საქართველოს პარლამენტმა აირჩია ცესკოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი პროფესიული წევრი.
ცესკოს მომავალი 6 თვის განმავლობაში გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებს, მასზე პარლამენტმა ორ მოქმედ წევრს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.
ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები პარლამენტმა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით ხელმეორე კენჭისყრაზე აირჩია. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეული პირები თანამდებობებს ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ.
კენჭისყრა ზედიზედ ორჯერ ჩატარდა. თავდაპირველად კენჭი კანდიდატებს 2/3-იანი კვორუმით უყარეს, თუმცა ამ პროპორციით კანდიდატი ვერ აირჩიეს.
ამის შემდეგ შედგა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც ხმები ასე განაწილდა:
გიორგი კალანდარიშვილი - 84 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე - 80 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
გია ცაცაშვილი -78 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ასარჩევად ორი კანდიდატი წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი იყვნენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
მანამდე ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები 6 თვით პარლამენტმა 2 აგვისტოს დაამტკიცა. მაშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა, წევრები კი - გია ცაციშვილი და მაია ზარიძე.
მაშინაც ეს პირები პარლამენტის უმრავლესობის (მინიმუმ 76 დეპუტატი) მხარდაჭერით, 6 თვით დაინიშნენ.