Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი გამოირთო - "ენერგოატომი"


უკრაინული კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

"ზაპოროჟიეს აეს-ზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ენერგობლოკზე ამოქმედდა ავარიული დაცვის მოწყობილობა, რის გამოც სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გამოირთო", - ნათქვამია "ენერგოატომის" მიერ 6 აგვისტოს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა "რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმი" უწოდა იმას, რაც სადგურზე ხდება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო წინასასამართლო პროცესი ომის კანონებისა და ნორმების დარღვევის ფაქტზე.

ერთი დღით ადრე ევროპაში ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიბომბა. ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი ბომბი მაღალი ძაბვის დენის ხაზს დაეცა. მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ დაზიანდა "ლუჩის" ქვესადგური, რის გამოც შვიდი მიკრორაიონიდან ექვსი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომპანიის ცნობით, არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური ნივთიერებების გახლეჩის რისკი.

რუსეთი თავდასხმაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს. ომის შესწავლის საერთაშორისო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ დაბომბა ატომური სადგური.

აგვისტოს დასაწყისში გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინაში ევროპის უდიდესი ატომური სადგური "სრულიად კონტროლს მიღმაა" და რუსეთსა და უკრაინას მიმართა თხოვნით, ადგილზე სასწრაფოდ დაუშვან ექსპერტები, ვითარების სტაბილიზაციის და ბირთვული ავარიის თავიდან ასარიდებლად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA ) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ სამშაბათს სააგენტო ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ენერგოდარში, რომელიც რუსეთის ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს - მალევე მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

XS
SM
MD
LG