Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რომ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა არ მოიწონა


გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მოულოდნელს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც 5 აგვისტოს, გვიან საღამოს გახდა ცნობილი, საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" შეაფასა.

"გაუგებარია, მოულოდნელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორჯერ უკვე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული იყო არჩევანი ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში და ამ ყველაფერს დამატებული ის დიდი გამოცდილება და ის პროგრესი, ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში, რაც ამ ერთ წელში ადმინისტრაციას ჰქონდა..." - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

გუშინ, 5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედ სურდა.

XS
SM
MD
LG