვა. 7 ტომარა ლობიო დავტოვე კოდორის ხეობიდან წამოსვლის წელს.

ნოდარ გერლიანი, დევნილი კოდორის ხეობიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:15 0:00

ბაზრისთვის სოხუმში დავდიოდით. გასაყიდად, თორემ საყიდელი იმდენი არაფერი გვქონდა. გასაყიდად ყველი, ნიგოზი და ლობიო მიგვქონდა, ძირითადად.

ერთადერთი, საჭმელს თუ წამოიღებ, როდესაც ფეხით მოდიხარ

აგვისტოს ომის დაწყებიდან მე-4 დღეს გამოვედით კოდორის ხეობიდან. არავინ დაღუპულა - ბომბები ტყეებში ცვიოდა და ამით გვაშინებდნენ. რომ არ გამოვსულიყავით, შეიძლება სოფლებისთვის დაერტყათ. სამხედრო ბაზას დაარტყეს, მაგრამ ბაზა ცარიელი იყო უკვე. ეგრევე ადგნენ და წამოვიდნენ სამხედროები.

მოსახლეობა, ვისაც მანქანები ჰყავდა, მანქანებით წამოვიდნენ და დანარჩენები ფეხით. 60 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. ვერაფერი წამოვიღეთ საერთოდ. ერთადერთი, საჭმელს თუ წამოიღებ კაცი, როცა ფეხით მოდიხარ.

ჭუბერში სამი დღე დავრჩით, ჭუბერიდან ქუთაისში ჩაგვიყვანეს, სადაც 1 თვე ვიყავით, ქუთაისიდან ფონიჭალაში ჩაგვიყვანეს, ფონიჭალადან აქ, კოდას დევნილთა დასახლებაში მოვედით.

უკვე მე-14 წელია აქ ვართ. რომ მოვდიოდი, ვიცოდი, ეს სამუდამო იყო და უკან ვერ დავბრუნდებოდი, რადგან ომი მონაწილე ვარ.

ბრძოლა აფხაზეთისთვის

აფხაზეთის ომშიც ვმონაწილეობდით მე და ჩემი ოთხი ძმა. ოთხივე ომში დამეღუპა. ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სამი მოკლეს. სულ 10 დედმამიშვილი ვიყავით. მერე ერთი მეზობელი იყო სოხუმში და იმან შემოგვითვალა, არ უთხრათ არავის და შენი ძმა კარგ ადგილას არის დამარხულიო. თავის ეზოში დაუმარხია. მე დავმარხეო მისსავე ეზოში. გადმოსვენებაზე არ ვიცი, რომ ვუთხრა [მთავრობას], ამდენი ფული არ მაქვს და ჯერჯერობით ვართ ასე.

ნოდარ გერლიანი, კოდორის ხეობიდან დევნილი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

სოხუმიდან რომ გამოვედით, პოზიციებზე დავდიოდით კოდორის ხეობაში. ჯერ "თეთრ არწივში" ვიყავი, მერე "მონადირეში". მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა [თავდაცვის ყოფილი მინისტრი] იარაღი ჩამოგვართვა, ბატალიონი დაშალა, რაც არ უნდა მომხდარიყო.

"თეთრი არწივი" ძირითადად სტუდენტებისგან შემდგარი საარტილერიო დივიზიონი იყო, რომელიც აფხაზეთში 1992-1993 წლებში იბრძოდა.
"მონადირე" - კოდორის ხეობის 500-ზე მეტი მცხოვრებლისგან დაკომპლექტებული ბატალიონი იყო, რომელიც ხეობას წლების განმავლობაში იცავდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბატალიონი "მონადირე" 2005 წელს გააუქმა. ბატალიონის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ "მონადირეს" ხეობის დაცვასთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაც უწევდა, რაც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციებს სცილდებოდა.
აფხაზეთში კოდორის ხეობა ერთადერთი ტერიტორია იყო, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა. ხეობის მოსახლეობა შიშობდა, რომ ბატალიონ "მონადირის" გაუქმების შემდეგ მის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავდა.

კოდორის ხეობაში ცეცხლის გაჩენას არ ველოდით, იმიტომ, რომ თითქმის შერიგებული ვიყავით აფხაზებთან.

როგორც გავიგე, ჩემი სახლის ნახევარი დანგრეულა, ნახევარი დგას კიდევო. ორსართულიანი სახლი გვქონდა. ხეობაში 20-მდე ოჯახია ახლა დარჩენილი.

დევნილობის წლები

აქ როგორ ვცხოვრობთ? რას ვცხოვრობთ, ბინაში ცხოვრება ცხოვრებაა? მუშაობა არ შემიძლია, თორემ... ოთხჯერ ვარ ნაოპერაციევი. მეუღლესთან, შვილთან და 5 შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ, სულ 15 შვილიშვილი მყავს. შვილი მშენებლობაზე მუშაობს. მე პენსიაზე ვარ. ომის მონაწილის პენსია არ მომითხოვია და არ ვიღებ. განცხადებები ვინც დაწერა, 25 ლარს იღებს. 25 ლარის გულისთვის ჩახვიდე ქალაქში, საბუთები გააკეთო, გაგაწვალებენ და…

ვერ შევეგუე აქაურობას. აქ გამოვდივარ, გარეთ დავჯდები, შევდივარ სახლში, ვზივარ. ტელევიზორს ვუყურებ, ერთი და იგივე.

კოდას დევნილთა დასახლებაში კოდორის ხეობიდან დევნილი 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ გარდა, ყოფილი სამხედრო დასახლების 10 კორპუსში ჩასახლებული არიან იძულებით გადაადგილებული პირები ცხინვალის რეგიონიდან, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG