Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრები მოსკოვში - კრემლი ბიჭვინთის მიწის მოლოდინშია, აფხაზები პროტესტისთვის ემზადებიან


ბიჭვინთა, სანატორიუმი "მიუსერა". 2022 წლის ივლისი.
ბიჭვინთა, სანატორიუმი "მიუსერა". 2022 წლის ივლისი.

აფხაზური საზოგადოების მღელვარების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ჩასვლა "დაბარებად" აღიქმება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის კრემლისგან მიიღებს ახალ დირექტივებს - როგორ გაართვას თავი ბიჭვინთის სანაპიროს რუსეთისთვის გადაცემის პრობლემას.

ასლან ბჟანიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა ოკუპირებულ აფხაზეთში კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რობერტ კიუტი.

ბოლო დროს, ჩანს, რუსეთის წნეხი გაიზარდა და აფხაზეთის ლიდერების მიერ დაპირებულ უძრავ ქონებას აფხაზეთში მივლენილი რუსეთის ახალი "ელჩიც" ითხოვს. ძირითადი შეთანხმება საიდუმლოდ დაიდო და 2022 წლის ზაფხულამდე აფხაზეთში არავინ იცოდა, რომ ბიჭვინთის ტერიტორიები ბჟანიას თავად პრეზიდენტმა პუტინმა ჯერ კიდევ 2020 წელს მოსთხოვა.

პარალელურად, ბევრი რამ მიუთითებს, რომ ხალხის მღელვარების პიკი ჯერ ისევ წინ არის - როცა, სავარაუდოდ, არდადეგებიდან დაბრუნებული ე.წ. პარლამენტის დღის წესრიგში ისევ დადგება იმ დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი, რომელიც ბიჭვინთის მიწისა თუ ზღვის საკმაოდ დიდი ნაწილის - რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს.

საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმს. პროტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოხატა.

მოსკოვში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 28 ივლისს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა მიიღო.

„მხარეებმა განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი და, კერძოდ, იმსჯელეს ავიამიმოსვლის განახლებაზე აფხაზეთის რესპუბლიკაში და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის განხორციელების საკითხებზე“, - ასეთია მოკლე ოფიციალური ცნობა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბჟანია მოსკოვში საკმაოდ ხშირად ჩადის და გულმოდგინედ ცდილობს კრემლის სურვილების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდან რუსეთისთვის სასურველ კანდიდატად სულაც არ მიიჩნეოდა.

27 ივლისს მან კიდევ ერთხელ მიიღო მოსკოვის მადლობა, უკრაინის ორი ოლქის - ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოცხადებისა და მათთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებისთვის. როგორც იგივე ოფიციალური წყარო იუწყება, ამჯერად მას მადლობა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გადაუხადა, მოსკოვთან მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში მასპინძლობისას და იქვე რუსეთის ღვაწლიც ხაზგასმით შეახსენა:

„შეხვედრის დროს საგნობრივად განიხილებოდა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა აგრძელებს განვითარებას, რუსეთი სრულყოფილად ასრულებს ნაკისრ სამოკავშირეო ვალდებულებებს, აფხაზეთს უწევს აუცილებელ დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას“.

ოფიციალური წყაროები არაფერს იუწყებიან საყვედურის შესახებ, რასაც, ექსპერტთა ვარაუდით, „პრეზიდენტი“ ბჟანია მიიღებდა, ჯერჯერობით შეუსრულებელი პირობის გამო.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ბჟანიას „სამუშაო ვიზიტი“ სინამდვილეში მოსკოვში „დაბარებას“ ნიშნავს.

„ანგარიშის ჩაბარება მოუწევს - რამდენად შეუძლია სიტუაციის კონტროლი და პროცესის ბოლომდე მიყვანა. თუ შეატყვეს, რომ ვერ აკონტროლებს, შეიძლება მოსკოვმა პირდაპირაც უთხრას - წადიო. საბოლოოდ, შეიძლება ბჟანიას შეცვლით დასრულდეს ეს პროცესი. მაგრამ რუსეთი თავისას მაინც გაიტანს - აფხაზები ვერ შეძლებენ სათანადო წინააღმდეგობის გაწევას - რუსეთის სამხედრო ბაზაა იქ, ყველანაირად რუსეთზე არიან დამოკიდებული, სამწუხაროდ“, - ეუბნება ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებას.

შეფერხებული მისია

ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტს წინ უსწრებდა ადგილობრივების აღშფოთება და რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის პროცესის შეფერხება.

აფხაზეთის „პარლამენტის“ კომიტეტის 7 ივლისის გადაწყვეტილების მიუხედავად, საკითხი 21 ივლისის სხდომაზე აღარ გავიდა და, როგორც სოხუმიდან იტყობინებიან, საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, ე.წ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა - დოკუმენტის "კონსტიტუციასთან" შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ხალხის მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამჟღავნდა, რომ რუსეთთან შეთანხმებას სოხუმის ლიდერებმა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში, საიდუმლოდ მოაწერეს ხელი.

ასლან ბჟანიამ სცადა ხალხის დამშვიდება - რეგიონები შემოიარა; ხმაურიანი შეხვედრებისას აფხაზებს რუსეთის მიერ გაკეთებული ყველა „სიკეთე“ დეტალურად შეახსენა და, ოფიციალური წყაროს მიხედვით, ისიც კი დაუთვლია, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ლიდერების დაახლოებით 30 შეხვედრა 50-საათიანი ხანგრძლივობის იყო და აქედან 48 საათი „ეძღვნებოდა აფხაზეთის პრობლემების განხილვას - როგორ და რით შეიძლებოდა მისი დახმარება“.

ბჟანიამ ხალხის გული ვერც იმით მოიგო, როცა გამოტყდა, რომ ბიჭვინთის სამთავრობო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნა პირადად მას პრეზიდენტმა პუტინმა „ჩვეული ტაქტით“ შეახსენა, როცა ისინი 2020 წლის ნოემბერში, სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს.

შეთანხმება, რომლის რატიფიცირებასაც ასე ითხოვს და მოელის რუსეთი, მისთვის მასშტაბური უძრავი ქონების გადაცემას გულისხმობს; ჩამონათვალშია:
  • ბიჭვინთის ცნობილი სამთავრობო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი; დოკუმენტის თანახმად, შენობები საკუთრების უფლებას, ხოლო მიწა 49-წლიან იჯარას ექვემდებარება.
  • მიწასთან ერთად რუსეთი შეძლებს მიიღოს ზღვის ნაწილიც - 115 ჰექტარი;
  • რუსეთისთვის არის გამიზნული ასევე ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული КГБ-ს სამმართველოს სამხედრო ქალაქის გადაცემა, ობიექტებით, რომლებიც განთავსებულია ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ტერიტორიაზე.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და ის გასხვისებას არ ექვემდებარება.

აფხაზი ხალხის აზრი და „კონსტიტუციასთან“ შესაბამისობა არ აინტერესებს აფხაზეთში რუსეთის ახალ „ელჩს“, მიხაილ შურგალინს.

„[ბიჭვინთის შესახებ - რთ] შეთანხმება სრულად შეესაბამება ორმხრივი რუსულ-აფხაზური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც ეფუძნება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს და ეყრდნობა რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების უპირობო მხარდაჭერას“, - „ელჩის“ სიტყვები 26 ივლისს „აფსნიპრესმა“ გაავრცელა.

მზადება პროტესტის ახალი ტალღისთვის

საპროტესტო ტალღა აფხაზეთში თითქოს ჩაცხრა მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ე.წ. პარლამენტის დღის წესრიგში ვერ მოხვდა იმ დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი, რომლის საფუძველზეც აფხაზეთის ლიდერებმა მოსკოვი უნდა დაასაჩუქრონ.

მაგრამ ყველა ელოდება, რომ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში ისევ დადგება.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“ სოხუმიდან იტყობინება, ადგილობრივი აქტივისტები და ვეტერანები სოხუმში გაშლილ კარვებში უკვე 22 ივლისიდან შიმშილობენ. ამჟამად ფიზიკურად დასუსტებული მოშიმშილეები ძალებს იკრებენ და უკმაყოფილო ხალხის გაერთიანებას ცდილობენ.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ პროტესტი თანდათანობით გაფართოვდება და შემოიკრებენ უამრავ ადამიანს, რომლებიც ასევე უკმაყოფილო არიან როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტისა და სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი დათმობებით. ისინი ვიდეომიმართვასაც ავრცელებენ სოციალურ ქსელში, სადაც აცხადებენ, რომ „უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლების ყველა შტოს კონსტიტუციის დარღვევისთვის“.

პარალელურად, გროვდება საპროტესტო ხელმოწერები და როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება, პეტიციას ხელი უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან ხშირად აღნიშნავდნენ, რომ აფხაზ ხალხს ყველაზე მეტად, თავიდანვე, სწორედ რუსეთის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების დატაცების ეშინოდა და სხვადასხვა დროს არაერთ ასეთ მცდელობას აპროტესტებდა კიდეც; მაგრამ როგორც ბენდიანიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, „აფხაზებმა ახლა პირველად იგრძნეს „სამშობლოს“ დაკარგვის საფრთხე“ და ეს, როგორც ამბობს, აფხაზი აქტივისტებისგან ახლო წარსულში, ერევანში გამართული შეხვედრის დროსაც აშკარად იგრძნო.

„ისინი მზად არიან, რომ მკვეთრ საპროტესტო ღონისძიებებში ჩაერთონ“, - ეუბნება ექსპერტი რადიო თავისუფლებას.

თბილისის დუმილი

პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობო სექტორის მრავალი მოწოდებისა და კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დუმს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის ოფიციალურად გადაცემის საკითხზე. რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 28 ივლისსაც მიმართა. უწყებაში ამ საკითხზე ამ დრომდე განცხადება და კომენტარები არ გაკეთებულა.

კრიტიკის პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ - ყველა ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე იდგმება.

ზურაბ ბენდიანიშვილს არ ესმის, „ერთ საპროტესტო განცხადებას მაინც რა უდგას წინ“, მით უფრო ახლა, „იშვიათ მომენტში“, როცა „აფხაზი ხალხისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.

ბიჭვინთის გარეშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის დუმილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა.

„ყველა კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე - დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ის ვნებათაღელვა [სანაპირო ზოლის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის გამო] - საქართველოს არ ეხება?! .... რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს - ვაიმე, რამე არ თქვას და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

თავად პრეზიდენტმა 26 ივლისს ტვიტერზე დაწერა, რომ გმობს ბიჭვინთაში გამოვლენილი „ანექსიის ფორმას“ და საერთაშორისო საზოგადოებას „მკვეთრი რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG