აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დღეს, 3 აგვისტოს სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ცაი ინვენს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ის მხარს უჭერს ტაივანთან საპარლამენტო კავშირების გაფართოებას უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხების განსახილველად. დღესვე ნენსი პელოსი შეხვდა ცაი ინვენს, რომელმაც ტაივანის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამთავრობო სიგელი გადასცა.
პელოსის ვიზიტის პასუხად, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, დღეს გამოაცხადა, რომ კუნძულთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს. ჩინეთის მთავრობის თანახმად, აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და კუნძულიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი. ჩინეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს და რეგიონს დიდ კატასტროფას მოუტანს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ჩინეთის არმიის ავიაგამანადგურებლებმა ტაივანთან პელოსის თვითმფრინავის მიახლოების მომენტში, ტაივანის სრუტე კუნძულის მიმართულებით გადაკვეთეს.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა. პეკინმა ეს ვიზიტი ჯერ კიდევ პელოსის ჩასვლამდე გააპროტესტა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტისთვის ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, კონგრესი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.