არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ( ISFED) კვლევის ანგარიშში მომღერლისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს და მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ფეისბუკგვერდების როლზე ამახვილებს ყურადღებას.
ორგანიზაციის თანახმად, ღიად ანტიდასავლური და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი "ფეისბუკზე", "უცნობთან" დაკავშირებულ შვიდ გვერდს აერთიანებს:
- "არ აგარევინებთ";
- "არ აგარევინებთ • ar agarevinebt";
- "აი უცნობი • i ucnobi";
- "აი ია";
- "Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი";
- "Fun Politic";
- „მიშინგი".
ანგარიშის თანახმად, "უცნობთან" დაკავშირებული გვერდების ქსელი ღიად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. გვერდებზე, ძირითადად, ვრცელდება ვატო შაქარიშვილისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პირების (გოგა ხაინდრავა, ამირან სალუქვაძე, ზაზა შათირიშვილი და სხვა.) ანტიდასავლური განცხადებები...
"გვერდებზე გავრცელებული მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-სა და დასავლეთს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს. გვერდებზე ღიად თავს ესხმიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კელი დეგნანს, დასავლეთი კი წარმოჩენილია ძალად, რომლის მიზანიც საქართველოს მოქმედებების მართვა და ქვეყანაზე კონტროლის მოპოვებაა", - წერია კვლევაში.
ვატო შაქარiშვილი, რომელიც მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო თბილისის საკრებულოში, ახლა გია გაჩეჩილაძის თანამოაზრეა და მასთან ერთად "სამოქალაქო კონტროლისთვის" დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია "აი ია".
შაქარიშვილი ISFED-ის კვლევას უნდობლობით ეკიდება და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მსგავსად, მიიჩნევს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყნის ომში ჩართვა სურს.
შაქარიშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ "ფეისბუკზე" მართლაც ორგანიზებულად მოქმედებენ და ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის მიმართ საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კითხვის დასმა, ანტიდასავლური კამპანია არ არის.
"ჩვენს წინაშე გადაიშალა სურათი, ლოგიკური ჯაჭვი, რაც ამას გვაფიქრებინებდა. ამის ლეგიტიმური საფუძველი გვქონდა. ჩვენ მტკიცებით ფორმაში კი არ ვთქვით, დავსვით კითხვები. ამ კითხვებზე არაადეკვატურმა პასუხებმა, უყურადღებოდ დატოვებამ გააღვივა ეს ვარაუდები, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალები ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას... დღეს რომ ყველაფერი ნათელი გახდა და დადასტურდა, არანაირი ფასი აღარ აქვს, გინდა ქართულად თქვას, გინდა ინგლისურად და გინდა იტალიურად", - აცხადებს შაქარიშვილი, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე ელჩმა დეგნანმა არაერთხელ ისაუბრა.
შაქარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციას "ქვეყნის გადარჩენისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის" ღიად უჭერენ მხარს.
იმის მიუხედავად, რომ შაქარიშვილი სიყალბეს უწოდებს ISFED-ის კვლევაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების ანტიდასავლურად მოხსენიებას, კითხვას, უნდა თუ არა აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა, ასე უპასუხებს:
"აშშ არ არის კელი დგენანი, აშშ-ში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, ტრამპიც არის და რესპუბლიკელებიც. დღევანდელი ადმინისტრაცია და გარკვეული ძალები ღიად ატარებენ საკუთარ ინტერესებს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვთვლიდით, რომ ვიყავით მეგობრები და მოკავშირეები, თურმე არის სხვანაირი დამოკიდებულება".
ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება, მისი წევრების ნაწილმა 28 ივნისს დაიწყო. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებმა "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.
უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.