Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივით შეარჩია


ცესკოს შენობა
ცესკოს შენობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა. ასე შეაფასა უწყებამ პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ამავე თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

"ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით... ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება", - აღნიშნულია იმ უწყების განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კონკურსიდან გამოთიშული კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც მოქმედი პარლამენტის წევრია, ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი თანამდებობაზე მუშაობა, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, გიორგი კალანდარიშვილმა გააგრძელოს.

5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედ სურდა.

XS
SM
MD
LG