ბავშვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ოჯახის წევრები ექიმის შეცდომაზე საუბრობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ბავშვს, რომელსაც შარდსადენ მილზე გეგმური ოპერაციისთვის ამზადებდნენ, ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
"ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო", - ამბობს 7 წლის ბიჭის დედა, მაიკო ინჯგია. მისი შვილისთვის 3 აგვისტოს უროლოგიის ცენტრში დაგეგმილი ოპერაცია მესამე იყო. ექიმები იცნობდნენ მის სამედიცინო ისტორიას და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოპერაციის წინა დღეს კი, კლინიკის იურისტის ცნობით, ბავშვს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო გამოკვლევები.
3 აგვისტოს წინა ოპერაციებისგან ის განასხვავებდა, რომ ექიმების გუნდში ანესთეზიოლოგი შეიცვალა. კლინიკის განმარტებით, სხვა იყო ანესთეზიის მეთოდიც. ზოგადი ანესთეზია ბიჭს პირველად უბედური შემთხვევის დღეს გაუკეთდა.
ექიმები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხამდე და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე შეუძლებელი და არაკომპეტენტურია იმის თქმა, კონკრეტულად რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მათ შორისაა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი.
"გაწერილი პროტოკოლით მიმდინარეობს ეს პროცესი და პროტოკოლით მართვა გართულების შემთხვევაში ყველა ანესთეზიოლოგმა იცის ქვეყანაში, უმეტესობამ მაინც, ყველამ თუ არა. სახელმწიფო სტანდარტია, რომ სადაც ტარდება ანესთეზია, იქ მზად არის კლინიკა ყველა გართულების ლიკვიდაციისთვის", - ამბობს იგი.
უროლოგიის ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 7 წლის პაციენტის გადარჩენას ექიმების ჯგუფი თითქმის ერთი საათის განმავლობაში, 50 წუთი ცდილობდა.
"ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბავშვის მდგომარეობა გართულდა ანესთეზიის ეტაპზე. თვითონ ამ ანესთეზიამ რა გააფუჭა ან რა გამოიწვია, ამის თქმა ახლა არის შეუძლებელი, სპეკულაციური იქნება ახლა ამაზე მსჯელობა. 10 შესაძლო მიზეზი მაინც არსებობს, რა შეიძლება განვითარებულიყო ოპერაციის დროს. არის თავიდან აცილებადი გართულებები და არის გართულებები, რომელსაც ვერ აიცილებ იდეალური მოქმედებების დროსაც. პრეოპერაციული სიკვდილობა არის დაახლოებით 30 000 ანესთეზიაში 1. ძალიან იშვიათი მოვლენაა", - უთხრა რადიო თავისუფლებას კლინიკა "ნიუ ჰოსპიტლის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა.
მისი თქმით, გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იქნება. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა შეძლოს დასკვნის მომზადება. ანესთეზიასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და ვინაიდან ამ შემთხვევას ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, ეს კვლევა პრიორიტეტულად უნდა იყოს მიჩნეული.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოველწლიურად სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით ასეულობით შემთხვევით მიმართავენ როგორც პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან. ხშირად განცხადებების განხილვა დროში იწელება. მხოლოდ 2021 წელს სააგენტოში შესული 1 177 კორესპონდენციიდან 249 სამედიცინო დახმარების ხარისხს შეეხებოდა. მათგან სააგენტომ შარშან მხოლოდ 107-ის შესწავლა მოახერხა.
|
"ბოლო წლებში ასეთი შემთხვევა, რაც ანესთეზიასთან იყო დაკავშირებული, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მოხდა რუსთავში", - გვეუბნება ვახტანგ კალოიანი. შემთხვევა, რომელსაც ის იხსენებს, 2019 წლის სექტემბერში რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში მოხდა და მას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხვირის ოპერაციის წინ გაკეთებულმა ნარკოზმა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია, რომლიდანაც ექიმებმა პაციენტის გამოყვანა ვერ შეძლეს.
"ბავშვი მომიკლეს. გამოძიების საქმის კურსში ვარ, გამომძიებელს და ყველას ველაპარაკე, ექსპერტიზა ჩატარდა და განიხილავენ ამ საქმეს, მაგრამ მე ხომ ვიცი, 15 წუთში მოგვიკლეს ბავშვი. 5 საათის განმავლობაში ველოდეთ, მიცვალებული ბავშვი ისე წაიყვანეს [ექსპერტიზაზე] უკანა კარიდან, ჩვენ არ გვანახეს და მერე გვითხრეს, არ ჩავთვალეთ, თქვენ ეს გცოდნოდათო", - უთხრა 4 აგვისტოს დილას მედიას გარდაცვლილის ბიძამ, მალხაზ ინჯგიამ.
უროლოგიის ცენტრში ამბობენ, ოჯახმა ბავშვის გარდაცვალების ამბავი მისი გარდაცვალების შემდეგ ექიმებისგან რეანიმაციული მოქმედებების დასრულებისთანავე გაიგო, ექსპერტიზაზე გვამის გადასვენების პროცესს კი გამომძიებლები მართავენ და ოჯახსაც შეატყობინეს გვამის კვეთის აუცილებლობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ბიჭის გარდაცვალების დღეს სამედიცინო დოკუმენტაცია წაიღეს კლინიკიდან, დღეს კი უროლოგიის ცენტრის ექიმებიც დაკითხეს, თუმცა გამოძიება დიდწილად დამოკიდებული იქნება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებზე.