Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პელოსი ტაივანშია და გამოხატავს აშშ-ის სოლიდარობას, ჩინეთი ბრაზობს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სამშაბათს ტაივანში ჩავიდა ვიზიტით, რომლის მიზანიც, მისი თქმით, აშშ-ის სოლიდარობის გამოხატვაა ამ კუნძულის მიმართ - რომელზეც ჩინეთი გამოთქვამს პრეტენზიას. ეს პირველი ასეთი ვიზიტია ბოლო 25 წლის განმავლობაში, და მან, შესაძლოა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.

პელოსის და მის თანმხლებ დელეგაციას ტაიბეიში დახვდნენ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ და ტაივანში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი, სანდრა ოდკირკი.

"ჩვენი კონგრესის დელეგაციის ტაივანში ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ პირობას მხარი დაუჭიროს ტაივანის დინამიკურ დემოკრატიას" - თქვა პელოსიმ თვითმფრინავის დაშვებიდან მალევე. "ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი ამერიკის სოლიდარობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - როცა მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა" - დასძინა მან.

ჩინეთმა მყისიერად დაგმო პელოსის ვიზიტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის სერიოზულ ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში, "მძიმე გავლენა აქვს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველზე, და სერიოზულად ხელყოფს ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". სამინისტროს განცხადებით, მან მძაფრი პროტესტი გამოხატა აშშ-ის წინაშე.

ტაივანის სრუტის თავზე სამშაბათს ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდა პელოსის ჩასვლამდე, და ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სახალხო გათავისუფლების არმია სამშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაივანთან ახლოს წვრთნებს ჩაატარებს.

პელოსი, რომელიც პეკინის პოლიტიკის კრიტიკოსია, ატარებს აზიაში ტურნეს, რომელიც მოიცავს დაგეგმილ ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ტაივანში მისი ვიზიტი გამოცხადებული არ იყო, თუმცა ამას ბევრი ელოდა.

ტაივანში პელოსის ჩასვლიდან მალე, Washington Post-მა გაავრცელა მისი წერილი, რომელშიც პელოსი ჩამოთვლის ვიზიტის მიზეზებს - აქებს ტაივანის ერთგულებას დემოკრატიული მმართველობისადმი და აკრიტიკებს ჩინეთს იმის გამო, რომ მან ტაივანთან ბოლო წლებში დრამატულად დაძაბა ურთიერთობა.

"ჩვენ გვერდით ვერ გავდგებით, როცა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] განაგრძობს ტაივანისთვის - და საკუთრივ დემოკრატიისთვის - საფრთხის შექმნას" - ამბობს პელოსი.

პელოსი ასევე ახსენებს ჩინეთის "სასტიკ ზეწოლას" პოლიტიკურ დისიდენტებზე ჰონგ კონგში და პეკინის მიერ მუსლიმი უიღურებისადმი და სხვა უმცირესობებისადმი მოპყრობას, რასაც აშშ გენოციდად მიიჩნევს.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ სამშაბათს თქვა, რომ აშშ-ის ის პოლიტიკოსები, რომლებიც "ცეცხლს ეთამაშებიან" ტაივანის საკითხზე, "კარგად არ დაასრულებენ".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ პელოსის ტაივანში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ აშშ არ წამოეგება მუქარებს ჩინეთის მხრიდან. კირბის თქმით, ეს ვიზიტი არც სუვერენიტეტის რაიმე საკითხის დარღვევას წარმოადგენს და არც ამერიკის ხანგრძლივი "ერთი ჩინეთის" პოლიტიკისა.

ტაივანის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, პრეზიდენტი ცაი ინვენი პელოსის ოთხშაბათს შეხვდება. სააგენტო "როიტერსი" ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასევე დანიშნულია პელოსის შეხვედრები აქტივისტებთან, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას.

ჩინეთი ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ვიზიტებს განიხილავს გამამხნევებელ სიგნალად პროდემოკრატიული ძალებისთვის ამ დემოკრატიულ, თვითმმართველ კუნძულზე. პეკინი ტაივანს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და აცხადებს, რომ მხოლოდ მის ხალხს შეუძლია დაადგინოს კუნძულის მომავალი.

XS
SM
MD
LG