ხშირად ხდება ასე - პროპაგანდისტული ფილმის გადაღებისთვის იხარჯება ფული, ეწყობა პრემიერა, სახოტბო რეცენზიებიც კი ქვეყნდება, მაგრამ იცვლება პოლიტიკური სიტუაცია, იცვლება განწყობები და ეს კინო აღარავის ახსოვს. მეტიც, პროპაგანდისტულ ფილმებს მალავენ კიდეც. მაგრამ კინო, ისევე როგორც ხელნაწერები, არ იწვის.
დააკვირდით თარიღს და "ტელი და ტოლის" დამფინანსებელს: ქართველი და ოსი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილი ფილმი (!) გადაღებულია პუტინის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტით, 2015 წელს. ვეძებე ინფორმაცია ვინმე ალექსანდრ ამიროვის ამ ნამუშევარზე, მაგრამ ქართულ მედიაში ვერაფერი მოვნახე აქაური "სპუტნიკის" გარდა, რომლის ჟურნალისტს ინტერვიუ ჩაუწერია ფილმის რეჟისორთან. ამიროვი ამბობს, რომ თავიდან გადაღებებს საქართველოში აპირებდნენ, მაგრამ "ვითარების გართულებამ საზღვარზე" აიძულა ჯგუფი, ჩრდილო კავკასიის სოფლებით დაკმაყოფილებულიყო, თუმცა აქვე მადლობას უხდის ქართველ მსახიობებს ფილმში მონაწილეობაზე და იმასაც ამატებს, რომ სიმღერები (ფილმში კახი კავსაძეც მღერის) თბილისის სტუდიაში ჩაიწერეს.
არა, "ტელი და ტოლი" მუსიკალური ფილმი არ არის. თუმცა კარგი ქართული სიმღერების ნაკლებობას (ხანდახან ოსურისაც) აქ ვერ იგრძნობთ. აი, "ჭრელო პეპელა", მაგალითად. ვის არ უმღერია? რუსებს უკითხავთ ჩემთვის, რაზეა ეს სიმღერა? უთხოვიათ ტექსტის თარგმნა. მერე კი გაოცება გამოუხატავთ - "რა სისულელეა! ეს რა ლექსია?"
ოღონდ იცით, როგორ უთქვამთ? "სიყვარულით", რაღაცნაირი, ჩემთვის ბოლომდე აუხსნელი მზერით - თან რომ დაგცინის და თან რომ გესიყვარულება.
ჩემს თაობას, ალბათ, ახსოვს, თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნების" ისტორიული განხილვა საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით, 80-იანი წლების დასაწყისში. დისკუსიის მონაწილეებს შორის დამამახსოვრდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი, რომელმაც სპექტაკლის გასაპროტესტებლად მოსულ მაყურებელს (ერთსა და იმავეს რომ იმეორებდნენ: "ეს წარმოდგენა ქართველ ხალხს დასცინისო") დაახლოებით ასე უპასუხა: "ქართველ ხალხს უფრო იმ ფილმის ავტორი დასცინის, რომლის გმირები ხან ლატარიის ბილეთების დასაჭერად დარბიან და ხანაც, პეპლებს დასდევენ".
არადა, ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები ძალიან უყვარდათ საბჭოთა კავშირში. 1979 წელს მოსკოვის საავადმყოფოში ვიწექი. დერეფანში ტელევიზორი იდგა და საღამოობით ავადმყოფები, მორიგე ექიმებსა და ექთნებთან ერთად ფილმებს ვუყურებდით. ამ სეანსებზე ყველაზე რეიტინგული ე.წ. ცენტრალური ტელევიზიის მიერ დაკვეთილი ქართული ფილმები იყო - "შერეკილების" და "მიმინოს" ეპიგონობა გულუბყვილო ქართველი კაცებით... უფრო სწორად, ინფანტილური, ზრდაშეჩერებული ქართველებით, რომლებიც გულიანად აცინებდნენ რუს მაყურებელს, აბედნიერებდნენ, რადგანაც ასეთი "მიმინოების" მოთვინიერება ბევრად უფრო ადვილი იყო.
მაგრამ "ტელი და ტოლი" ეპიგონობა არაა. ეს უკვე ეპიგონობის ეპიგონობაა. ფილმის ავტორი ცდილობს გაიმეოროს გასული საუკუნის 70-იანი წლების ქართული კომედიები ერთი მთავარი გზავნილით - "რა კარგები არიან ასეთი ქართველები, ასეთი კავკასიელები... გაუმარჯოს ხალხთა მეგობრობას და სიმღერებს სულელური ტექსტებით. გავაუქმოთ საზღვრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დავუწესეთ ერთმანეთს".
დიახ, ფილმის მთავარი სახე საზღვარია. ტელი და ტოლი -ორი სოფლის სახელია. ქართულის და ოსურის. საზღვარი მდინარეზე გადის. საზღვრის იქით, ოსებს რუსი მესაზღვრე იცავს (!), საზღვრის აქეთ ქართველები არიან. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მათ არაფერი აქვთ გასაყოფი - მეგობრობენ, ქეიფობენ, მღერიან. სიტუაცია ოდნავ იძაბება, როცა ამ მხარეში კანადელი ტურისტი ჩამოდის - რატომღაც ბერძენი კანადელი, რომელიც ბებიამისის საფლავს ეძებს. დანარჩენს თავად ნახავთ. თუკი გეყოფათ ნებისყოფა, რა თქმა უნდა. მე პირადად, პროლოგშივე გაგონილმა ფრაზამ: "ვინც ეს საზღვარი მოიგონა, იმის გვარში მხოლოდ გოგოები იბადებოდნენ"... მაშინვე მომანდომა გამომერთო ფილმი. მერე გამახსენდა, რომ "კინო ისტორიული დოკუმენტია" და მაინც გავედი ბოლომდე. გაფრთხილებთ, რუსების მიერ კავკასიელებზე შექმნილი ყველა სტერეოტიპის ერთდროული ხილვა ადვილი არ არის. მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში. მაგრამ ისიც ხომ საინტერესოა, ვიცოდეთ, ქართველის როგორი სახე იზიდავს დღეს რუს მაყურებელს, არსებითად რის და ვის სანახავად ჩამოდის საქართველოში და, რაც მთავარია, როგორ კინოს აფინანსებს რუსეთის კულტურის სამინისტროსთან შექმნილი კინოს განვითარების ფონდი, ასე რომ შენატრის საბჭოთა კავშირის აღდგენას, იმ საბჭოთა კავშირისა, სადაც, როგორც "ტელი და ტოლის" ავტორები ამტკიცებენ, "ხალხი მეგობრულად ცხოვრობდა".
მე პირადად გული დამწყდა, ქართველი მაყურებლისთვის ამ გადამალულ ფილმში კახი კავსაძე რომ ვიხილე - დიდი მსახიობი, რომლის ექსპლუატაცია და გამოგონილ კლიშეებში ჩასმა არაერთხელ უცდიათ არა მარტო რუს, არამედ ქართველ რეჟისორებსაც. არც უნდა გაგვიკვირდეს - კავკასიელის ყალბ რომანტიზაციას რუსებთან ერთად ქართველებიც მიმართავდნენ. ქართულ კინოშიც არაერთხელ გვინახავს კავკასიის ბუნების ეგზოტიზაცია, კულმინაციურ სცენებში საქორწინო სუფრები, ყანწებით სმა და აფორიზმებით საუბარი ძმობაზე, წინაპრების პატივისცემაზე, ადათ-წესებზე. ეს ყველაფერი შესანიშნავად ეწერებოდა რუსულ იმპერიულ სტრუქტურაში - საქართველოს წარმოდგენა ეგზოტიკურ სამოთხედ, სადაც ცხოვრობს გულუბყვილო, ცოტა შერეკილი ხალხი, რომელსაც, თავის მხრივ, განვითარება არ შეუძლია.
"თქვენი ცხვრები თავისუფალ საქართველოში მორბიან", - ეს, ალბათ, საუკეთესო ფრაზაა ამიროვის ფილმში. კონტექსტი სხვაა - ოსები ცხვრებს კარგავენ და ფიქრობენ, რომ საწყლებმა საზღვარი დაარღვიეს. მაგრამ დღეს ეს ფრაზა უკვე სასაცილოდ ჟღერს, ერთგვარი წამოცდენაა, რომელიც ასევე ანიჭებს ისტორიულ მნიშვნელობას ამ კინემატოგრაფიულ ნაგავს.
სხვათა შორის, "ტელი და ტოლის" ავტორები აღიარებენ, რომ მთელ ამ ისტორიაში პერსონაჟების გულუბრყვილობა ხიბლავდათ. "простодушный", ამ რუსულ სიტყვას ახსენებენ ისინი ყველაზე ხშირად, როცა ფილმის გმირებს ახასიათებენ - ოსებსაც და ქართველებსაც. რუსულ ენას თუ არა ფლობთ, ჩაიხედეთ ლექსიკონში და ამ სიტყვის სინონიმებს მიაქციეთ ყურადღება - "наивно - доверчивый", ე.ი. ადამიანი, რომელიც გულუბყვილოდ ენდობა. ასეთი საქართველო (და ასეთი ოსეთიც) სჭირდება დღეს რუსულ კულტურას. ვფიქრობ, "ტელი და ტოლის" ავტორებსაც ასეთ საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი ფილმის პრემიერა. მაგრამ მწარედ შეცდნენ. ასეთი საქართველო მხოლოდ მათ წარმოდგენებშია. ეს დრო დასრულდა და იმედია, აღარ განმეორდება.